გიორგი ცხოვრებაძე მონპელიეში გადავიდა

16 წლის ქართველი ხელბურთელი, გიორგი ცხოვრებაძე თბილისის პეგასიდან საფრანგეთის ერთ-ერთი ტიტულოვან კლუბში, მონპელიეში გადავიდა. ცხოვრებაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და 2017 წელს ეროვნულ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. გთავაზობთ სტატიას, რომელიც ფრანგული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გიორგი დაუძახეთ (სათაური)

გიორგი ქართველია და ახლახან ჩამოვიდა მონპელიეში. ასე უნდა დავუძახოთ, რადგანაც მისი გვარის, ცხოვრებაძის ფრანგულად გამოთქმა გაცილებით უფრო ძნელია. სახელბურთო კლუბ მონპელიეს მწვრთნელისა და აკადემიის მთავარი კოორდინატორის, ერიკ მათეს აზრით, ის თვითნაბადი განძია.

192 სანტიმეტრია და 85 კილოგრამს იწონის, მისი ძალა და სახელბურთო უნარ-ჩვევები, 16 წლის მოთამაშისთვის ძალიან იშვიათია. როდესაც ის პირველად ჩავიდა საფრანგეთში გასასინჯად, აგვისტოში, მონპელიეს ძირითადი გუნდის მოთამაშემ, ვიდ კავტიჩნიკმა, ცხოვრებაძის შორეული დარტყმის შემდეგ გაკვირვებულმა შენიშნა – ერთი ამას შეხედეთ, ჯერ 16 წლისაც არაა.

ცხოვრებაძე 2001 წელსაა დაბადებული, ცაციაა და მარჯვენა შუამარბის პოზიციაზე თამაშობს. კარიერა თბილისის პეგასში დაიწყო და ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია. 2017 წლის აგვისტოში ის თბილისის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე იყო მონპელიეს ორ ხელბურთელთან, კილიან ვილმინოსა და ჟულიენ ბოსთან ერთად.

ქართველის აყვანა ფრანგულ სენ-რაფაელსა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, მაკედონიის ვარდარსაც სურდათ, მაგრამ ცხოვრებაძემ და მისმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ მონპელიე არჩიეს. ნოემბრის დასაწყისში გიორგი კლუბში გამოცხადდა, წინა შაბათს მონპელიე-სპორტინგის მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე ტრიბუნიდან უყურა, 6 ნოემბერს კი კლუბთან ერთად ივარჯიშებს. ცხოვრებაძეს პირველი თამაში 2 დეკემბერს, ბუნიოლის წინააღმდეგ ექნება საფრანგეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატში.

ინტერვიუ ერიკ მათესთან.

-რას ელის კლუბი ახალი მოთამაშისგან?

-ამ აპლუის, მარჯვენა უკანახაზელის პოზიციაზე მოთამაშე ხელბურთელი, თანაც ასეთი კომპლექციისა და მონაცემების, იშვიათობაა. მონპელიეს სახელბურთო აკადემიის ძირითადი მიზანი, რა თქმა უნდა, ფრანგი მოთამაშეების მომზადებაა, თუმცა, ვწვევთ იმ უცხოელებსაც, რომელთა პოზიციაზეც დეფიციტი გვაქვს. გვესმის, რო შეიძლება ამის გამო ვინმემ გაგვაკრიტიკოს, რადგანაც საფრანგეთში ბევრი ტალანტია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს პროფესიონალური მიდგომაა. ამ ასაკის, ამ პოზიციისა და ამ მონაცემების მოთამაშე ახლა საფრანგეთში არ გვყავს.

-როგორ მოხვდა ცხოვრებაძე მონპელიეში?

-როდესაც მონპელიეს შესაბამისმა სამსახურმა ის აღმოაჩინა, დავუკავშირდით მის კლუბს და აგვისტოში ჩამოვიყვანეთ. მოვაწყვეთ მიმღებ ოჯახში, ვაჩვენეთ სკოლა, სადაც უნდა ისწავლოს, გავაცანით სავარჯიშო პირობები, ხოლო კლუბის მთავარი მწვრთნელი პატრის კანაიე პირადად ესაუბრა ჩვენი კლუბის ფილოსოფიაზე. შემდეგ ჩავუტარეთ ფიზიკური მომზადების, ჯანმრთელობისა და წმინდა სახელბურთო ტესტები. ერთი სიტყვით, ყველა პროცედურა ისეთი იყო, როგორც სხვა ახალგაზრდა მოთამაშეების გასინჯვისას გვაქვს.

-შემდეგ?

-დავინახეთ რომ ის ჩვეულებრივი, უბრალო ტალანტი არაა და კლუბშიც მოვიწვიეთ. ის ვარჯიშს 6 ნოემბერს დაიწყებს, ჯერჯერობით 18-წლამდელთა და სარეზერვო გუნდთან იქნება და თუ ყველაფერი კარგად იქნა, მე ვფიქრობ, მალე მონპელიეს პროფესიონალურ გუნდშიც მოხვდება.

ის მიმღებ ოჯახში იცხოვრებს. მე ვფიქრონ, ეს საუკეთესო გზაა ინტეგრაციისთვის. ასე უფრო გაუადვილდება ფრანგულის შესწავლა და ფრანგულ კულტურასთან შეგუება, გაისიდან კი უკვე კლუბის ბაზაზე გაავა. მონპელიე იხდის ყველა ხარჯს: ცხოვრებას, კვებას, ყველა ადმინისტრაციული საკითხის მოგვარებას და წელიწადში სამჯერ სამშობლოში, ოჯახში გამგზავრებასაც უზრუნველჰყოფს. აკადემიაში ყოფნისას მას დღეში ერთი ან ორი ვარჯიში ექნება და, ამასთან ერთად, ივლის სკოლაშიც. ანალოგიური რეჟიმი აქვს მონპელიეს აკადემიის ყველა ხელბურთელს, ფრანგი იქნება თუ უცხოელი.

(სტატიის დასასრული)

სტატია მონპელიეს ვებ-გვერდზე 3 ნოემბერს გამოქვეყნდა, ორ დღეში კი ცხოვრებაძის საფრანგეთში გადასვლას გამოეხმაურა მაკედონიის სახელბურთო ონლაინ-გამოცემა 24rakomet: „ქართველი ყმაწვილი ვარსკვლავი, რომელიც სკოპიეს ვარდარს უნდოდა, მონპელიემ წაიყვანა“. მაკედონიელები ცხოვრებაძეს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტს უწოდებენ.

მონპელიე საფრანგეთის 14-გზის ჩემპიონია (ბოლოს – 2011-12) სეზონში, 2003 წელს ევროპის ჩემპიონთა ლიგა მოუგია, წლევანდელ ლიგაზე კი ერთადერთი გუნდია, ვისაც ექვსი მატჩიდან 6 გამარჯვება აქვს. დღევანდელ შემადგენლობაში მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის 5 გამარჯვებული თამაშობს: მეკარე ვენსან ჟერარი, მიქაელ გიგუ, ლუდოვიკ ფაბრეგასი, ვალონტან პორტი და მათიო გრები.

ვიდეო, გიორგი ცხოვრებაძე: https://www.youtube.com/watch?v=w1J92jtQE1w

Leave a Reply