ლევან გელაშვილი: “ვფიქრობ, ლატვიელი მენტორის მეცადინეობები ნაყოფს გამოიღებს”
საქართველოს რამდენიმე დღით საერთაშორისო კატეგორიის ყოფილი მსაჯი, დღეს კი მსაჯთა მენტორი ლატვიელი ზიგმარს სონდორსი სტუმრობდა. მისი მეცადინეობით საქართველოს მსაჯთა კორპუსს და დელეგატებს ჩაუტარდათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები.
სემინარებს უშუალოდ ესწრებოდა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი და საერთაშორისო კატეგორიის დელეგატი ლევან გელაშვილი.

„ევროპის ხელბურთის ფედერაციას აქვს სპეციალური პროგრამა. კერძოდ, იმ ქვეყნებში, სადაც მსაჯობის კულტურა განვითარების პროცესშია, მათთვის შემუშავებულია ერთგვარი დახმარების პროგრამა. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ჩართულობით საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისო კატეგორიის ყოფილი მსაჯი, ზიგმარს სონდორსი. – ვითარებაში გვარკვევს ლევან გელაშვილი. – სემინარი, რომელიც ერთი კვირა გრძელდებოდა, ითვალისწინებდა როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. თეორიული მეცადინეობები მოიცავდა სხვადასხვა სათამაშო წესების განხილვას, მათ აღქმას და შემდგომში ამ წესების პრაქტიკაში ჩვენებას.
ჩვენს მენტორს დამუშავებული ჰქონდა სპეციფიკური საკითხები (პროგრესული დაჯარიმება, ორწუთიანი გაძევება, დისკვალიფიკაცია, სპეციფიკური სიტუაციების, როგორიც არის კუთხიდან გრძელი ნაბიჯის გაკეთება, მცველის გაგდება, ხაზთან ჯაჯგური, პასიური თამაში, ცენტრიდან სწრაფი დაწყება, თავისუფალ სიტუაციაში მეკარისთვის თავში ბურთის გარტყმა…), როგორც თეორიულად, ისე ვიდეო ჩვენებებით. საინტერესო იყო იმიტირებული სათამაშო პროცესის შექმნაც, სადაც ჩვენი მსაჯები თავად იღებდნენ გადაწყვეტილებას.
მნიშვნელოვანი იყო მეცადინეობისთვის საგანგებოდ შერჩეული თარიღები, რომელიც ჩემპიონატის პარალელურად წარიმართებოდა და დატვირთულ კვირას მოგვცემდა. ასე მაგალითად, დილით თეორიას გავდიოდით, შემდეგ გვქონდა სასკოლო ფესტივალი, სადაც ჩვენს ახალგაზრდა მსაჯებს უშუალოდ მოედანზე აკვირდებოდა ჩვენი მენტორი, მითითებებს აძლევდა და ასწავლიდა გარკვეულ ჟესტიკულაციებს, მოედანზე პოზიციონირებას, სხვადასხვა ვითარებაში სწრაფი გამოსავლის მოძებნას და კონფლიქტური ვითარების განმუხტვას თუ გარიდებას.

ზიგმარს სონდორსი დაესწრო ვაჟთა შორის უმაღლესი ლიგის მატჩებს და მოედნის კიდიდან აკვირდებოდა მსაჯების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ინიშნავდა და შესვენებაზე მათთან ერთად განიხილავდა.

მართლაც, მისი მხრიდან შემოთავაზებული სხვადასხვა პრაქტიკული ხედვა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს ასეთი გამოცდილების მქონე მსაჯისგან. ვფიქრობთ, ყოველივე სტიმულის მომცემი უნდა იყოს ჩვენი მსაჯთა კორპუსისთვის, რომლიც აშკარად სხვა მონდომებით და შემართებით გადიოდა მოედანზე. ასე რომ, დადებითად შევაფასებდი მსგავს სემინარებს.
სასიამოვნო იყო, რომ სემინარებში მონაწილეობდა როგორც დამწყები, ისე გამოცდილ მსაჯთა კორპუსი: გოგა ჯმუხაძე, შაკო სტურუა, გიორგი სამყურაშვილი, ასევე ძმები თაზო და ნიკა კევლიშვილები. მინდა ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო ასეთი ჩართულობისთვის.

ვფიქრობ, ზიგმარს სონდორსის მეცადინეობები ნაყოფს გამოიღებს. ასე რომ, მადლობის მეტი რა გვეთქმის ევროპის ხელბურთის ფედერაციის მიმართ. პირველ რიგში კი მადლობას ვუხდი საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციას, მის ხელმძღვანელობას, საშეჯიბრო თუ მსაჯთა და დელეგატთა კომისიას, ყველას ვინც ჩართული იყო ამ საქმეში.
განვიხილავთ, რომ მომავალშიც ჩატარდეს საქართველოში მსგავსი სემინარები. პირადად მე, ევროპის ფედერაციაში შესაბამის სურვილს გავაჟღერებ.“
აღსანიშნავია, რომ ევროპის ხელბურთის ფედერაცია (EHF) და საქართველოს ხელბურთის ფედერაცია აქტიურად თანამშრომლობენ მსაჯების და დელეგატების გადამზადებაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში, ასევე ახალგაზრდა მსაჯების მოზიდვის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც ხშირად ეწყობა სემინარები და ონლაინ შეხვედრები.