დებიუტანტი მეცხრე ცაზე,მალტაში
ხელბურთის ეროვნული ნაკრები უკვე მალტაში. ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო თამაში ჩვენს გუნდს პარასკევს, ჩვენი დროით 22:30 აქვს მალტის ნაკრების წინააღმდეგ.
გუშინ, ოლიმპიურ სასახლეში გამართული ბოლო ვარჯიშის შემდეგ დასახელდა გუნდის საბოლოო შემადგენლობაც. ბოლო, მეთექვსმეტე ადგილი ერგო დებიუტანტს, ქუთაისის 17 წლის მარცხენა გარემარბს, ჯემალ იმნაძეს.
ვრცელი ინტერვიუ, რა თქმა უნდა, არ გამოვიდა. გუნდს სასტუმროში ეჩქარებოდა და მალე თვითმფრინავის რეისიც იყო, ხოლო გახარებულ ჯემალს ბევრი ლაპარაკის თავი არც ჰქონდა.
-რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ნაკრებში გამოძახებაც და შემადგენლობაში დასახელებაც და ახლავე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მენდო. ვეცდები, რომ ნდობა თამაშით გავამართლო.
ჯემალ იმნაძე და მისი ტყუპისცალი, ლევანი, წელს ამთავრებენ ქუთაისის მე-16 საჯარო სკოლას. ხელბურთში ვარჯიში 2015 წელს დაიწყეს ქუთაისში, ზურაბ ყაველაშვილთან.
– ჯერ ფეხბურთზე დავდიოდით. ლევანი მალევე გადავიდა ხელბურთზე, მე კი თავი გავიტეხე და ექიმმა ფეხბურთის თამაში ამიკრძალა, რის შემდეგაც მალე ძმის გუნდს მივაკითხე. წინა სეზონში ვთამაშობდით საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის დასავლეთის ლიგაში. ჩვენი გუნდი ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ ჩვენი თამაში ნახა ნაკრების მწვრთნელმა გიორგი გვაზავამ და თბილისში გამოგვიძახა. წინა სეზონშივე, რამდენჯერმე ვითამაშეთ ქუთაისის უმაღლესი ლიგის გუნდში.
მთელი ზაფხული და მერე, კიდევ ორი თვე, ვცხოვრობდით და ვვარჯიშობდით ხელბურთის აკადემიაში, ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად. სულ ორჯერ ვიყავით ამ ხუთი თვის განმავლობაში ქუთაისში.
ჩემი ძმა ცაციაა, მე – მემარჯვენე. ჭაბუკთა გუნდში ინსაიდები ვიყავით, მაგრამ ნაკრებში კუთხეში გადაგვყვანეს. ჯერ ორივენი გავემგზავრეთ მონტენეგროში, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე. შემდეგ, ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე, თბილისში, ნაკრებში ცაცია სჭირდებოდათ და იმ ტურნირზე შემადგენლობაში ლევანი მოხვდა, თუმცა, მეც ბოლომდე ვვარჯიშობდი და სათადარიგო ვიყავი. შემდეგ ჩემი ჯერი დადგა და კოსოვოში ვითამაშე ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე. სადაც სულ ცოტა დაგვაკლდა პირველ ადგილამდე – კოსოვოსთან თამაშიც სულ თვალწინ მაქვს, ბოლო წამებზე შვიდმეტრიანი ვერ გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ ბურთი მე დამრჩა და ზედ ბოლო წამზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ გავიტანე.
– ჯემალ, წელს სკოლას ამთავრებ. ხელბურთი ხელს არ შეგიშლის?
-არა, რას შემიშლის. ყველაფრის მოსწრება შეიძლება. ჭაბუკთა ნაკრებში სანამ მომიწვიეს, იქამდე უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ ხელბურთს გავყვებოდი. ახლა ხომ მითუმეტეს.
-აბა შენ იცი, კარგად თამაშს გისურვებ მალტაში…
-დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ჩემზე გაწეული ამაგისთვის და ნდობისთვის.
ჯემალ იმნაძე: დაიბადა 2001 წლის 25 მარტს ქუთაისში. ხელბურთში ვარჯიში დაიწყო 2015 წელს ზურაბ ყაველაშვილთან. კარიერა: ხელბურთის კლუბი ქუთაისი – ჯერ ჭაბუკთა და შემდეგ უმღლესი ლიგის გუნდი. 2018 წელს ითამაშა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მონტენეგროში და მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის შეარჩევი ტურნირი კოსოვოში. ორივე ტურნირზე: 9 მატჩი, 15 გოლი. ქუთაისის მე-16 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე
საქართველოს ნაკრები მალტაში
22. შოთა თევზაძე (1981, 200 სმ, ფოჩანი, რუმ) GK
12. გიგა ტორონჯაძე (1989, 190, BSB ბათუმი) GK
2. ჯემალ იმნაძე (2001, 184, ქუთაისი) LW
5. უჩა მაისურაძე (1986, 190, უგუნდო) P
8. ირაკლი ჩიქოვანი (1989, 198, კონსტანცა, რუმ) CB
9. სერგო დათუკაშვილი (1978, 198, უგუნდო) LB
10. ირაკლი კბილაშვილი (1998, 189, ოდესა, უკრ) CB
11. გიორგი ცხოვრებაძე (2001, 193, მონპელიე, საფ) RB
14. თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, 198, ფერენცვაროში, უნგ) LB
15. ლექსო წითელიშვილი (1992, 194, სტრუგა, მკდ) LB
19. ზურაბ აბრამიშვილი (1994, 193, BSB ბათუმი) LW
20. ერეკლე არსენაშვილი (1998, 200, დიომიდის არგოსი, საბ) P
23. რევაზ ჭანტურია (1982, 178, პელისტერი, მკდ) RW
24. ირაკლი გოგოლაძე (1996, 177, BSB ბათუმი) RW
29. რატი მსხვილიძე (1986, 207, უგუნდო) RB
31. გიორგი დიხამინჯია (1997, 190, სტრუგა, მკდ) RB, RW
ჯორჯე რაშიჩი (სრბ, 1958, მთავარი მწვრთნელი)
გიორგი გვაზავა (1978, მწვრთნელი)
ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990, ექიმი)
ვახტანგ მეიფარიანი (1970, კაცთა ნაკრებების მთავარი მენეჯერი)
—
ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019
მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული
A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი
B ჯგუფი, მალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა
კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:
11 იანვარი. 20:00 კვიპროსი – აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო – მალტა,
12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი – საქართველო, 21:30 მალტა – კვიპროსი
13 იანვარი. 17:00 კვიპროსი – საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი – მალტა