სერბი მწვრთნელით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში


საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ახალი მწვრთნელი, სერბი ჯორჯე რასიჩი უხელმძღვანელებს.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ოქტომბერში იწყება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ლიტვასთან, თურქეთთან და ფინეთთან ერთად მოხვდა. პირველი მატჩი ეროვნულ გუნდს 30 ოქტომბერს ლიტვაში აქვს, ხოლო 2 ნოემბერს ფინეთს მასპინძლობს. მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ერთი გუნდი გადის.

ჯორჯე რასიჩმა უკვე გამართა პირველი საწვრთნელი სესია საქართველოს ნაკრების იმ კანდიდატებთან, ვინც ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს. მასთან ერთად სამწვრთნელო შტაბში არიან ირაკლი კეკელიძე და ბექარ ორჯონიკიძე.

ჯორჯე რასიჩი (Djordje Rasic) 55 წლისაა. ის 12 სეზონი თამაშობდა მეტალოპლასტიკაში, შვიდჯერ გახდა იუგოსლავიის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი (1985, 86). უთამაშია აგრეთვე ფრანგულ ლილში და სხვადასხვა ესპანურ კლუბებში (ტეკა, ავილესი, პონტევედრა, კანგასი).

როგორც მწვრთნელს, რასიჩს ქვეყნის ჩემპიონები გაუხდია მეტალოპლასტიკა (სერბეთი), ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო), ტატრანი (სლოვაკეთი), ლიბანის ალ სადთან ერთად მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და აზიის ჩემპიონთა ლიგა (2010), ხოლო სერბულ ნაპრედაკში – ევროპული ჩელენჯ კაპი (1999). უმუშავია რუმინეთში, უნგრეთსა და ესპანეთშიც (სუიდად რეალი). მწვრთნელ რასიჩის ანგარიშზე 22 საკლუბო ჯილდოა.

სანაკრებო დონეზე რასიჩს გაუწვრთნია იუგოსლავიის გოგონათა ნაკრები, ამავე ქვეყნის ქალთა ეროვნული გუნდი (4 ადგილი ხმელთაშუა ზღვის თამაშებზე, 2001) და სერბეთ-მონტენეგროს ჭაბუკთა ნაკრები (4 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე, 2006).

 

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. ევროპის პირველი ეტაპი

 

1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი

30 ოქტომბერი: ლიტვა – საქართველო, ფინეთი – თურქეთი

3 ნოემბერი: თურქეთი – ლიტვა, საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი – ლიტვა, თურქეთი – საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა – ფინეთი, საქართველო – თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა – თურქეთი, ფინეთი – საქართველო

 

2 ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია

3 ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი

4 ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია

5 ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი

 

ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ ევროპის ზონის პლეიოფში, სადაც 5 გუნდს დაემატება კიდევ 13 ევროპული ნაკრები. 18 გუნდი დაწყვილდება და მსოფლიო ჩემპიონატის 9 მონაწილეს გამოავლენს. ორმატჩიანი პლეიოფი, შინ და სტუმრად სისტემით, 2014 წლის ივნისში გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში, 24 გუნდის მონაწილეობით, იმართება ყატარში. მასპინძელი, ყატარი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ტურნირში შერჩევის გარეშე იასპარეზებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს გამოყოფილი.

3 საგზურს მიიღებს ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი (ესპანეთის გარდა), ხოლო დანარჩენი 12 მონაწილე ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია, როგორც საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრები და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული.

პლეიოფის პოტენციური მონაწილეები არიან დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი და მონტენეგრო, რომლებიც ესპანეთთან ერთად 2014 წლის იანვარში ითამაშებენ დანიაში, ევროპის ჩემპიონატზე. პირდაპირ პლეიოფშია დაშვებული გერმანია.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი თბილისში ახლა 18 ოქტომბერს ჩამოვა და დაიწყებს უშუალო მზადებას შესარჩევი ტურნირისთვის. ნაკრებს ამ დროისთვის დაემატებიან ლეგიონერები – შოთა თევზაძე, რევაზ ჭანტურია, სერგო დათუკაშვილი, ვლადიმერ რუსია და ირაკლი ჩიქოვანი.

საქართველოს ნაკრების კანდიდატები: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე – ილია გოგოლაძე, ზურაბ აბრამიშვილი, რევაზ ჭანტურია, ოთარ ამირანაშვილი, რატი მსხვილიძე, სერგო დათუკაშვილი, ვლადიმერ რუსია, ირაკლი ჩიქოვანი, ლევან ბერძენიშვილი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, აკაკი ტალახაძე, უჩა გამზარდია, ზურაბ სიმონია, უჩა მაისურაძე, გიორგი გვაზავა.

 

Leave a Reply