gnhf-rrr

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს იტალიაში ვითამაშებთ

ხელბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდს იტალიის, რუმინეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ 10-12 იანვარს, იტალიაში ითამაშებს, ხოლო ევრო 2022-ის მთავარს საკვალიფიკაციო რაუნდში გასასვლელ პლეიოფს, ფინეთის წინააღმდეგ – 19-26 იანვრის შუალედში. 

უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელი მეორე ეტაპის, პლეიოფის საგზურს იღებს 4 ჯგუფის თითო გამარჯვებული. პლეიოფი 2020 წლის აპრილსა და ივნისში გაიმართება.

პირველი ეტაპის 4 შესარჩევი ჯგუფის წილისყრა ივლისში გაიმართა. 4 ჯგუფიდან მხოლოდ მეორე ჯგუფმა (ისრაელი, საბერძნეთი, ფინეთი, კვიპროსი) არჩია ორ წრედ და მიმოსვლით თამაში. ეს შეჯიბრება 23 ოქტომბერს დაიწყება და 12 იანვარს დასრულდება.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციასაც მიმოსვლით თამაში ერჩივნა, თუმცა, ჩვენმა სამივე მეტოქემ – იტალიამ, რუმინეთმა და კოსოვომ ერთწრიანი ტურნირი ამჯობინა, ასეთ შემთხვევაში კი უმრავლესობის აზრი იმარჯვებს, ხოლო ტურნირის მასპინძელ ქვეყანას წილისყრა ადგენს.

წილისყრა დღეს გაიმართა და მასპინძლობის უფლება იტალიას, ლიტვასა და თურქეთს ერგოთ. მეორე პრიორიტეტი ჩვენს ჯგუფში საქართველოს აქვს, მაგრამ იტალიის ფედერაცია ნამდვილად აპირებს კვალიფიკაციის მასპინძლობას და დრო და ადგილიც შერჩეული აქვს – ქალაქი პესკარა, 2020 წლის 10-12 იანვარი. კლასიკური განრიგით, პირველ ტურში რუმინეთთან თამაში გვიწევს, 11 იანვარს – იტალიასთან, ხოლო 12 იანვარს – კოსოვოსთან.

რაც შეეხება ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი შესარჩევი ტურნირის მეორე რაუნდს, პლეიოფს, აქ ივლისში მეტოქედ გვერგო ფინეთი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს მიმოსვლით თამაშობს და ექვსივე სათამაშო დღე ოქტომბერსა და იანვრის პირველ ნახევარში დაკავებული აქვს. შესაბამისად, რჩება ერთადერთი შუალედი – 19-დან 26 იანვრამდე. ზუსტ სათამაშო დღეებს ევროპის ფედერაცია დაასახელებს, ხოლო წინასწარ ისაა ცნობილი, რომ პირველი მატჩი საქართველოში გაიმართება.

საქართველო-ფინეთისა და კიდევ ორი წყვილის გამარჯვებულები 2020 წლის ოქტომბრიდან ჩაებმებიან ორწრიან შესარჩევ ტურნირში, რომელშიც მონაწილეობს ევროპის უძლიერესი 32 გუნდი. შეიქმნება 8 ოთხგუნდიანი ჯგუფი. ფინალურ ეტაპზე გავა ჯგუფების 2-2 საუკეთესო ნაკრები და ჯგუფებს შორის 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი.

ევროპის ჩემპიონატი  გაიმართება 2022 წლის იანვარში სლოვაკეთსა და უნგრეთში, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატს 2021 წლის იმავე თვეში ეგვიპტე მასპინძლობს.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

ოქტომბერი 2019-იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ პლეიოფში

1 ჯგუფი. ლიტვა, სლოვაკეთი, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი – ლიტვაში

2 ჯგუფი. ისრაელი, საბერძნეთი, ფინეთი, კვიპროსი – მიმოსვლით, ორ წრედ

3 ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო – იტალიაში

4 ჯგუფი. თურქეთი, ბელგია, ესტონეთი – თურქეთში

 

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი

ოქტომბერი 2019-იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში

საქართველო-ფინეთი – ორი მატჩი, მიმოსვლით, 2020 წლის 19-26 იანვარს

ლუქსემბურგი – ესტონეთი, კვიპროსი – ბელგია

Leave a Reply