იმედოს თასი ბსბ-მ აღმართა
იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის 2026 წლის ფინალი შარშანდელი გათამაშების გამეორება გამოდგა.
ისევე როგორც შარშან, გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთში მოუწიათ ურთიერთობის გარკვევა ბათუმელებს და ქუთაისელებს, შესაბამისად, ბსბ vs “ქუთაისი-2015“. გამარჯვება აქაც „შავი ზღვის ბიჭებს“ დარჩათ (22-13), რომლებმაც მთელი შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარეს და საფინალო სირენის შემდეგ, თასიც აღმართეს.
ქუთაისელებს თამაში არ წაუვიდათ, წაგების გარდა, პირველი ტაიმის დასრულებამდე წამებით ადრე მუხლის ტრავმა მიიღო და თამაშს გამოეთიშა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ზურიკო სიმონია, რომელმაც იქამდე 3 ბურთი გაიტანა.
ორივე გუნდიდან 6-6 გოლით საუკეთესოები იყვნენ შალვა სტურუა (ბსბ) და დავით გრიშკაშვილი (ქუთაისი-2015).

„მადლობა ბიჭებს, ფედერაციას, ყველას, ვინც მხარში გვედგა, გვგულშემატკივრობდა.
თასი მოგებულია, ასევე ჩემპიონობის მოპოვებაც გვსურს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი გეგმა გვაქვს, – აცხადებს ბათუმელთა მწვრთნელი ამირან კომახიძე. – ბიჭები თასის გათამაშებას მონდომებულები შეხვდნენ. გათავისებული ჰქონდათ, რომ თასის მოსაპოვებლად, ბოლომდე უნდა დახარჯულიყვნენ. შემადგენლობაც კარგი გვყავს, ჩვენთან ნაკრების ყოფილი წევრები თამაშობენ და შემართებაც კარგი აქვთ.
გვახარებს, რომ დიდ და პატარა თაობას ასეთი წარმატებებით ვზრდით იმ პატარა კოლექტივში, რასაც აჭარის ხელბურთი ჰქვია.“
ბსბ: ალექსანდრე ხანდოლიშვილი, საბა დიასამიძე, უჩა მაისურაძე, გიორგი ლაპიაშვილი (4), გიორგი მიქავა (2), გიგა ბერიძე, ზურა აბრამიშვილი (2), მათე ერკილიჩი, ზეზვა იობაშვილი, საბა ფუტკარაძე (1), შალვა სტურუა (6), გიორგი თავართქილაძე (1), ირაკლი გოგოლაძე (2), გიორგი ტიელიძე (3), სანდრო მახარაძე, ლევან მერძენიშვილი (1), გიგა ბაინაზაშვილი, გიგა მელიავა,
„ქუთაისი-2015“: გიორგი მერკვილაძე, ვეფხია ზურაბიანი, ზურიკო სიმონია (3), ჯემალ იმნაძე (1), ლექსო წითელიშვილი, მიხეილ ვაშაკიძე, მეთოდე ჭელიძე, თორნიკე ნაწილაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი სურმავა (1), ჯუმბერ გულეიშვილი, თორნიკე გაგლოშვილი, ლუკა გორგოძიანი, რომან კოსტირინი (1), გიორგი ფერაძე, გიორგი გრიშიკაშვილი (1), დავით გრიშკაშვილი (6), უჩა კობახიძე.

იმედო ფხაკაძის თასის გათამაშებაში ექვსი გუნდი – სტუ-პეგასი, სამტრედია, აჭარა, პრომეთე, ქუთაისი-2015 და ბსბ მონაწილეობდა. მათ შორის, ბსბ და ქუთაისი-2015, როგორც შარშანდელი ფინალისტები, ნახევარფინალიდან შეუდგნენ ასპარეზობას, დანარჩენები კი მეოთხედფინალიდან.
