წითელიშვილის დებუტი ახალ კლუბში
დაიწყო მაკედონიის ჩემპიონატი ხელბურთში კაცთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრების 3 ხელბურთელი თამაშობს. ლექსო წითელიშვილმა, რომელიც ამ სეზონში პელისტერდან ოჰრიდში გადავიდა, 4 გოლი გაუტანა პროლეტს, თუმცა, მისი გუნდი სტუმრად, სკოპიეში, 19-21 დამარცხდა.
წინა სეზონი პელისტერში იყო რევაზ ჭანტურიაც, რომელიც სკოპიეს მეტალურგში დაბრუნდა. პირველ ტურში ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის გუნდმა 37-30 მოუგო ამავე კლუბის მეორე გუნდს, რომელიც ასევე სუპერლიგაში თამაშობს. ჭანტურიამ 1 გოლი გაიტანა, ხოლო კბილაშვილი, ვინც მაკედონიაში ოდესიდან გადავიდა, სატრანსფერო ფორმალობების მოგვარებას ელოდება და თამაშის უფლებას ამის შემდეგ მიიღებს.
სუპერლიგის პირველ სტადიაში 10 გუნდი თამაშობს ორ წრედ. 4 საუკეთესო გავა ფინალურ ექვსეულში და სკოპიეს ვარდარსა და ეუროფარმ რაბოტნიკთან ერთად ასევე ორ წრედ გამოავლენს მაკედონიის ჩემპიონს.