19/12/14 შვედი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში
ცერცვაძის სახელბურთო აკადემიაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასა და შვედ ექსპერტებს, პერ კარლენსა და ოვე ერიქსონს შორის.
ვიზიტის ორგანიზატორები არიან საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ელჩი შვედეთში კონსტანტინე ქავთარაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ერთერთი ექსპერტი, პერ კარლენი გახლავთ წარსულში ძალიან ცნობილი ხელბურთელი – მსოფლიოსა (1990) და ევროპის ჩემპიონი (1994), ოთხჯერ გამოსულა ზაფხულის ოლიმპიადაზე და ორჯერ უთამაშია ფინალში (1992, 96). მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ის გახლდათ მწვრთნელი, ლექტორი და ხელბურთის საერთაშორისო ექსპერტი. მის პარტნიორს, ოვე ერიქსონს მჭიდრო კავშირები აქვს საქართველოსთან ბიზნესისა და ტურისტული და კუთხით, წარმოადგენს კომპანიას Caucasiantours.
თანამშრომლობა დაიწყო ოქტომბერში, როდესაც სტოკჰოლმში გაიმართა საერთშორისო ტურისტული გამოფენა. მასში მონაწილეობდა საქართველოს საელჩოც, ხოლო ელჩმა ქავთარაძემ კარლენსა და ერიქსონს თანამშრომლობა შესთავაზა სპორტისა და ტურიზმის სფეროში. პერ კარლენმა გამოთქვა მოსაზრება საქართველოში საბავშვო ხელბურთის განვითარების პროექტის განხორციელების შესახებ. ამგვარი პროექტი მას შვედეთის რამდენიმე სკოლაში აქვს გამოცილი. პროექტი ითვალისწინებს სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის ხელბურთში რეგულარული ასპარეზობების გამართვას, ვაჟებისა და გოგონების შერეული გუნდების ჩამოყალიბებას, სკოლებში მინი-ხელბურთის სათამაშო ინფრასტრუქტურის განვითარებას. პროექტის მიზანი მოსწავლეების ფიზიკური გაჯანსაღება, გენდერული თანასწორობის პრინციპების ბავშვობიდანვე გაცნობა, ზოგადად, ხელბურთის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ბავშვების გამოვლენაა.
ხელბურთის ფედერაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე და ვიცეპრეზიდენტები, ვახტანგ მეიფარიანი და ელიზბარ არსენაშვილი.
იქამდე შვედ ექსპერტებს შეხვედრა ჰქონდათ სპორტის სამინისტროში, მინისტრ ლევან ყიფიანთან, მის მოადგილე თამაზ თევზაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან . შეხვედრას ესწრებოდნენ ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კიკალიშვილი და მხიარული სტარტების ფედერაციის პრეზიდენტი დავით ილურიძე.
19 დეკემბერს სტუმრები მიწვეულნი არიან ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებში, თბილისის მერიაში, ეროვნულ ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტებსა და სპორტის აკადემიაში.