22/02/15 ევროპის ჩემპიონატი პლაჟის ხელბურთშიც გვიწევს

ევროპის ხელბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ პლაჟის ხელბურთის ევროპის ჩემპიონატში, რომელიც 26 ივნისიდან 5 ივლისამდე გაიმართება ესპანეთის კურორტ ლიორეტ დე მარში, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

 

ტურნირი მეცხრედ იმართება. ჯერ უძლიერესს გაარკვევენ 19-წლამდელები, ხოლო შემდეგ კაცებისა და ქალების პირველობაც ჩატარდება. შეჯიბრების ადგილი, კატალონიის ცნობილის ზღვისპირა ქალაქი ლიორეტ დე მარი ბარსელონადან 70 კილომეტრშია.

საქართველოს ჭაბუკთა და გოგონათა ნაკრებს უკვე აქვს მსგავს ტურნირებზე თამაშის გამოცდილება – 2012 წელსი ქვიშის ხელბურთის ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი ბათუმში გაიმართა. მას შემდეგ საქმემ წინ წაიწია – 2014 წელს პირველად გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც სამ ეტაპად მოეწყო კუს ტბაზე, ურეკსა და ბათუმში. ჩემპიონები გახდნენ თბილისის ქორები და ყვარლის გოგონათა გუნდი.

წლეულს ეროვნული ჩემპიონატის გამართვა ოთხ ეტაპადაა ნავარაუდევი და მეოთხე მასპინძელი ქალაქი ყვარელი უნდა იყოს. ჩემპიონატი დაიწყება მაისის ბოლოს და ევროპის ჩემპპიონატზე გამგზავრებამდე ორი ეტაპია დაგეგმილი.

ბარსელონაში გამოვა 19-წლამდელ ჭაბუკთა გუნდი. ხელბურთის ფედერაციაში პლაჟის ხელბურთის განყოფილებას ხელმძღვანელობს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ლევან გელაშვილი.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია ბოლო დროს აქტიურად მუშაობს ხელბურთის შედარებით ახალი სახეობის დასანერგად. არის საუბარი, რომ მომავალში ქვიშის ხელბურთი ზაფხული ოლიმპიადების პროგრამაში მოხვდეს. საამისოდ პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. მსოფლიოს მეორე ახალგაზრდული ოლიმპიადის პროგრამაში, რომელიც 2018 წელს გაიმართება ბუენოს აირესში, სწორედ ქვიშის ხელბურთი იქნება შეტანილი. პირველ მსგავს თამაშებზე, ჩინეთის ნანძინში, ასპარეზობა კლასიკურ ხელბურთში გაიმართა.

 

Leave a Reply