ძველი ბუნდესლიგელი საქართველოს ნაკრებზე და…
სერგო დათუკაშვილი 28 აპრილს 41 წლის გახდება. ამ ასაკამდე ხელბურთში მხოლოდ მეკარეები თუ რჩებიან, ისიც აქა-იქ. სერგო ერთადერთი ქართველია, ვისაც გერმანიის ბუნდესლიგაში უთამაშია. ორი სეზონი, ლიუბეკესა და ლემგოში. შარშან მას უკვე ჰქონდა სამწვრთნელო დებიუტი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში, მაგრამ ეროვნულ გუნდში, ისევ მოთამაშედ ჩამოსვლაზე, უარი არ უთქვამს.
– სერგო, ბოლო ტურნირი ხომ არ გექნება მალტაში?
– მე დანებებული მაქვს ფაქტიურად. ბოლოს ირანის ჩემპიონატში ვითამაშე, ერთი წლის წინ. თუ რომელიმე თამაშის შემდეგ ყვავილების თაიგულს გადმომცემენ, მაშინ ოფიციალურად გამოვაცხადებ, რომ კარიერა დავასრულე, აბა მოედანზე ხომ არ უნდა მოვკვდე… მალტაში გუნდს დაცვის დროს შევეშველები ხოლმე, ჯერ ჯანზე ვარ…
– და როგორ დაიწყე კარიერა?
– ჩვენ ფრენბურთელების ოჯახი ვართ. მამაჩემი თამაშობდა, მეც ფრენბურთით დავიწყე და ჩემს მერე ჩემი დაც ფრენბურთელი იყო, საქართველოს ნაკრების კაპიტანიც ყოფილა. 90-იანების დასაწყისში ფრენბურთს დიდი პერსპექტივა არ უჩანდა და მამაჩემმა გადაწყვიტა, ჩემთვის სახეობა გამოეცვალა. დავფიქრდით კალათბურთზე, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ 16 წლისა კალათბურთზე მისვლა დაგვიანებული იყო და ასე მოვხვდი ხელბურთში, ისე, რომ ამ სპორტზე ბევრი არაფერი ვიცოდი. დავიწყე გლდანის დარბაზში, ჯიმშერ დვალიშვილთან და ორწელიწადნახევარში ეროვნულ ნაკრებში ვითამაშე.
1997 წელს ფინეთთან გვქონდა ორი მატჩი. პირველი სტუმრად 20-25 წავაგეთ და თბილისში მე დამაყენეს. კი არ დამაყენეს, მესამე მარცხენა ინსაიდი ვიყავი ტიტე კალანდაძისა და ბექა ორჯონიკიძის შემდეგ. 27-20 მოვიგეთ. ორ წელიწადში ევროპის ჩემპიონატის ის ცნობილი პლეიოფი გვქონდა დანიასთან…
– ზუსტად მაგაზე მინდოდა კითხვა. 1999 წლისა და დღევანდელი გუნდის შედარება. დღევანდელი გუნდის პერსპექტივის გათვალისწინებით…
– კი, რა თქმა უნდა, ამ გუნდს შეუძლია იმ დონეზე თამაში და მეტის მიღწევაც. რამდენიმე წელიწადში. ჯერ ძალიან პატარები არიან – ცხოვრებაძე, დიხამინჯია, კბილაშვილი, კიდევ რამდენიმე ბიჭი, რომლებიც ჯერ ვერ ხვდებიან პირველ ნაკრებში. ხელბურთი თინეიჯერების სპორტი არაა, ჯანზე უნდა მოვიდნენ და ყველაფერი წინა აქვთ.
დანიასთან მაშინ თბილისში 25-32 წავაგეთ, სტუმრად 23-31. რაც შეგვეძლო, ვიბრძოლეთ, თბილისში პირველი ტაიმი ერთი ბურთით წავაგეთ, მაგრამ იგრძნობოდა, რომ დანია, როცა საჭირო გახდებოდა, მოუმატებდა.
– მაშინ ჯერ კიდევ სტუ-შევარდენში იყავი…
– კი. 2000 წელს წავედი სერბეთის მეტალოპლასტიკაში. იქ ცოტა ხანი ვიყავი, ესპანეთში ტენერიფეს კლუბი მიწვევდა, მაგრამ სამუშაო ვიზა ვერ ავიღე და მონტენეგროს ლოვჩენში გადავედი. შემდეგ თითო სეზონი გავატარე იტალიასა და საბერძნეთში – იქ უკვე ლიდერი და ბომბარდირი ვიყავი. 2003 წელს მოკლე კონტრაქტით წავედი ბეირუთის კლუბში – ჯორჯე რაშიჩმა მიმიწვია, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშე და სამი სეზონით გადავედი შვედეთის საკმაოდ ნორმალურ გუნდში, ისტადში.
და 2007-08 სეზონში, 29 წლის ვიყავი, როცა პირველად ვითამაშე ბუნდესლიგაში. ლიუბეკე ძლიერი გუნდი არ იყო, მაგრამ მე მთავარი ბომბარდირი ვიყავი. ტოპ ათეულში კი იყვნენ კონრად ვილჩინსკი, ნიკოლა კარაბატიჩი, ჰოლგერ გლანდორფი, მომირ ილიჩი. მეც მათ სიახლოვეს ვიყავი, 150 გოლამდე გავიტანე, მაგრამ ლიუბეკე ბოლოსწინა ადგილზე გავიდა და მე გადავედი უფრო ძლიერ გუნდში, სლოვენიის ველენიეში, სადაც, ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი მქონდა.
2008-09 სეზონში, EHF თასის ფინალში წავაგეთ გერმანიის ძალიან სახელოვან გუნდთან, გუმერსბახთან, მე კი 4 გოლი გავიტანე. ველენიეში შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგაც ვითამაშე და 2010 წელს ისევ დამიძახეს ბუნდესლიგაში, ოღონდ უფრო სერიოზულ გუნდში, ლემგოში, რომელიც EHF თასზეც თამაშობდა და ნახევარფინალში დამარცხდა გროსვალშტადტთან. აქაც კარგი სეზონი მქონდა.
– და ამ დროს, ბუნდესლიგიდან წახვედი დუბაიში. თუ ბეირუთში…
-ჰო, ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილებაა და შევეცდები ავხსნა. რომ ვყოფილიყავი 27, 28, თუნდაც 30 წლის, ცხადია, ასე არ მოვიქცეოდი, მაგრამ 2011 წელს ვიყავი უკვე ოცდამეთოთხმეტეში. ეს არაა კრიტიკული ასაკი, მაგრამ ის დროა, რომ მომავალზე დაფიქრდე. მე პროფესიონალი ხელბურთელი ვიყავი, სხვა ხელობა არ მქონდა.
ესეიგი, პირველი მიზეზი ასაკი იყო. მეორე იყო პირობები – თუ გერმანიაში გიხდიდნენ, ვთქვათ, 8 ათასს, არაბები იხდიდნენ ორჯერ, სამჯერ მეტს. თან მოკლე სეზონი ჰქონდათ, სულ რამდენიმე თვე, ცხადია, თამაშიც უფრო იოლი იყო. და მესამე – ბეირუთი მშვენიერი ქალაქია და თბილ ქვეყანაში ცხოვრება მერჩივნა – დიდი ხანი ვიყავი შვედეთსა და გერმანიაში.
მოკლედ, ჩავთვალე, რომ ხელბურთში ჩემი სიტყვა ასე თუ ისე ნათქვამი მაქვს, მითამაშია გერმანიაში, შვედეთში, სლოვენიაში, რამდენჯერმე – ჩემპიონთა ლიგაში. ვერავინ იტყვის, რომ ნაკრებში ჩამოსვლაზე როდესმე უარი მითქვამს ან ნახევარი ძალით მითამაშია. აგერ, ახლაც აქა ვარ.
და წავედი ახლო აღმოსავლეთში. ვითამაშე ლიბანში, ერაყში, ემირატებში, ყატარში და ირანში. შემდეგ მივბრუნდი სერბეთში, სადაც კარგა ხანია, დავსახლდი – ქალაქ ნოვი სადში. ვთამაშობდი ამ ქალაქის ვოივოდინაში, მათ შორის ევროთასებზეც, სეჰა-ლიგაში. ნორმალურ დონეზე. ეს იყო 2014-17 წლებში. დროდადრო ორ-სამ თვიანი კონტრაქტებით ისევ მივდიოდი არაბულ კლუბებში, ჩამოვდიოდი ნაკრებში. და მოვედი აქამდე.
– მალტიდან სად ბრუნდები, ნოვი სადში?
– კი, ცოლშვილი იქა მყავს. გოგო ორნახევარი წლისაა. უფროსი ქალიშვილი წელს ჩვიდმეტის ხდება. ის დედამისთან, ანუ ჩემ პირველ, ყოფილ ცოლთან ერთად, დიდი ხანია, შვედეთშია. ხელბურთსაც თამაშობს. ქალაქ მალმეში.
– ჩვიდმეტის? და საქართველოს ნაკრებში არ ითამაშებს?
-კი არ მიფიქრია ამაზე. არ ვიცი, რამდენად სერიოზული გეგმები აქვს ხელბურთში. ისე, რატომაც არ უნდა ითამაშოს? თუ გოგონათა ნაკრების მწვრთნელები რამეს მეტყვიან, ტატიანას აუცილებლად დაველაპარაკები. ჩემი დიშვილიც თამაშობს ხელბურთს. აქ, თბილისში, პეგასში. 16 წლისაა. ჭაბუკთა ნაკრების კანდიდატია… ასე ვიქეცით ფრენბურთელების ოჯახიდან ხელბურთელების ოჯახად.
სერგო დათუკაშვილი: დაიბადა 1978 წლის 28 აპრილს. ხელბურთში ვარჯიში დაიწყო 1994 წელს გლდანის სპორტსკოლაში, ჯიმშერ დვალიშვილთან. კარიერა: მართვე (1994-96) – სტუ-შევარდენი (1996-1999) – მეტალოპლასტიკა (სერბეთი, 2000) – ლოვჩენი (მონტენეგრო, 2000-01) – პალამანო (იტალია, 2001-02) – კილკისი (საბერძნეთი. 2002-03) – ისტადი (შვედეთი 2004-07) – ლიუბეკე (გერმანია, 2007-08) – ველენიე (სლოვენია, 2008-10, EHF თასის ფინალისტი) – ლემგო (გერმანია, 2010-11) – ვოივოდინა (სერბეთი, 2014-15, 16-17), მეტალოპლასტიკა (სერბეთი, 2016-17). 2003, 2011-18 წლებში თამაშობდა ლიბანში, ერაყში, ყატარში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ირანში. ყატარის კლუბ ალ სადში ორჯერ ყოფილა აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი. ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშა 1997 წელს – ოჯახი: მეუღლე – ნატაშა სიმოვიჩ-დათუკაშვილი, ქალიშვილები – სოფია (ორნახევარი წლის), ტატიანა (17).