საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებისთვის EHF-ის ჩემპიონატის მეორე მატჩი წარუმატებელი გამოდგა
ვაჟთა შორის 20-წლამდელთა EHF-ის ჩემპიონატზე (Men’s 20 EHF Championship), რომელსაც პრიშტინა (კოსოვო) მასპინძლობს, საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე მასპინძელი კოსოვოს ნაკრები იყო.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებისთვის კოსოვოსთან შეხვედრაც წარუმატებელი გამოდგა. მასპინძლებმა, საწყისი წუთების გარდა, ჩვენი გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში მდევრის როლში ამყოფეს და 29:21 (14:8) გამარჯვება მოიპოვეს. ორივე ნაკრებიდან 8 ბურთით ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ მამულაშვილი გახდა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან 24:33 დამარცხდა. ჩვენი გუნდი მესამე მატჩს 15 ივლისს, იტალიის წინააღმდეგ გამართავს.
ჩემპიონატზე საქართველოს გარდა კიდევ ხუთი ნაკრებია წარმოდგენილი: მონტენეგრო, იტალია, ესტონეთი, ნიდერლანდები და მასპინძელი კოსოვო.
ტურნირი წრიული სისტემით მიმდინარეობს, სადაც ექვსივე მონაწილე ერთმანეთს თითოჯერ დაუპირისპირდება.
ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს; მესამე და მეოთხე ადგილოსნები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ, ხოლო მეხუთე და მეექვსე პოზიციებზე გასული ნაკრებები მე-5 და მე-6 ადგილებს გაინაწილებენ.
საქართველოს ნაკრები: საბა დიასამიძე, თორნიკე გაგუა, გიორგი კენჭაძე; ალექსანდრე შიოშვილი (5 ბურთი), ვახტანგ ხარებაშვილი (3), ნიკოლოზ ბიბლაია (3), გიორგი კაპანაძე (1), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), ნიკოლოზ მამულაშვილი (8), საბა შუბაშიშვილი, ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე, გიორგი მაზანიშვილი, დემეტრე თორია, ვანო გურგენიძე, ანდრია ბურჯალიანი.
მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე
მწვრთნელები: გიორგი კობელაშვილი, ალექსანდრე ჯღამაძე












