ukr

საქართველო 2018 წლის ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატს უმასპინძლებს

2018 წლის 13-18 აგვისტოს საქართველოს ხელბურთის ფედერაცია უმასპინძლებს კიდევ ერთ ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირს – თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება ევროპის თვრამეტწლამდელ ჭაბუკთა ჩემპიონატი. გადაწყვეტილება მიიღო ხელბურთის ევროპული ფედერაციის აღმასკომმა.

ანალოგიური შეჯიბრება უკვე მიგვიღია 2016 წლის აგვისტოში – მაშინ ეს იყო 1998 წლებში და გვიან დაბადებულთ ტურნირი, გაისად კი საქმეში ჩაებმება 2000 წლებში დაბადებულთა ნაკრები, რომლის მწვრთნელია ტიტე კალანდაძე. 

ევროპის ხელბურთის ფედერაცია უკვე ასრულებს ასაკობრივი ჩემპიონატების რეფორმას. უკვე ორივე ასაკობრივ ჯგუფში, 18 და 20-წლამდელებში, შესარჩევი ტურნირები გაუქმდა და შეჯიბრება ორ დონედ დაიყო. რეიტინგით საუკეთესო 16 გუნდი თამაშობს პირველ დონეზე, რომელსააც ჰქვია EHF Euro, ხოლო დანარჩენი გუნდები თამაშობენ მეორე დონეზე – EHF Championship.

2018  წლის თვრამეტწლამდელთა ევროს უმასპინძლებს ხორვატია, ხოლო ჩემპიონატებს – ავსტრიის ქალაქი ტულნი და თბილისი. თბილისში ითამაშებს 11 გუნდი, ხოლო ტურნირის გამარჯვებული მიიღებს 2020 წელს, ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე უძლიერეს 16 გუნდს შორის თამაშის უფლებას. მონაწილე გუნდები თბილისსა და ტულნს შორის გადანაწილდება 2017 წლის სექტემბერში, ვენაში, სადაც გაიმართება წილისყრის პროცედურა.

2018 წელს ანალოგიური ტურნირი უწევს ჩვენს ახალგაზრდულ, 20 წლამდელთა ნაკრებს. აქ მთავარი ტურნირი გაიმართება სლოვენიაში, ხოლო ჩემპიონატები – მაკედონიასა და მონტენეგროში. თუმცა, იქამდე, 1998 წლებში დაბადებულთა ნაკრებს უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრება აქვს – 2017 წლის აგვისტოში თბილისი მასპინძლობს ცხრამეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს მსოფლიოს უძლიერესი 24 ნაკრების მონაწილეობით. ტურნირს ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს 8-20 აგვისტოს. უკვე ცნობილია 19 მონაწილე. აპრილში გაიმართება ამერიკის კონფედერაციის შესარჩევი ტურნირი, რომელიც გამოავლენს ბოლო 5 ფინალისტს, ხოლო მაისში, ბაზელში წილისყრაც გაიმართება.

Leave a Reply