29/05/15 ოთხი ნაკრებით ბარსელონიდან გიოტებორგამდე

ივნისის მეორე ნახევარში საქართველოს ერთბაშად ოთხ ნაკრებს თითქმის ერთდროულად მოუწევს საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა – ჩვიდმეტწლამდელთა ოლიმპიურ გუნდს, ცხრამეტწლამდელთა ნაკრებს ქვიშისა და კლასიკურ ხელბურთში, ახალგაზრდული გუნდი კი ახალ შეჯიბრებაში – IHF განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატში ჩაერთვება

1998 წელს დაბადებული ჭაბუკები, თბილისის ჭაბუკთა ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე, გაემგზავრებიან ესპანეთში, სადაც ჯერ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ ბარსელონას ჩვიდმეტწლამდელთა გუნდთან, შემდეგ კი ჩაერთვებიან გრანოლერსის საერთაშორისო ტურნირში 1997-98 წლებში დაბადებულებს შორის.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია 20-27 ივნისს აწყობს ახალ შეჯიბრებას – IHF განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატს. ტურნირზე მოწვეულია 20 გუნდი: 15 ევროპიდან (ბოსნია, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, ბულგარეთი, ირლანდია, ფარერები, ბრიტანეთი, მალტა, მოლდოვა, ალბანეთი, ანდორა, აზერბაიჯანი, სომხეთი, კოსოვო) და დანარჩენები – სხვა კონფედერაციებიდან: ჩინეთი, ინდოეთი, კამერუნი, ურუგვაი, ავსტრალია. მონაწილეთა ასაკი 30 წლითაა შემოსაზღვრული.

ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ცნობილი სპეციალისტი მერაბ მეტრეველი, მას ეხმარებიან თბილისის ქარიშხალას ყოფილი ვარსკვლავები – ჯემალ ბარამიძე, ამბერკი ტაბიძე და ამირან კომახიძე. გუნდის უფროსია დიმიტრი აბესაძე. ეროვნული ნაკრების ლიდერებიდან ასაკობრივ შეზღუდვას მხოლოდ რატი მსხვილიძე (1986) და ირაკლი ჩიქოვანი (1989) აკმაყოფილებენ, მაგრამ მსხვილიძე მძიმე ტრავმის შემდეგ ახლაღა იწყებს ვარჯიშს, ჩიქოვანი კი ასევე ტრავმირებულია და ჯერ ცნობილი არაა, მოახერხებს თუ არა თამაშს. ამიტომ, მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, შეჯიბრებაზე ახალგაზრდული გუნდი გამოიყვანონ – 1990-95 წლებში დაბადებულები, ერთგვარი მომავლის ნაკრები.

კანდიდატებს შორის არის 1996-97 წლებში დაბადებული რამდენიმე ხელბურთელიც, მაგრამ ისინი ამ პერიოდში ცხრამეტწლამდელთა ნაკრებში იქნებიან დაკავებულები. ჭაბუკები ივნისის ბოლოს გიოტებორგში, ევროპის ღია პირველობას თამაშობენ თავიანთ ასაკში, ხოლო რამდენიმე დღით ადრე ესპანეთში ქვიშის ხელბურთის ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატია. ცხრამეტწლამდელები ამ ორ გუნდს შორის გადანაწილდებიან, ზოგიერთ მათგანს კი ორივე ტურნირის თამაში მოუწევს. ამ ასაკის გუნდების მწვრთნელები არიან ტიტე კალანდაძე და გიორგი სახვაძე, ხოლო ქვიშის ხელბურთში – მამუკა მჟავანაძე და ლევან გელაშვილი.

თუ დავუბრუნდებით IHF განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატს, აქ ერთი საეჭვო გარემოებაა – შეჯიბრების გამართვის ადგილი. მასპინძლობაზე განაცხადი საქართველოს ფედერაციამაც შეიტანა, ოღონდ იმ პირობით, თუ შეჯიბრება 5 ივლისიდან დაიწყებოდა. სწორედ ამ დროისთვის უნდა ჩადგეს მწყობრში ახალი სახელბურთო არენა უნივერსიტეტის ქუჩაზე და ფედერაცია შეჯიბრებას ახალი დარბაზის ტესტ-ტურნირად განიხილავდა ახალგაზრდული ოლიმპიადის წინ. თუმცა. ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ვადები არ შეცვალა და მასპინძლობა დააკისრა კოსოვოს.

სერბეთის ყოფილი ნაწილი უკვე აღიარა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ფაქტობრივად – ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამაც. კოსოვოელები უკვე თამაშობენ ევროპის ჩემპიონატზე და ყოველნაირად ცდილობენ საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობასაც. მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, ეს ქვეყანა არ უღიარებია საქართველოს. ამდენად, კოსოვოში წასვლა ერთგვარ უხერხულობას ქმნის, თუმცა, ფაქტი ისაა, რომ ამ ქვეყნის ნაკრები უკვე ყველა სახელბურთო შეჯიბრების მონაწილეა და ადრე თუ გვიან, მათთან შეხვედრა მაინც მოგვიწევს.

მერაბ მეტრეველის გუნდი გლდანში, ცერცვაძის აკადემიაში პირველად გუშინ შეიკრიბა და 28 მაისს პირველი საკონტროლო მატჩის გამართვაც მოასწრო. ახალგაზრდული გუნდის მეტოქე იყო ოლიმპიური ნაკრები. მართალია, ასაკში სხვაობა სამიდან 8 წლამდე იყო, მაგრამ უფროსებს ჯერ კიდევ აკლიათ რამდენიმე ხელბურთელი, თანაც შეუთამაშებლები არიან, ჭაბუკები კი, გარი თურქიას და გიორგი ქობელაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი ხანია, ინტენსიურად ემზადებიან თბილისის ოლიმპიადისთვის. თამაში უმცროსებმა მოიგეს – 28-25.

კვირას, 31 მაისს, სახელბურთო ეპიცენტრი ერთი დღით გადაინაცვლებს თელავში, სადაც აღინიშნება გამოჩენილი ქართველი ხელბურთელის, თამაზ ანთაძის დაბადების 80 წლისთავი. 1 ივნისიდან საქართველოს ოთხივე ნაკრები ტურნირებისთვის მზადებას განაგრძობს.

ხელბურთი. 28 მაისი, გლდანი

საქართველო (-17) – საქართველო (20+) 28-25

(-1998): ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი (მამულაშვილი) – ბულბულაშვილი 9, კბილაშვილი 4, რუსტამოვი 4, არსენაშვილი 4, ზ. იობაშვილი 2, ცხოვრებაძე 2, ფერაძე 1, მერკვილაძე 1, ზარნაძე 1, მაისურაძე, დოლმაზაშვილი, ტიელიძე (ნიაზაშვილი) – მწვ. თურქია, ქობელაშვილი

(1995+): სამიტაშვილი, ცერცვაძე – გ. იობაშვილი 4, წითელიშვილი 4, ალანია 3, აბრამიშვილი 3, ჭელიძე 3, თევზაძე 2, სიმონია 2, სურმავა 2, ნიკურაძე 1, გამზარდია 1, ლეჟავა, სტურუა, აბაშიძე, ახალბედაშვილი – მწვ. მეტრეველი, ბარამიძე
მსაჯები: ამბერკი ტაბიძე, ამირან კომახიძე

ფოტო: მერაბ მეტრეველი

Leave a Reply