ლიდერთა დრამატული ფრე ქუთაისში

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის  მე-15 ტურში, ქუთაისის სპორტის სასახლეში, ფრედ დასრულდა ლიდერთა ჯგუფის წევრების, ქუთაისისა და ბათუმის შავი ზღვის ბიჭების მატჩი, 34-34. სამტრედიამ 31-28 მოუგო წყალტუბოს.

ჩემპიონს, შავი ზღვის ბიჭებს, საგანგებო მატჩი ჰქონდა ჩემპიონატის ლიდერთან. ბათუმელები ქუთაისს 2 ქულით ჩამორჩებოდნენ და წაგების შემთხვევაში რეგულარულ სეზონში პირველი ადგილის დაკავების შანსი ხელიდან ეცლებოდათ. წინა ტურებთან შედარებით, მწვრთნელებმა შემადგენლობა გადაალაგეს, ქუთაისელთა გამთამაშებელ უჩა გამზარდიას კი პერსონალურ მეურვედ ვანო ქარდავა მიუჩინეს.

ბათუმი უმეტესი დროის განმავლობაში წინ იყო და მაქსიმალური უპირატესობა 4 ბურთი ჰქონდა. მათ შორის საუკეთესო იყო გიორგი სურმავა, ვინც თავადაც უტევდა, თანაგუნდელებსაც ურიგებდა პასებს და იოლად უმკლავდებოდა მეტოქის მწვრთნელთა მიერ პირადად მის წინააღმდეგ დაწესებულ 5-1 დაცვას. ბათუმი თავიდანვე დაწინაურდა – 4-1, 10-6, 16-12, შესვენებაზე 18-15 და მეორე ტაიმის დასაწყისში – 20-16.

ქუთაისელები თავიდან დაიბნენ პერსონალურად აყვანილი ლიდერის გამო, მაგრამ გამოჩნდნენ სხვა წინამძღოლები – რუსტამოვი, ვინც სწრფი გარღვევებიდან და შვიდმეტრიანებიდან ჯამში 12 გოლი გაიტანა და მათნაძე – რომელიც მწვრთნელებმა უკანა ხაზში დასწიეს, არცთუ ტანმაღალმა მოთამაშემ კი შორიდან 6 მნიშვნელოვანი  გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში კარგად შემოვიდა მეკარე ცერცვაძე, რეგულარულად დაიწყო გატანა ორმეტრიანმა პივოტმა ჯუღელმა და ქუთაისმა ხანგრძლივი დევნა დაასრულა 50-ე წუთზე, როდესაც ჯუღელმა გაათანაბრა (29-29), მერე კი მან და რუსტამოვმა 2 ბურთით დაწინაურეს მასპინძლები, 31-29.

დარჩენილი იყო 8 წუთი და ბათუმის უფრო ასაკოვანი გუნდი თითქოს გადაღლილი ჩანდა, მაგრამ გოგალაძემ და გრიშიკაშვილმა გაათანაბრეს, 31-31, ამის შემდეგ კი იყო ეპიზოდი, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

გამზარდიამ მექოქის გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გაიქცა, მაგრამ ფეხი მოუცურდა, თან კი მცირე კონტაქტი ჰქონდა ბერძენიშვილთან. ბელარუსმა მსაჯებმა მიიჩნიეს, რომ დამნაშავე ბათუმელი იყო – ბერძენიშვილი 2 წუთით გააძევეს, რუსტამოვმა კი შვიდმეტრიანი შეგდო – ქუთაისი, 32-31.

ბათუმი ამ სიტუაციიდანაც გამოძვრა. სურმავამ ორჯერ მოიპოვა შვიდმეტრიანი, შუალედში კი ორი წუთით გააძევებინა უჩა კობახიძე. შედეგად – გოგოლაძე, ქარდავა, გიორგი კობახიძე  – და წინ უკვე შავი ზღვის ბიჭებია – 34-32 და დარჩენილია ორწუთნახევარი.

ქუთაისმა მაინც გაათანაბრა. 59-ე წუთზე გაიტანა მათნაძემ და იქვე გარღვევაში წავიდა რუსტამოვი – 34-34.

ბოლო წუთმა დაიტია ორი ტაიმაუტი, ორი გაცუდებული შეტევა და ბოლო ეპიზოდი: დასრულებამდე 29 წამით ადრე ბოლოჯერ შეუტია ქუთაისმა, შვიდი წამით ადრე გამზარდიამ გააკეთა გარბენი, წაიქცა და ზედ ბურთზე დაეცა. აბრამიშვილი უკვე გაქცეული იყო გარღვევაში, მაგრამ პასი ვერ მიიღო, რადგანაც წაქცეულმა ქუთაისელმა ბურთი დროულად არ გაათავისუფლა. მატჩის ბოლო 30 წამში წესები უმკაცრესია – მეტოქის შეტევის შემაყოვნებელი იღებს  წითელ ბარათს და მისი გუნდი შვიდმეტრიანით ისჯება. ძმები ბუცკევიჩების ვერდიქტი იყო ასეთი – გამზარდია ბურთზე უნებურად წაიქცა და მეტოქისთვის ხელი არ შეუშლია. შესაბამისად, ბათუმს ბოლო შეტევისთვის სულ 3 წამი დარჩა და თამაშიც 34-34 მორჩა. ქუთაისმა პირველი ადგილი შეინარჩუნა, თუმცა, დაკარგული ქულებით, ის სტუ-ქარიშხალას გაუტოლდა.

წყალტუბოს პრომეთე ეროვნულ ჩემპიონატში თითქმის იმავე შემადგენლობით თამაშობს, როგორითაც ჭაბუკთა პირველობაზე, თუმცა, თამაშს დღითიდღე აუმჯობესებს. წყალტუბოელებმა მატჩის ბოლოსკენ გაუთანაბრეს ანგარიში სამტრედიას (27-27), მაგრამ მეტოქის ლიდერმა, ირაკლი თევზაძემ მატჩი მაინც გარდატეხა – 31-28.

ქუთაისი-ბათუმი: https://www.youtube.com/watch?v=Pod-MVgvSmQ

სამტრედია-წყალტუბო: https://www.youtube.com/watch?v=jZfF5ba1xdg

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

15-17 ტურები, დასავლეთი. ქუთაისის სპორტის სასახლე. 1-3 აპრილი

სამტრედია-წყალტუბო 31-28

სამ: ხონელიძე – თევზაძე 8, ზურაბიანი 8, ნიკურაძე 6, ხაჟომია 4, ძნელაძე 3, ხომერიკი 2, დემეტრაშვილი

წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე – ხელაძე 10, ციბაძე 6, დარსაველიძე 4, ბენიძე 4, შვანგირაძე 3, გ. გველესიანი 1, მეტონიძე, გოგიძე

ბათუმი-ქუთაისი 34-34

ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი – სურმავა 7, გოგოლაძე 6, ქარდავა 5, გრიშიკაშვილი 4, გოგალაძე 4, ბერძენიშვილი 3, აბრამიშვილი 2, გ. კობახიძე 2, წივწივაძე 1, ყაველაშვილი

ქუთ: ტორონჯაძე, ცერცვაძე – რუსტამოვი 12, მათნაძე 6, ჯუღელი 6, გამზარდია 4, სიმონია 4, ჭელიძე 2, მერკვილაძე, უ. კობახიძე, ჩიხლაძე

2 აპრილი

13:30 წყალტუბო-ბათუმი

15:30 ქუთაისი-სამტრედია

3 აპრილი

12:00 ბათუმი-სამტრედია

15:30 ქუთაისი-წყალტუბო

მსაჯები: ი. ბუცკევიჩი – ვ. ბუცკევიჩი (ბლრ), დელეგატი: ლ. გელაშვილი

———————–თ–მ—ფ—წ——-ბ—–ქ

ქუთაისი————15–12—1—2–551-482-25

BSB ბათუმი——–15–11—1—3–548-435-23

სტუ-ქარიშხალა—-14–11—1—2–487-401-23

იმედი თელავი—–14—7—1—6–426-379-15

პეგასი—————14—7—1—6–512-468-15

სამტრედია———15—4—0–11–492-550–8

გორი—————-14—2—1–11–500-560–5

წყალტუბო———15—1—0–14–444-685—2

აღმოსავლეთი, არენა 2

4 აპრილი

14:00 სტუ-ქარიშხალა – იმედი თელავი

16:00 პეგასი – გორი

5 აპრილი

14:00 იმედი თელავი – პეგასი

16:00 გორი – სტუ-ქარიშხალა

6 აპრილი

14:00 იმედი თელავი – გორი

16:00 სტუ-ქარიშხალა – პეგასი

4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში

18-21 ტურები, საერთო: 24-27 აპრილი, არენა 2

ფინალური ოთხეული: 8-9 მაისი

Leave a Reply