გოგონები ევროპული გრანდების წინააღმდეგ

გაიმართა 16-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა. 29 ივნისიდან 3 ივლისამდე, შვედეთში, ხელბურთელ გოგონათა ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ რაუნდში იქნებიან დანია, მონტენეგრო, ესპანეთი, ისლანდია და ბელარუსი.  

სულ მონაწილეობს 4 ჯგუფად დაყოფილი 24 გუნდი. პირველი ეტაპის შემდეგ 2-2 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს, მე-3-4 ადგილებზე გასულები ითამაშებენ მე-9-16 ადგილებისთვის, ხოლო დანარჩენები – მე-17-24 ადგილებისთვის. შეჯიბრება გაიმართება ქალაქ გოტენბურგში.   

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები გოტენბურგში 2015 წლიდან უწყვეტად თამაშობენ. 2017 წლიდან, მას შემდეგ  რაც შეიცვალა ასაკობრივი კატეგორიები (ჭაბუკებში 19-დან 17, ხოლო გოგონებში 18-დან 16 წლამდე), ეს ტურნირები უკვე ითვლება ევროპის ოფიციალურ ჩემპიონატად – კენტ წლებში 17 წლამდელ ჭაბუკთა, ხოლო ლუწ წლებში – 16-წლამდელ გოგონათა შორის და წლევანდელ ტურნირში უკვე ყველა უძლიერესი გუნდი თამაშობს.

ამ ასაკის, 2004-05 წლებში დაბადებული გოგონებისთვის ეს პირველი ოფიციალური ტურნირი იქნება, თუმცა, რამდენიმე მოთამაშეს უკვე აქვს  ორი წლით უფროსთა ნაკრებში თამაშის გამოცდილება – 2019 წელს, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.

16-წლამდელთა ნაკრებს იანვარში უკვე ჰქონდა პირველი საწვრთნელი შეკრება.  გუნდთან მუშაობს მწვრთნელთა ჯგუფი: სერბი დარკო გრბიჩი, ინა ჭკუასელი, ქრისტინე ჯავახია და თინათინ ქიტესაშვილი. ამ ასაკობრივი  კატეგორიის საქართველოს ჩემპიონატში 13 გუნდი თამაშობს და თითქმის ყველა მათგანს ჰყავს წარმომადგენლობა ნაკრებში. მეორე შეკრება მოეწყობა მარტში, ევროპის ჩემპიონატამდე კი იგეგმება რამდენიმე საერთაშორისო ამხანაგური მატჩის გამართვაც.

მომდევნო, 2021 წელს გოგონებს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი უწევთ, ხოლო 2022 წელს – მსოფლიო ჩემპიონატი 18-წლამდელებში.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2020, ქალები 16 წ

გოტენბურგი, შვედეთი. 29 ივნისი – 3 ივლისი

ჯგუფი: შვედეთი, ხორვატია, ჰოლანდია, სლოვაკეთი, ლიტვა, ესტონეთი

ჯგუფი: უნგრეთი, ნორვეგია, პორტუგალია, შვეიცარია, ფარერები, ფინეთი

ჯგუფი: დანია, მონტენეგრო, ესპანეთი, ისლანდია, ბელარუსი, საქართველო

ჯგუფი: საფრანგეთი, რუსეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, სერბეთი, პოლონეთი

Leave a Reply