„მომავლის გუნდმა“ თურქული ტურნე წარმატებით დაასრულა

თურქეთი — საქართველო 17:21 (9:12)

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა დღეს თურქეთის ამავე ასაკობრივ ნაკრებთან ორი მატჩი ჩაატარა. ჩვენმა გუნდმა, რომელიც გიოტებორგის ევროპის პირველობისთვის ერთგვარ გენერალურ რეპეტიციას ანკარაში გადის, ჯამში სამი ამხანაგური შეხვედრა გამართა, საიდანაც ორში გაიმარჯვა, ერთში კი ფრედ ითამაშა.

დღის პირველ შეხვედრაში საქართველოს „მომავლის გუნდმა“ თურქეთის 17-წლამდელთა ნაკრები, პირველი დღის მსგავსად, დამაჯერებლად — 21:17 დაამარცხა.

თურქეთი — საქართველო 21:21 (12:6)

მესამე ამხანაგური შეხვედრა შედარებით დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში მდევრის როლში აღმოჩნდა — მეტოქე ხუთი-ექვსი ბურთის სხვაობითაც გვიგებდა, თუმცა მეორე ნახევარში ჩვენმა გოგონებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს. მატჩის მიწურულს ანგარიში გაათანაბრეს და დაწინაურებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 21:21 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ნაკრების მწვრთნელმა, გიორგი გვაზავამ ამ შეხვედრაში ექსპერიმენტული დაცვითი ტაქტიკა გამოცადა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი შეხვედრები, ევროპის პირველობის ჯგუფური ეტაპის ფორმატის შესაბამისად, 20-წუთიანი ტაიმებით ჩატარდა.

საქართველოს ნაკრები სამშობლოში 20 ივნისს, გამთენიისას დაბრუნდება და ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას თელავში გააგრძელებს.

Leave a Reply