საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა “ოლიმპიამ”, ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა ბსბ-მ
საქართველოს ქალთა და კაცთა ეროვნული ჩემპიონატებისთვის კულმინაციური 28-29 მაისი იყო, თავისი ოთხთა ფინალებით და ჩემპიონ-პრიზიორების გამოვლენით. ასევე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში სეზონის საუკეთესო მოთამაშეები, იქამდე კი იყო შეხვედრები მესამე ადგილებისთვის და ფინალები.
ბათუმის „ბსბ“, რომელიც საქართველოს XXXVI ეროვნულ პირველობას ჩემპიონის რანგში შეუდგა, ახალ სეზონში კვლავაც მოქმედი ჩემპიონის რანგში იასპარეზებს. ბათუმელებმა ოქროს მედლებისთვის შეხვედრაში „სტუ-პეგასი“ 29:23 დაამარცხეს და მეცხრედ მოიპოვეს ქვეყნის საუკეთესო გუნდის სახელი.
ბათუმელებს შესაშური სეზონი ჰქონდათ ასაკობრივ ჩემპიონატებშიც. მათ შორის, 14 წლამდე ჭაბუკთა შორის იზეიმეს ჩემპიონობა, 12 წლამდე გოგონებში კი მესამე ადგილი დაიკავეს. ასევე მესამე ადგილი დაიკავეს დღეს, ქალთა ჩემპიონატშიც.
გარდა ამისა, საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ტრიუმფატორმა ცოტა ხნით ადრე იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასიც მოიგო.

„დავიწყოთ იქიდან, რომ „იმედოს თასი“ ავიღეთ. ჩემთვის ეს თასი განსაკუთრებული იყო, ჯერ იმიტომ, რომ იმედოსთან ხუთი წლის განმავლობაში ვთამაშობდი. იმედოს თასი მერვედ მოვიგეთ, ახლა კი მეცხრედ გავხდით ჩემპიონები, — შედეგებით კმაყოფილი აცხადებს ბათუმელთა მწვრთნელი ამირან კომახიძე. — ჩვენი გუნდის სიძლიერე იმაშია, რომ, ასე ვთქვათ, ჩემი თამადობით, ხუთი თაობისგან შედგება. დიდი ოჯახი გვყავს, ყველა ერთნი ვართ და სწორედ ეს გვიწყობს ხელს წარმატებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარში გვედგა, მათ შორის, მერიას, სპორტის სამსახურს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ფედერაციას“.
ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ერთმანეთში მოუწიათ ურთიერთობის გარკვევა „სამტრედიასა“ და „ქუთაისი-2015“-ს. იმერული დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და ბრინჯაოს პრიზიორთა გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო. ამ შემთხვევაში, უკეთესები აღმოჩნდნენ სამტრედიელები (38:37) და ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულეს.
საქართველოს ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით, სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ საუკეთესოები. 134 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა ვახტანგ ხელისუფალი („სამტრედია“). საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს ნიკოლოზ მამულაშვილი („სტუ-პეგასი“), ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა ალექსანდრე ხანდოლიშვილი („ბსბ“).
ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „ბსგ“-მ „მართვე“ 23-ბურთიანი უპირატესობით — 43:20 დაამარცხა.
ოქროს მედლებისთვის შეხვედრაში ასევე დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა „ოლიმპია-აკადემიამ“. ინა ჭკუასელის გუნდმა „ოქროს ვერძი“ (ფოთი) 27:17 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე, ჭკუასელის ხელმძღვანელობით, „ოლიმპია-აკადემიამ“ 16 წლამდე გოგონათა შორისაც მოიპოვა ჩემპიონობა.

ინა ჭკუასელი: „გამოვიარეთ ქვედა ლიგა, მოვიგეთ თამაშები, დავწინაურდით უმაღლესში… არცერთი წრე არ წაგვიგია, ვითამაშეთ ოთხთა ფინალი და ასე მოვედით ჩემპიონობამდე. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა, გვგულშემატკივრობდა“, — ჩემპიონატის მოგების შემდეგ აცხადებდა სამწვრთნელო დუბლის ავტორი ინა ჭკუასელი.
ქალთა ეროვნული ჩემპიონატიდან 89 გოლით ბომბარდირი გახდა დიანა არაბიძე („ბსგ“), საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა ლიზი კვესელავა („ოქროს ვერძი“), ხოლო MVP-ის წოდება ერგო თეკლა ძამუნაშვილს („ოლიმპია-აკადემია“).
ჩემპიონებს და პრიზიორებს თასები და მედლები გადასცეს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ლევან სალუქვაძემ, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ლევან გელაშვილმა, ასევე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა შოთა თევზაძემ, ნაკრების მოთამაშეებმა ირაკლი კბილაშვილმა და თეიმურაზ ორჯონიკიძემ.
