მსხვილიძე კარიერას მაკედონიაში აგრძელებს
ქართველი ხელბურთელები აგრძელებენ საკლუბო სეზონს ევროპულ კლუბებში. მაკედონიაში ორ ქართველს, ორჯონიკიძესა და ჭანტურიას დაემატა საქართველოს ნაკრების მარჯვენა ინსაიდი რატი მსხვილიძე, რომელიც ქალაქ ბიტოლას კლუბ რაბოტნიკში ჩაირიცხა.
ახალ კლუბში პირველი მატჩი მსხვილიძემ სწორედ ქართველების წინააღმდეგ ითამაშა – ეს იყო ქალაქ ბიტოლას ორი კლუბის, პელისტერისა და რაბოტნიკის თამაში, რომელიც პელისტერმა მოიგო 25-17, თეიმურაზ ორჯონიკიძემ 11 გოლი გაიტანა, რევაზ ჭანტურიამ 3, მსხვილიძემ კი სეზონი 1 გატანილი გოლით დაიწყო.
იქამდე პელისტერმა 34-23 დაამარცხა სკოპიეს ვარდარის ახალგაზრდული გუნდი (ორივე ქართველმა 5-5 გოლი გაიტანა), მერვე ტურში კი 23-21 მოუგო ოჰრიდს (ორჯონიკიძე 6, ჭანტურია 3) და პირველი წრე 8 მატჩიდან 7 მოგებითა და 21 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მეორეზე 16 ქულით იმყოფება მსხვილიძის რაბოტნიკი, რომელმაც მე-8 ტურში ვარდარ-ჯუნიორს მოუგო, 24-17. მაკედონიაში ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი გადის ფინალურ ექვსეულში, იქ კი სკოპიეს ვარდარსა და მეტალურგთან ერთად ორწრიან ტურნირში გაარკვევს ქვეყნის ჩემპიონს.
რუმინეთში ნათამაშებია 11 ტური. ირაკლი ჩიქოვანის კელერაში პლეიოფში გამსვლელ მე-7 ადგილზეა 11 თამაშიდან 19 ქულით (6, 1, 4). ბოლო 4 ტურში ჩიქოვანის კლუბმა მოიგო ორი თამაში: ლიდერთან, ბუქარესტის სტიაუასთან 24-23 გაიმარჯვა და ქართველმა აქ ერთი გოლი იკმარა, თუმცა, 8 გოლით საუკეთესო იყო ვასლუისთან მოგებულ თამაშში – 29-26. სულ ჩიქოვანს 11 ტურში 44 გოლი დაუგროვდა. ეროვნული ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კლუბი, ფოჩანი 10 ქულით (3, 1, 6) მე-11 ადგილზეა, მერვეზე მყოფ CSM ბუკურეშტის 8 ქულით ჩამორჩება და 19 ნოებერს გამოტოვებული მატჩი აქვს ბუქარესტის დინამოსთან.
თურქეთში, ქალაქ ანკარის კლუბ MYK ჰენტბოლში თამაშობენ ლექსო წითელიშვილი და უჩა მაისურაძე. კლუბს 6 მატჩიდან 2 მოგება და 4 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა. მეხუთე ტურში გუნდმა სტუმრად დაამარცხა ბურსა ნილუფერი 27-26, ორმა ქართველმა კი 14 გოლი გაიტანა (წითელიშვილი 10, მაისურაძე 4). მეექვსე მატჩში MYK ჰენტბოლი შინ დამარცხდა ბელედიესთან 21-26 (წითელიშვილი 5, მაისურაძე 4).
ლუქსემბურგის ჩემპიონატში 5 მატჩიდან 3 მოგებით მეხუთე ადგილზეა ვლადიმერ რუსიას კლუბი დიფერდანჟი, რომელსაც დღეს და ხვალ ევროტურნირის, ჩელენჯ კაპის მეორე წრის მატჩები აქვს ბულგარეთის დობრუჯასთან. პირველ ეტაპზე დიფერდანჟმა ლიტვის კაუნო აზუოლასს აჯობა.
საბერძნეთში, 6 თამაშიდან 3 მოგებით მე-7 ადგილზეა ერეკლე არსენაშვილის კლუბი, ფილიპოს ვერია. მე-5 ტურში ფილიპოსმა სტუმრად 29-19 მოუგო დრამას, რაშიც ახალგაზრდა ქართველმა ხაზის მოთამაშემ თავისი წვლილი 4 გოლით შეიტანა, შემდეგ კი კლუბი შინ დამარცხდა ლიდერ პაოკთან 22-24. არსენაშვილმა გაიტანა 1 გოლი და სულ 5 ნათამაშებ მატჩში 15 დააგროვა.
აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატში, კლუბ იდმან აკადემიიასის შემადგენლობაში ქალთა ნაკრების სამი ხელბურთელი, მეკარე ქრისტინე ჯავახია, ქეთევან ვენეცკი და თინათინ ქიტესაშვილი თამაშობს, 4 ახალგაზრდა ქართველი ხელბურთელი კი უახლოეს ხანში გამართავს პირველ მატჩებს ევროპაში.
გიორგი ცხოვრებაძე 2 დეკემბერს იწყებს თავის ოფიციალურ კარიერას საფრანგეთის მონპელიეს ახალგაზრდულ გუნდში, დანიის სკივეში უკვე გაემგზავრა გიორგი დიხამინჯია, იქვე, კლუბ ვიბორგშია მედეა ჩოხელი, ხოლო ესპანეთის გრანოლერსში – ქეთი კუნელაშვილი. თამაშს ოთხივე თავ-თავისი ასაკის გუნდში იწყებს და ყველას აქვს კარგი შანსი, კარიერა ამ სამი მოწინავე სახელბურთო ქვეყნის პროფესიონალურ გუნდებში განაგრძოს.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს, ვაჟთა უმაღლესი ლიგა 28 ნოემბერს იწყება თბილისში, ხოლო კაცების ეროვნული ნაკრები 13-15 იანვარს ლიტვაში ითამაშებს მსოფლიო ჩემიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს ლიტვის, ლატვიისა და ისრაელის წინააღმდეგ. ქალთა ნაკრებს 2018 წელს ორი ოფიციალური ტურნირი აქვს: მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის კვალიფიკაცია მარტში (წილისყრა 22 ნოემბერსაა), ხოლო შემოდგომაზე უკვე ეროვნული ნაკრებების დონეზე ვითამაშებთ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს.