13/05/14 16 მაისიდან გლდანში სახელბურთო დღეებია
საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ სპორტის სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა. საუბარი შეეხო ჯემალ ცერცვაძის თასის გათამაშებას, რომელიც 16 მაისიდან იწყება თბილისში, ასევე საქართველოს თექვსმეტწლამდელთა ნაკრებების ბოლო საერთაშორისო ტურნირებს.
თამაზ თევზაძე, სპორტის მინისტრის მოადგილე: – მინდა მივულოცო ბიჭების ნაკრებს უკრაინის საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო გოგონათა ნაკრების მწვრთნელებს – მართალია, მათ მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავეს, მაგრამ სპორტში ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნები. მთავარია, რომ ორივე გუნდი წარმატებულად ემზადება 2015 წლის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, ხოლო ხელბურთის ფედერაციას სწორი გეზი აქვს აღებული სახეობის განვითარებისთვის – ცდილობს რომ ააწყოს ამ გამართული სახელბურთო სტრუქტურა, რაც თავის დროზე შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
გიორგი ქობელაშვილი, ბიჭების ნაკრების მთავარი მწვრთნელი: – ჩვენ მხოლოდ პირველი თამაში წავაგეთ, ბროვარის გუნდთან, შემდეგ კი ორ–ორჯერ დავამარცხეთ კიევი და ზაპოროჟიე, ხოლო ბოლო ტურში ბროვარისაც ავუღეთ რევანში. ყველა თამაში დაძაბული იყო და უმეტესობის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. ამ ტურნირის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია – 2015 წლის ოლიმპიადამდე გუნდმა გამარჯვების გემო უნდა გაიგოს.
მაია კარბუნარი, გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ჩვენ ხშირად დავდივართ უცხოეთში, მაგრამ აქამდე საწვრთნელი შეკრებები და ამხანაგური მატჩები გვქონდა, ტურნირზე კი პირველად ვითამაშეთ. ცხადია, ბელარუსში დაკავებული მეხუთე ადგილით კმაყოფილი არა ვარ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სატურნირო გამოცდილება მივიღეთ. ტურნირის გამარჯვებული ლიტვის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ მათთან მეორედ შეხვედრა თუ მოგვიწია, დარწმუნებული ვარ, შედეგი ბევრად უკეთესი იქნება.
ზურაბ კაკაბაძე, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: – 16 მაისს ვიწყებთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირს, რომელიც ჯემალ ცერცვაძის 75 წლისთავს ეძღვნება. ეს ტურნირი აუცილებლად ტრადიციული გახდება. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოშ წელიწადში ორჯერ ჩავატაროთ მსგავსი ასაკობრივი შეჯიბრებები, რაც საშუალებას მოგვცემს, რეგიონალურ სახელბურთო ცენტრად ვიქცეთ. რაც შეეხება წლევანდელ ტურნირს, მისთვის სერიოზულად განვაახლეთ გლდანის ცერცვაძის სახელობის სახელბურთო დარბაზი. გვეწვევა მსოფლიო ხელბურთის ერთ–ერთი ლიდერის, პოლონეთის გოგონათა ნაკრები. სამწუხაროდ, უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო უკრაინის გუნდებმა ჩამოსვლა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, გოგონებში ითამაშებენ პოლონეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველოს 2 ნაკრები. ბიჭებში 4 გუნდია – აზერბაიჯანი, სომხეთი და ჩვენი ორი გუნდი. ჩვენი მეორე შემადგენლობაც საკმაოდ ძლიერია და ვფიქრობ, პირველ გუნდს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს. გოგონათა მეორე ნაკრების მწვრთნელები იქნებიან ნინო წივწივაძე და ირმა ციცქიშვილი, ხოლო ბიჭების მეორე გუნდისა – მამია კობახიძე და ლევან ოსიყმაშვილი. ოთხივე გუნდი უკვე ვარჯიშობს და სერიოზულად ემზადება. ასე რომ, პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით გლდანში ხელბურთის ნამდვილი ზეიმი გვექნება.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ნაკრების მოთამაშეები, ვინც ბელარუსისა და უკრაინის ტურნირზე საუკეთესო მოთამაშეების სპეციალური პრიზები დაიმსახურა – ნინო გაბისონია, თამარ ჩოგოვაძე, ირაკლი კბილაშვილი, ხაზეინ რუსტამოვი და ერეკლე არსენაშვილი.
ბიჭების ნაკრები უკრაინაში, 6-11 მაისი, 2014
მეკარეები: დათო მამულაშვილი (რუსთავი), სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა)
მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი, გიგი ფერაძე, ლუკა ბულბულაშვილი, ირაკლი კბილაშვილი (ქარიშხალა), გიორგი ბიბილეიშვილი, გიორგი მიქაძე (ფოთი),გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი),ზაალ ზაალიშვილი (შევარდენი) ლუკა გაწერელია, ზურაბ გოგავა (პეგასი), ხაზეინ რუსტამოვი, ზეზვა იობაშვილი (იმედი)
მწვრთნელები: გიორგი ქობელაშვილი, გიორგი გვაზავა
საქართველო (16) – ბროვარი 24:30
გაწერელია 5, კბილაშვილი 4, არსენაშვილი 3, ბულბულაშვილი 3, რუსტამოვი 2, მერკვილაძე 2, გოგავა 2, ფერაძე 2, ზაალიშვილი 1
საქართველო – ზაპოროჟიე 43:31
არსენაშვილი 13, კბილაშვილი 10, ფერაძე 6, ბულბულაშვილი 5, რუსტამოვი 5, გაწერელია 3, მერკვილაძე 1
საქართველო – კიევი 34:25
კბილაშვილი 12, რუსტამოვი 6, გაწერელია 4, ფერაძე 4, არსენაშვილი 3, გოგავა 2, ბულბულაშვილი 1, ზაალიშვილი 1, მერკვილაძე 1
საქართველო – კიევი 26:25
რუსტამოვი 7, კბილაშვილი 7, ფერაძე 5, არსენაშვილი 5, ზაალიშვილი 1, გაწერელია 1
საქართველო – ზაპოროჟიე 26:25
კბილაშვილი 9, არსენაშვილი 5, გოგავა 5, ფერაძე 3, მერკვილაძე 2, მიქაძე 1, რუსტამოვი 1
საქართველო – ბროვარი 35:31
კბილაშვილი 16, არსენაშვილი 7, რუსტამოვი 4, გოგავა 3, მიქაძე 2, ბულბულაშვილი 2, მერკვილაძე 1
საქართველო 10 ქულა, კიევი 8, ბროვარი 6, ზაპოროჟიე 0