gnhf-rrr

როგორ დასრულდება ხელბურთის სეზონი?

ევროპის ხელბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა 2019-20 სეზონის დასკვნითი ნაწილის საბოლოო კალენდარი. ტურნირების უმეტესობა გაუქმებულია. დასახელდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტები.   

უპირველესად, იმ სანაკრებო შეჯიბრებების შესახებ, რომელშიც საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ: ვაჟთა 18 და 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატები 2020 წლის აგვისტოში ვერ გაიმართება. განიხილება საკითხი, რომ ეს ორი ტურნირი გადაიტანონ 2021 წლის იანვარში. გადაწყვეტილება ივნისში გამოცხადდება. 16-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (ივლისი, შვედეთი), გაუქმდა. გაუქმდა ქვიშის ხელბურთის ევროპის ჩემპიონატიც, რომელიც უნდა გამართულიყო 3-5 ივლისს ბათუმსა და სალონიკიში.

სანაკრებო დონეზე, გაუქმდა 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის ორივე სტადია კაცთა შორის. მსოფლიო ჩემპიონატის 10 საგზური ევროპის ფედერაციამ ევრო 2020 შედეგების მიხედვით გაანაწილა:  მსოფლიო ჩემპიონატზე, ეგვიპტეში ითამაშებენ სლოვენია, გერმანია, პორტუგალია, შვედეთი, ავსტრია, უნგრეთი, ბელარუსი, ისლანდია, ჩეხეთი, საფრანგეთი (დანიას, ესპანეთს, ხორვატიას და ნორვეგიას საგზური ადრე ჰქონდათ მოპოვებული). ტურნირს ეგვიპტე მასპინძლობს 2021 წლის იანვარში.

გაუქმდა ქალთა ევრო 2020-ის დარჩენილი შესარჩევი მატჩები. ევრო 2020-ის საგზურები დარიგდა ევროპის წინა ჩემპიონატის შედეგების მიხედვით: საფრანგეთი, რუსეთი, ჰოლანდია, რუმინეთი, შვედეთი, უნგრეთი, მონტენეგრო, გერმანია, სერბეთი, ესპანეთი, სლოვენია, პოლონეთი, ჩეხეთი, ხორვატია. ნორვეგია და დანია ტურნირის მასპინძლები არიან. შეჯიბრება 2020 წლის დეკემბერში იმართება.

ტოკიოს ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირები ქალთა და კაცთა შორის 2021 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

საკლუბო დონეზე: გაუქმდა EHF თასისა და ჩელენჯ კაპის ყველა დარჩენილი მატჩი როგორც ქალთა, ასევე კაცთა გუნდებს შორის.

კაცთა ჩემპიონთა ლიგაში გაუქმდა მერვედფინალი და მეოთხედფინალი, გაიმართება მხოლოდ ფინალური ოთხეულის ტურნირი. 4 ნახევარფინალისტად შეირჩა ჯგუფურ ეტაპზე 1-2 ადგილზე გასული გუნდები. ბარსელონა, პარი სენ ჟერმენი, კილი, ვესპრემი. ტურნირი გაიმართება 28-29 დეკემბერს კიოლნში.

ქალთა ჩემპიონთა ლიგაში განხილვის სტადიაშია მეოთხედფინალის გამართვის შესაძლებლობა. თუ ფინალური ოთხეული გაიმართება 5-6 სექტემბერს (ბუდაპეშტი), მაშინ შესაძლებელი იქნება  მეოთხედფინალის თამაში 3 სექტემბერს. თუ ტურნირი ოქტომბრისთვის გადაიდო, მაშინ გაიმართება პირდაპირ ნახევარფინალი, რომელშიც ითამაშებენ ჯგუფებში 1-2 ადგილზე გასული გუნდები: მეცი, ესბიერგი, დიორი, ბრესტ-ბრეტონი.

რაც შეეხება საქართველოს ფედერაციის ეგიდით გასამართ ტურნირებს. საქართველოს მთავრობამ დღეს გამოაქვეყნა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მიხედვითაც, გასართობ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და შემოქმედებით საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნა იგეგმება 6 ივლისიდან. საქართველოს ხელბურთის ფედერაცია გადაწყვეტილებას 2019-20 სეზონის შესახებ ამ გეგმის მიხედვით მიიღებს.

Leave a Reply