EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

პოლონეთმა პირველად წააგო, ნორვეგია ლიდერია

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი წააგო პოლონეთმა – ტურნირის მასპინძლები ნორვეგიელებმა დაამარცხეს – 30-28. საფრანგეთმა მოუგო ხორვატიას – 32-24.

ფრანგები უკვე მეორე ნახევრის დასაწყისში 21-11 უგებდნენ ხორვატიას და გამარჯვებულის ვინაობა გარკვეული იყო. ევროპის მოქმედ ჩემპიონს 4 თამაშიდან 3 მოგება აქვს და 27 იანვრამდე ისვენებს, მთავარი რაუნდის ბოლო დღეს კი უმნიშვნელოვანესი თამაში ექნება ნორვეგიასთან.

ნორვეგია კი ძალიან უსიამოვნო გუნდია ყველა მეტოქისთვის. გუნდის მთავარი იარაღია უსწრაფესი გადასვლა შეტევაში. პოლონეთთან ნორვეგიამ 8 გოლი გაიტანა სწრაფი გარღვევის შემდეგ (გამოირჩევა მარცხენა გარემარბი ბიორნსენი), პოლონელებს კი სულ 1 ფასტბრეიკი ჰქონდათ. თუ პირველი შეტევა არ გამოვიდა, უკანა ხაზი (ლიე-ჰანსენი, საგოსენი, ტონესენი, ოსალივანი) ასევე სწრაფად ათამაშებს ბურთს და სწრაფადვე ესვრის, ასეთი სტილი კი ძალიან დამღლელია მეტოქისთვის.

პოლონეთს რომ მოეგო, პირველ ჯგუფში თითქმის ყველაფერი გარკვეული იქნებოდა – მასპინძლები და ფრანგები 90 პროცენტით ნახევარფინალში გავიდოდნენ, მაგრამ პოლონეთი მხოლოდ დასაწყისში იგებდა, მე-20 წუთზე კი ნორვეგია პირველად გავიდა წინ, 10-9, მასპინძლები კი მატჩის ბოლომდე მდევრები იყვნენ. მაქსიმალური სხვაობა სულ 3 ბურთი იყო, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიამ მძიმეა, როცა შენს თითქმის ყველა შედეგიან შეტევას მოჰყვება მეტოქის სწრაფი გოლი. მასპინძლებმა ოთხჯერ შეამცირეს სხვაობა ერთამდე, ბოლოს – დასრულებამდე 2 წუთით ადრე, როდესაც მიხალ შიბამ გაიტანა – 28-29, მაგრამ ტონესენმა იქვე უპასუხა და როცა დასრულებამდე 52 წამით ადრე მიხალ იურეცკიმ ააცილა, ცხადი გახდა, რომ ნორვეგიამ მოიგო – 30-28.

პოლონეთის ნაკრებში 42-დან 30 დარტყმა შეასრულა ორმა მოთამაშემ, კაროლ ბელეცკიმ და მიხალ იურეცკიმ (ჯამში – 19 გოლი) და მათ მხოლოდ შიბა მიეშველა თამაშის ბოლოს, ორმა მეკარემ კი სულ 5 ბურთი მოიგერია, იმდენად მწყობრად უტევდა ნორვეგია.

ამგვარად, ნახევარფინალში გასასვლელად სამი გუნდი იბრძვის – ნორვეგია, საფრანგეთი და პოლონეთი (ხორვატიას მხოლოდ თეორიული შანსი აქვს, რადგანაც მაქსიმუმ 6 ქულას დააგროვებს და პირადი მატჩი ნორვეგიასთანაც წაგებული აქვს და ფრანგებთანაც). თუ უკანა სამეულმა (მაკედონია, ხორვატია, ბელარუსი) ლიდერებს (ნორვეგია, საფრანგეთი, პოლონეთი) ქულები ვერ დააკარგვინა, მაშინ გადამწყვეტი აღმოჩნდება ბოლო ტურის მატჩი, საფრანგეთი-ნორვეგია. და ფრანგები მძიმე მდგომარეობაში იქნებიან, რადგანაც პოლონეთთან 6 ბურთით წააგეს. შესაბამისად, თუ სამმა გუნდმა დააგროვა 8 ქულა, პოლონეთი ნახევარფინალში გავა (+6 ფრანგებთან და -2 ნორვეგიასთან), ხოლო ფრანგებს ნორვეგია 4 ან 5 ბურთით ეყოლებათ დასამარცხებელი.

დღეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია მეორე ჯგუფში – რუსეთი-გერმანია და დანია-ესპანეთი. სწორედ ეს 4 გუნდი იბრძვის ნახევარფინალისთვის.

ყველა მატჩის ცოცხლად ნახვა შეგიძლიათ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ინტერნეტ-ტელევიზიით. აქვეა ყველა თამაშის ჩანაწერი: http://www.ehftv.com/int

ხელბურთი. ევროპის მე-12 ჩემპიონატი. კაცები. 15-31 იანვარი, 2016. პოლონეთი.

მთავარი რაუნდი: მეორე ჯგუფური ეტაპი

23 იანვარი. 1 ჯგუფი. კრაკოვი, ტაურონ არენა (15 000)

საფრანგეთი-ხორვატია 32-24

საფ: აბალო 6, გიგუ 5 (4პ), ნარსისი 4, სორენდო 4, პორტი 4 – ომაიერი 16/40-40%

ხორ: დუვნიაკი 5, სლიშკოვიჩი 3, კოპლიარი 3, ჰორვატი 3, კოვაჩევიჩი 3

პოლონეთი-ნორვეგია 28-30

პოლ: ბელეცკი 15/10, მ. იურეცკი 15/9, შიბა 3/3 – შმალი, ვიშომირსკი 5/35-14%

ნორ: ჰანსენი 11/8, ტონესენი 6, იონდალი 5, ბიორნსენი 4, საგოსენი 4 – კრისტიანსენი 7/34-21%

ნორვეგია 3 თამაში/6 ქულა, საფრანგეთი 4/6, პოლონეთი 3/4, ხორვატია 4/4, მაკედონია 3/0, ბელარუსი 3/0

1 ეტაპი: საფ-მკდ 30-23, მკდ-პოლ 23-24 საფ-პოლ 25-31, ხორ – ბლრ 27-21, ნორ-ხორ 34-31, ბლრ-ნორ 27-29

21 იან. საფრანგეთი-ბელარუსი 34-23, მაკედონია-ხორვატია 24-34

25 იან. 21:15 მაკედონია-ნორვეგია, 23:30 პოლონეთი-ბელარუსი

27 იან. 19:00 მაკედონია-ბელარუსი, 21:15 საფრანგეთი-ნორვეგია, 23:30 პოლონეთი-ხორვატია

24 იანვარი. 2 ჯგუფი. ვროცლავი. სენტენიალ არენა (8 000)

21:15 გერმანია-რუსეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/431846-2016-01-24-ehf-mens-euro-2016-main-round

23:30 ესპანეთი-დანია

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-01-24-ehf-mens-euro-2016-main-round

დანია 2 მატჩი/4 ქულა, ესპანეთი 2/4, გერმანია 3/4, რუსეთი 3/3, შვედეთი 3/1, უნგრეთი 3/0

1 ეტაპი. ესპ-გერ 32-29, გერ-შვდ 27-26, ესპ-შვდ 24-22, დან-რუს 31-25, რუს-უნგ 27-26, დანია-უნგ 30-22

22 იან. გერმანია-უნგრეთი 29-19. შვედეთი-რუსეთი 28-28

26 იან. 21:15 ესპანეთი-უნგრეთი, 23:30 შვედეთი-დანია

27 იან. 19:00 შვედეთი-უნგრეთი, 21:15 გერმანია-დანია, 23:30 ესპანეთი-რუსეთი

29 იანვარი. ნახევარფინალი. 21:30, 24:00 – კრაკოვი 19:00, 21:30.

მატჩები 5-6 და 7-8 ადგილისთვის – ვროცლავი

31 იანვარი. 18:00 3-4 ადგილები, 20:30 ფინალი – კრაკოვი

Leave a Reply