ukr

ზეზვა იობაშვილი ფარერების ჩემპიონატში თამაშობს

„სტუ-იმედისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ხელბურთელი, ზეზვა იობაშვილი ფარერის კუნძულების კლუბ „კლაქსვიკში“ გადავიდა და უკვე ორი მატჩიც გამართა იქაურ ჩემპიონატში. 

იობაშვილი 21 წლისაა. საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია მსოფლიოსა და ევროპის ორ ჩემპიონატზე, 2018 წელს კი ეროვნულ გუნდშიც მიიწვიეს საერთაშორისო ტურნირზე თბილისში, იტალიისა და ფინეთის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ. საკლუბო დონეზე ის საქართველოს 2017 წლის ჩემპიონია თელავის „იმედში“, სიმაღლით 198 სანტიმეტრია, ამპლუით – მარცხენა ინსაიდი.

ახალ კლუბში იობაშვილი მას შემდეგ მოხვდა, რაც საკუთარი მონაცემები შეიყვანა europlayers.com-ზე და მალე მოწვევა მოუვიდა კლაქსვიკიდან, რომელსაც ამ აპლუის მოთმაშშე სჭირდებოდა.

ფარერის კუნძულებს ავტონომიის სტატუსი აქვს დანიის სამეფო შემადგენლობაში. ხელბურთი აქ პირველი სპორტია, ხოლო ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებმა წლეულს ევროპის ღია ჩემპიონატი მოიგო გეტებორგში.

ქვეყნის ჩემპიონატის ზედა ლიგაში 7 გუნდი თამაშობს. პირველ ტურში კლაქსვიკი სტუმრად შეხვდა ფავორიტ KIF-ს და დიდი ანგარიშით, 25-43 დამარცხდა. სადებიუტო მატჩში იობაშვილმა 3 გოლი გაიტანა. მეორე თამაშისა და ახალი კლუბის შესახებ ხელბურთელი თავად გვესაუბრება.

ზეზვა იობაშვილი: – სამწუხაროდ, მეორე მატჩიც წავაგეთ, შინ, „სტიფთან“ 23-27. მე უჩვეულო პოზიციაზე, გამთამაშებლად დამაყენეს და უკმაყოფილოები არ ყოფილან თამაშის შემდეგ – 2 გოლი გავიტანე, სამჯერ მოვიპოვე შვიდმეტრიანი და 7 საგოლე გადაცემა დამიგროვდა, დაცვაშიც ნორმალურად ვიდექი.

აქაური პირობებით და სიტუაციით კმაყოფილი ვარ. ყველაფერია იმისთვის, რომ ხელბურთი ითამაშო – დარბაზი, ეკიპირება, რეგულარული ვარჯიშები. კუნძულებზე ბოლო წლებში ხელბურთმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. გუნდში ორი უცხოელი ვართ – მე და ერთი იაპონელი ხელბურთელი. ერთწლიანი, პროფესიონალური კონტრაქტი მაქვს და კლუბიც პროფესიონალურია. იმ 17-წლამდელთა ნაკრებიდან, ვინც წლეულს ევროპის ჩემპიონი გახდა, ჩვენს გუნდში არავინ არაა, არის ეროვნული ნაკრების წევრი, მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე თამაშობს. კლაქსვიკში დაახლოებით 5000 კაცი ცხოვრობს და  ფარერებზე სიდიდით მეორე დასახლებაა დედაქალაქ ტორსჰავნის შემდეგ.  ვფიქრობ, რომ აქ გატარებული სეზონი კარიერულ წინსვლაში დამეხმარება.

Leave a Reply