საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ნიდერლანდებთან მატჩით დაასრულა
20-წლამდელთა EHF-ის ჩემპიონატის ბოლო, მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერს, ოთხიდან ოთხი შეხვედრის მომგებ ნიდერლანდების გუნდს შეხვდა.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი კარგად დაიწყო და ორჯერ დაწინაურდა კიდეც, თუმცა შემდეგ სადავეები ხელიდან გაუშვა და პირველი ტაიმი სამი ბურთის სხვაობით — 14:17 დათმო. ჩვენი გუნდი მეორე ტაიმის შუამდე ბრძოლისუნარიანობას ინარჩუნებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ნიდერლანდელებმა უპირატესობა საგრძნობლად გაზარდეს და საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე, 40:25 მიიყვანეს.
ჩვენი გუნდიდან საუკეთესო მოთამშედ დასახელდა ვანო გურგენიძე, რომელმაც ოთხიდან ოთხი გოლი გოლი გაიტანა.

შედეგად, საქართველოს ნაკრები პრიშტინაში (კოსოვო) მიმდინარე EHF-ის ჩემპიონატზე ხუთიდან ხუთ შეხვედრაში დამარცხდა და ჯგუფში ბოლო, მე-6 ადგილი დაიკავა.
19 ივლისს, მე-5 – მე-6 ადგილებისთვის ბრძოლაში, ჩვენი გუნდი მეხუთე პოზიციაზე გასულ მონტენეგროს დაუპირისპირდება, რომელთანაც ტურნირის სტარტზე 24:33 დამარცხდა.
ვაჟთა შორის 20-წლამდელთა EHF-ის ჩემპიონატზე (Men’s 20 EHF Championship), საქართველოს გარდა კიდევ ხუთი ნაკრებია წარმოდგენილი: მონტენეგრო, იტალია, ესტონეთი, ნიდერლანდები და მასპინძელი კოსოვო.
ტურნირი წრიული სისტემით მიმდინარეობდა, სადაც ექვსივე მონაწილე ერთმანეთს თითოჯერ დაუპირისპირდა.
ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს;
მესამე და მეოთხე ადგილოსნები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ;
მეხუთე და მეექვსე პოზიციებზე გასული ნაკრებები კი მე-5 და მე-6 ადგილებს გაინაწილებენ.
საქართველოს ნაკრები: საბა დიასამიძე, თორნიკე გაგუა, გიორგი კენჭაძე; ალექსანდრე შიოშვილი (3), ვახტანგ ხარებაშვილი (5), ნიკოლოზ ბიბლაია (1), გიორგი კაპანაძე (1), ნიკოლოზ ნარიმანიძე, ნიკოლოზ მამულაშვილი (6), საბა შუბაშიშვილი (3), ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე (2), გიორგი მაზანიშვილი, დემეტრე თორია, ვანო გურგენიძე (4), ანდრია ბურჯალიანი.
მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე
მწვრთნელები: გიორგი ქობელაშვილი, ალექსანდრე ჯღამაძე






















