gggg

პლაჟის ხელბურთის სეზონი ახლოვდება

ახლოვდება პლაჟის ხელბურთის სეზონი. მაისის ბოლოს იწყება საქართველოს ჩემპიონატი, ხოლო ივლისში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ სასწავლო-სალიცენზიო სემინარი გამართა.

ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპლაჟო ჩემპიონატში მონაწილე ყველა კლუბს მინიმუმ ერთი ლიცენზირებული მწვრთნელი უნდა ჰყავდეს. სემინარის პირველი ეტაპი 15 აპრილს გაიმართა სპორტკომპლექს არენაში და მასში მონაწილე ოცამდე მწვრთნელმა შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო. მეცადინეობას უძღვებოდნენ ლევან გელაშვილი, რომელიც ფედერაციაში პლაჟის ხელბურთის საკითხებს კურირებს და საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე.

რაც შეეხება მომავალ სეზონს, საქართველოს ჩემპიონატი, ქალთა და ვაჟთა შორის, წლეულს ზედიზედ მესამედ გაიმართება. საზაფხულო სეზონზე დაგეგმილია 4 ეტაპი – ყვარელში, ურეკში, წყალტუბოსა და ბათუმში. წყალტუბო პლაჟის ხელბურთისთვის ახალი ასპარეზია და იქ ქალაქის ცენტრში იგეგმება მოედნის მოწყობა.

რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირებს, საქართველოს თექვსმეტწლამდელთა ნაკრები 8-10 ივლისს, პორტუგალიის კურორტ ნაზარეში, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. შარშან ჩვენმა ცხრამეტწლამდელთა ნაკრებმა ანალოგიურ შეჯიბრებაში მერვე ადგილი დაიკავა.

პლაჟის ხელბურთი. ევროპის 16 წ ჩემპიონატი. ნაზარე, პორტუგალია. 8-10 ივლისი, 2016

A ჯგუფი: პორტუგალია, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი

B ჯგუფი: შვეიცარია, რუსეთი, ჰოლანდია, ბულგარეთი

C ჯგუფი: ესპანეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უკრაინა

D ჯგუფი: უნგრეთი, ხორვატია,გერმანია, იტალია

Leave a Reply