28/05/15 თამაზ ანთაძე – 80. თელავი ვალშია მასთან
პატარა ქალაქში ხმა უცბად ვრცელდება – ,,ალაზანმშენის” მთავარ ინჟინრად თბილისელი კაცი დანიშნეს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის თბილისის ,,ქარიშხალას“ ხელბურთელთა გუნდის კაპიტანი თამაზ ანთაძე, მეტსახელად ,,ფარჩო“ რომ ჰქვიაო …. 70-იანი წლების დასაწყისი იყო.
დრო გადის და ირკვევა, რომ თურმე რა კაცი შემატებია თელავს – მშენებელი, მრავალმხრივი სპორტსმენი, მწვრთნელი, მხატვარი, არქიტექტორი იუმორისტი და კიდევ რა ვიცი, ერთი სიტყვით მაგარი ნიჭიერი კაცი – ტიპიური ,,გეპეისტი“. იქ ხომ კონსერვატორიის, სამხატვრო აკადემიის, თეატრალური და ფიზკულტურის ინსტიტუტების ,,ფილიალები“ იყო თითქოს გახსნილი.
ბუნებით ლიდერად დაბადებულს, პირველობაც უყვარდა და შეჯიბრიც, და არა ჯიბრი და ბოღმა. ხოდა ასეთმა, თელავში ჩამოსვლისთანავე, სპორტული ბიჭების ძებნა დაიწყო. შექმნა ხელბურთელთა გუნდი და მოკლე დროში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ლამის ნახევრად თელავური გახადა. დაუმარცხებელ თბილისსაც სძლია და მაინც კახელთა სატახტო ქალაქი ვიცე – ჩემპიონობით დააკმაყოფილეს, მაშინ ხომ დედაქალაქელთა წაგება ,,არ შეიძლებოდა“.
მოუსვენარი კაცი ნოვატორიც იყო და იდეისტიც – სათხილამურო ,,კანატკა“ ჰკიდა ცივის მთას, მაგრამ ბედი არ გინდა? იმ წლებში თელავში თოვლი არ მოვიდა და სათხილამური ბაზის იდეაც ჩავარდა. არ დაისვენა, რაიკომის მდივანი აიძულა ჩოგბურთის კორტები მოეწყო. ეს საქმეც ,,გაჩარხა“ და ქალაქს განსხვავებულობა შემატა. შემდეგ დაკონსერვებული სამდარბაზიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობა გააცოცხლა, დაამთავრა და სპორტთამაშების სკოლაც გახსნა.
თამაზ ანთაძე სპორტში ,,არქეოლოგიც“ იყო და შორსმხედველი სელექციონერიც. ,,ტყემალზე მჯდარ“ ყმაწვილს ჩამოიყვანდა, პერსპექტივას გათვლიდა მასში და ათიანშიც გაარტყამდა.
თავისუფალ კაცს ჩარჩოში ვერ ჩასვამდი და კომუნისტურ რეჟიმშიც პოულობდა თავისულებას. აბა, სხვა რა იყო, სპორტდარბაზს ამერიკის ეროვნულ დროშას რომ ,,ჩააცვამ“.
თავისუფალ კაცს სამშობლოს თავისუფლებამაც უწია, თვითონ კი არაბულ სამყაროს და მამლუქივით გაიბრძოლა იქაურ სპორტშიც. სულ მოძრაობდა, რადგან მყინვარს თერგს ამჯობინებდ, კუვეიტიდან თელავში ჩამიორბენდა, მოინახულებდა სპორტსმენებს, მეგობარ მხატვრებს, მშენებლებს და ისევ გარბოდა. სულ სადღაც ეჩქარებოდა ამ არასტანდარტულ და არაორდინალურ კაცს.
იუმორით სავსე წლებს არ იტყობდა. მისთვის წლების მატება უბრალო არითმეტიკა იყო და არა სიმძიმე და სიბერე და მაინც ვერ შევიდა იმ ასაკში.
შეიძლება ხმამაღალიც იყოს, მაგრამ თელავი ვალშია მასთან. ისე კი, თუ ვალს გაისტუმრებ, რაღაც მდორდება, ვალში ყოფნა კი მუდმივად რაღაცას გაიძულებს. და თუ ასეა ვიყოთ ხანგრძლივად მასთან ვალში.
სანამდე სუნთქავ – ცოცხლობ, სანამდე უყვარხარ, ახსოვხარ ხალხს – ცხოვრობ. ჰოდა, კაი ხანს მოუწევს ცხოვრება ამ თბილისელ – თელაველ კაცს.
ნიკო ვაყელიშვილი