ჯორჯე რაშიჩი: – მიზანი? ევრო 2022!
ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს 11-13 იანვარს, მალტაში, ევროპის 2022 წლის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში უხელმძღვანელებს სერბი ჯორჯე რაშიჩი, რომელიც საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი უკვე იყო 2013-14 წლების სეზონში.
მაშინ ჩვენმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა და შინ სამივე მეტოქე – ფინეთი, თურქეთი და ლიტვა დაამარცხა. საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ რაშიჩთან ურთიერთობა განაახლა 2018 წლის ოქტომბერში, როდესაც სერბი, გიორგი გვაზავასთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, კოსოვოში.
სწორედ გვაზავა იქნება რაშიჩის თანაშემწე ეროვნულ გუნდში. ნაკრები მალტაში 9 იანვარს მიემგზავრება, იქამდე გუნდი შეკრებაზეა და დღეში ორჯერ ვარჯიშობს ოლიმპიურ სასახლეში. რაშიჩთან ინტერვიუ ჩავწერეთ ოტელ „ვერანოვაში“, სადაც გუნდი შეკრებაზეა.
მწვრთნელის თხოვნით, საუბარი კოსოვოს ტურნირით დავიწყეთ.
– ოქტომბერში ჩვენ ძალიან ცოტა დაგვაკლდა ტურნირის მოსაგებად და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გასასვლელად. სამწუხაროდ, ტრავმის გამო დაგვაკლდნენ ცხოვრებაძე და ლაპიაშვილი, უკვე კოსოვოში დაშავდნენ ყორიაული და იობაშვილი. გარდა ამისა, გუნდთან ერთად თითქმის გამგზავრების დღემდე ვარჯიშობდა ნიკოლოზ კალანდაძეც, რომელიც ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით ვერ წამოვიდა ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთდ. ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან ერთიც რომ გვყოლოდა კოსოვოში, ამ ტურნირს ჩვენ მოვიგებდით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ!
– გადავიდეთ ეროვნულ ნაკრებზე და დავიწყოთ 2013 წლით…
– კი ბატონო, დავიწყოთ იქიდან, სადაც მაშინ შევჩერდით. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ ნაკრებში გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების კარგი ბალანსია და უკეთ დაკომპლექტებული გუნდი გვყავს.
– ახალი მოთამაშეები როგორ მოგეწონათ?
– ერთადერთი მოთამაშეა, ვინც პირველად ვნახე – გიორგი ცხოვრებაძე და ბარემ ახლავე ვიტყვი, რომ ის ძალიან ძლიერი ინდივიდუალისტია, მაგრამ გუნდურ თამაშში მოსამატებელი აქვს და ასაკთან ერთად მოუმატებს კიდეც. დანარჩენი 17 ხელბურთელიდან, ვინც ახლა ვარჯიშობს, ყველასთან მიმუშავია – ზოგთან ეროვნულ ნაკრებში, ზოგთან ახალგაზრდულში, 2014 წელს, როდესაც ანდორაში, IHF ტროფიზე მეორე ადგილი დავიკავეთ, დანარჩენებთან კი 2018 წელს – კოსოვოს ტურნირზე.
თემო ორჯონიკიძე 2013 წელს სულ 17 წლის იყო ახლა კი საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეა, უკვე ხისტ და კაცურ დაცვას თამაშობს და ძალიან კარგია, რომ უკვე უნგრულ კლუბშია და არა მაკედონიაში – ეს მას უფრო გუნდურ მოთამაშედ აქცევს. ლექსო წითელიშვილიც გუნდში იყო 2013-14 სეზონში, მაგრამ მაშინ თამაში არ უწევდა. ირაკლი ჩიქოვანიც მაშინაც წამყვანი მოთამაშე იყო და ახლა ხელბურთისთვის საუკეთესო ასაკშია. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში არის ორი ვეტერანი, შოთა თევზაძე და რეზო ჭანტურია, ჩვენთანაა 40 წლის სერგო დათუკაშვილიც, რომელიც, საჭირო მომენტში დაცვაში დაგვეხმარება, გვყავს რატი მსხვილიძეც. ერთადერთი, იმ გუნდიდან აღარ თამაშობს ვლადიმერ რუსია და ეს დიდი დანაკლისია, მაგრამ ახალგაზრდების გათვალისწინებით, ვიტყვი, რომ ეს გუნდი უფრო პერსპექტიულია.
– მოდით, რამდენიმე მოთამაშის პოზიცია დავაზუსტოთ. რატი მსხვილიძე შარშანდელ შესარჩევში ხაზზე თამაშობდა. თქვენ როგორ გამოიყენებთ?
– რატი ჩემთვის მარჯვენა ინსაიდია, თუმცა, საჭიროების შემთხევაში, არ გამოვრიცხავ, რომ პივოტადაც გამოვიყენოთ.
– და გიორგი დიხამინჯია, რომელიც მარჯვენა მხარეს ინსაიდადაც თამაშობს და კუთხეშიც…
– მიუხედავად იმისა, რომ კლუბში შუაში ათამაშებენ, დიხამინჯიას, მე ვფიქრობ, გარემარბის მონაცემები უკეთესი აქვს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ორივეგან გამოვიყენებ. მოდით ასე ვთქვათ, რომ მსხვილიძე და დიხამინჯია ორ-ორ პოზიციას დაფარავენ. გარდა ამისა, მარჯვენა კუთხეში ჩვენ გვყავს ჭანტურია და ირაკლი გოგოლაძე, ხოლო ხაზზე – ერეკლე არსენაშვილი და უჩა მაისურაძე. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პოზიციაზე ჩვენ დაგვჭირდეს გიგა ზარნაძეც.
– ბარემ შემადგენლობის საკითხი მოვისტუმროთ. ამჟამად შეკრებაზეა 18 ხელბურთელი, მათ შორის – სამი მეკარე. 16-კაციან გუნდს როდის გამოაცხადებთ?
– პრინციპში 15 კაცის ვინაობა მწვრთნელებს უკვე დადგენილი გვაქვს. დარჩენილ ერთ ადგილზე არის 3 კანდიდატურა: 17 წლის ქუთაისელი მარცხენა გარემარბი ჯემალ იმნაძე, რომელიც ძალიან მონდომებული ბიჭია, მაგრამ ჯერ ძალიან პატარაა; წყალტუბოელი სილაგაძე, ასევე 17 წლის, საინტერესო მეკარე, სხარტი და კარგი რეაქციით, რომლის კაცების გუნდში ნახვაც ძალიან მინდა და პეგასის 19 წლის გამთამაშებელი გიგა ზარნაძე. ზარნაძე, მისი აღნაგობიდან გამომდინარე, დამატებითი ვარიანტი იქნება პივოტის პოზიციაზე, რომელიც, როგორც იცით, 2013-14 წლებში პრობლემური ადგილი იყო ნაკრებში. წინ კიდევ 5 ვარჯიში გვაქვს გამგზავრებამდე და ძალიან ვფრთხილობთ, არ ვიცით, რა და როგორ იქნება, ამიტომაც, მეთექვსმეტე კაცს 9 იანვარს, ბოლო ვარჯიშის შემდეგ დავასახელებთ.
– ახლა მეტოქეები შევაფასოთ.
– მალტასთან და აზერბაიჯანთან არ უნდა გაგვიჭირდეს. კვიპროსის თამაში ნანახი მაქვს და გეტყვით, რომ ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა 13 იანვარს, საქართველოსა და კვიპროსის მატჩში გაირკვევა. იმასაც გეტყვით, რომ როგორც გუნდური თამაშით, ასევე ჩვენი ბიჭების ინდივიდუალური ოსტატობის მიხედვით, საქართველოს ნაკრები ფავორიტია.
– მაშინ ბარემ წინ გავიხედოთ და მომდევნო ეტაპზე, პლეოფზე ვისაუბროთ.
– პლეიოფი გაისადაა, იქამდე მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია გველის, თუმცა, სავარაუდო მეტოქეები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ – კოსოვო, ფარერები, თურქეთი ან საბერძნეთი, ფინეთი, იტალია. თითქმის ყველა ამ გუნდისთვის ჩვენ მოგვიგია ბოლო წლებში და ცხადია, პლეიოფშიც შეგვიძლია მათი დამარცხება. თუ ეს შევძელით, 2020 წლის ოქტომბრიდან დაგვეწყება მთვარი შესარჩევი რაუნდი, სადაც უკვე ყველა გრანდი თამაშობს.
– მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე უკვე 24 გუნდი თამაშობს და შესარჩევის ფორმატიც არც თუ ისე მკაცრია. მონაწილეობს 32 გუნდი და თამაშდება მინიმუმ 20 საგზური…
– დიახ, მინიმუმ 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდიც გადის ოთხგუნდიანი ჯგუფიდან…
– ესეიგი, ევრო 2022 რეალურია?
– დიახ. მიზნად სწორედ ეს უნდა დავისახოთ. მთავარი შესარჩევი რაუნდი იწყება 2020 წლის ოქტომბერში, თითქმის 2 წლის შემდეგ და ჩვენ ამ დროში დიდი რეზერვი გვაქვს – ორ წელიწადში ცხოვრებაძემ, ორჯონიკიძემ, დიხამინჯიამ, კბილაშვილმა და სხვა ახალგაზრდებმა სერიოზული პროგრესი უნდა განიცადონ.
ოღონდ ამას სხვანაირი მომზადება დაჭირდება. თუ პირველი ეტაპისთვის მოსამზადებლად 6 დღე და 10 ვარჯიში საკმარისია, პლეიოფის გასავლელად დაგვჭირდება მეტი დრო და საკონტროლო მატჩები. გაცილებით მეტი რესურსი დაგვჭირდება მთავარი შესარჩევი რაუნდის დასაძლევად. მე ვთქვი, რომ დაბალანსებული და პერსპექტიული გუნდი გვყავს, მაგრამ ისეც არაა, რომ პრობლემური პოზიცია არ გვქონდეს – ხაზი, მარცხენა კუთხე. ამ პოზიციებზე და ყველა სხვა პოზიციაზე ბევრი სხვა მოთამაშის გამოცდაც მოგვიწევს. მე ძალიან ბევრ პერსპექტიულ ახალგაზრდას უკვე ვიცნობ, ზოგსაც არ ვიცნობ, დიდი მუშაობა იქნება გასაწევი, რომ მთელი ჩვენი რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
– წარმატებას გისურვებთ ამ გზის პირველ ეტაპზე, მალტაში.
– ჰო, ამ მომენტში მთავარი მალტის შესარჩევია. გმადლობთ. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.
ჯორჯე რაშიჩი: დაიბადა 1958 წლის 2 თებერვალს, შაბაცში, იუგოსლავია (სერბეთი)
მოთამაშის კარიერა
მეტალოპლასტიკა, სერბეთი (1974-1986 – ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებული (1984, 1985), შვიდგზი იუგოლავიის ჩემპიონი და 4-გზის თასის მფლობელი)
ალივესი (ესპ, 1988), პონტევედრა (ესპ, 1989), კანგასი (ესპ, 1990), ლილი (საფ, 1991)
იუგოსლავიის ნაკრებში უთამაშია 35-ჯერ
მწვრთნელის კარიერა
მეტალოპლასტიკა, სერბეთი (1991-93, 2006-09)
სიუდად რეალი, ესპანეთი (2000)
ნაპრედაკი,სერბეთი, ქალები (1994, 1996, 1999 – ჩელენჯ კაპის გამარჯვებული, ქვეყნის თასის მფლობელი)
ბუდუჩნოსტი, მონტენეგრო, ქალები (1997, ქვეყნის ჩემპიონი, თასის მფლობელი)
რადნიჩკი, სერბეთი, ქალები (1998)
სომბორი, სერბეთი, ქალები (2001)
მედიცინარი, სერბეთი, ქალები (2003, 2005)
ალ სადი (ლიბანი, 2010: ქვეყნის ჩემპიონი, თასის მფლობელი, აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული)
ტატრან პრეშოვი (სლოვაკეთი) 2011, 2012 (ქვეყნის ჩემპიონი, თასის მფლობელი)
იუგოსლავიის ქალთა ახალგაზრდული ნაკრები (1999, 2001)
იუგოსლავიის ქალთა ეროვნული ნაკრები (2000)
სერბეთის და მონტენეგროს კაცთა ახალგაზრდული ნაკრები (2006)
საქართველოს ეროვნული ნაკრები (2013-14, 2019-), ახალგაზრდული ნაკრები (2014, 2018)
საქართველოს ნაკრები
GK შოთა თევზაძე (1981, 200 სმ, ფოჩანი, რუმ), გიგა ტორონჯაძე (1989, 190, BSB ბათუმი), იური სილაგაძე (2001, 195, წყალტუბო)
LW ზურაბ აბრამიშვილი (1994, 193, BSB ბათუმი), ჯემალ იმნაძე (2001, 184, ქუთაისი)
LB ლექსო წითელიშვილი (1992, 194, სტრუგა, მკდ), თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, 198, ფერენცვაროში, უნგ), სერგო დათუკაშვილი (1978, 198, უგუნდო)
CB ირაკლი ჩიქოვანი (1989, 198, კონსტანცა, რუმ), ირაკლი კბილაშვილი (1998, 189, ოდესა, უკრ), გიგა ზარნაძე (1999, 194, პეგასი)
RB გიორგი ცხოვრებაძე (2001, 193, მონპელიე, საფ), რატი მსხვილიძე (1986, 207, უგუნდო)
RB, RW გიორგი დიხამინჯია (1997, 190, სტრუგა, მკდ)
RW რევაზ ჭანტურია (1982, 178, პელისტერი, მკდ), ირაკლი გოგოლაძე (1996, 177, BSB ბათუმი)
P ერეკლე არსენაშვილი (1998, 200, დიომიდის არგოსი, საბ), უჩა მაისურაძე (1986, 190, უგუნდო)
ჯორჯე რაშიჩი (სრბ, 1958, მთავარი მწვრთნელი)
გიორგი გვაზავა (1978, მწვრთნელი)
ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990, ექიმი)
ვახტანგ მეიფარიანი (1970, კაცთა ნაკრებების მთავარი მენეჯერი)