28/10/14 ნაკრებში ყველაფერი რიგზეა, მეტოქეს პრობლემები აქვს

ოთხშაბათს, ესტონეთში, საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს გამართავს ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე. თამაში ტალინის კალევი სპორდიჰალში საქართველოს დროით 22 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები, ირაკლი კეკელიძისა და ბექა ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით, კვირას ჩაფრინდა ესტონეთში და სამი დღეა, ვარჯიშობს. როგორც გუნდის ექიმმა, ლევან ლინნიკმა გვაცნობა, ცამეტივე მოთამაშე ჯანმრთელადაა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. საეჭვო იყო ვეტერან სერგო დათუკაშვილის საკითხი – 36 წლის ვეტერანს კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი და თავის კლუბში, სერბულ ვოივოდინაში რამდენიმე თამაში გამოტოვა, მაგრამ სანაკრებო თამაშისთვის ტრავმის მორჩენა მოასწრო.

ესტონელებს კი პრობლემები აქვთ. უკვე ცნობილია, რომ გუნდს ტრავმების გამო დააკლდება ორი ლიდერი – გერმანული აუეს მარჯვენა ინსაიდი დენერ იანიმაა და ბუნდესლიგაში, ჰანოვერში მოთამაშე მარცხენა შუამარბი მაიტ პატრაილი. ორივე მოთამაშე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე (პატრაილი – 32 გოლი, იანიმაა – 24), სადაც ესტონელებმა ბოსნიის, ლატვიისა და პორტუგალიის წინააღმდეგ, ექვს მატჩში, მხოლოდ ლატვიის შინ დამარცხება  მოახერხეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

ოთხშაბათ საღამოსთვის საეჭვო იყო კიდევ სამი დაშავებული ხელბურთელის –  მიკ  პინონენის, მარიუს ლეპისა და აუეს კიდევ ერთი ხელბურთელის, იანარ მიაგის თამაში. გუნდის მწვრთნელი რეინ სუვი ამით ძალიან შეწუხებულია, რადგანაც მეტოქის ძალა კარგად მოეხსენება: „საქართველოსთან ალბათ გადამწყვეტი მატჩები გვექნება პლეიოფში გასასვლელად, რადგანაც ჯგუფის მესამე წევრი, ლუქსემბურგი, უფრო სუსტია. საქართველოს ნაკრები გამოცდილი და ძლიერი მეტოქეა, განსაკუთრებით გამოვყოფდი გუნდის უკანა ხაზს – ქართველების თამაშის სტილს ძირითადად ისინი განსაზღვრავენ. განსაკუთრებით გაგვიჭირდება 2 ნოემბერს, თბილისში, სადაც ძალიან აქტიური მაყურებელია. მათი დამსახურებაც იყო, რომ ქართველებმა წინა შესარჩევ ციკლში შინ ლიტვაც დაამარცხეს, თურქეთიც და ფინეთიც“. – ამბობს ესტონელთა მწვრთნელი.

საბოლოოდ, ესტონელთა შემადგენლობა გვიან საღამოს გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც მატჩის ტექნიკური დელეგატი, ლიტველი ტადას იანსონასი მატჩისწინა მიტინგს გამართავს. არბიტრები აზერბაიჯანელები იქნებიან – ვაგიფ ალიევი და ალეკპერ აღაქიშიევი.

30 ოქტომბერს ორივე გუნდი თბილისში გამოფრინდება და 2 ნოემბერს, სპორტის სასახლეში, მეორე მატჩს გამართავს. ჯგუფის მესამე წევრს, ლუქსემბურგს, საქართველო და ესტონეთი უკვე 2015 წელს ეთამაშებიან.  საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

საქართველოს ნაკრები ესტონეთში

მეკარეები

22. შოთა თევზაძე (1982 – ოდორჰეი, რუმ – 201 სმ)

16. გიგა ტორონჯაძე (1989 – ტრაბზონი, თურ – 190)

უკანა ხაზი

10. ვლადიმერ რუსია (1984 – ოდორჰეი, რუმ – 202)

14. ირაკლი ჩიქოვანი (1989 – ტიმიშოარა, რუმ – 198)

9. სერგო დათუკაშვილი (1978 – ვოივოდინა, სრბ – 198)

24. რატი მსხვილიძე (1986 – ტრაბზონი, თურ – 208)

17. თემურ ორჯონიკიძე (1996 – სტუ – 197)

მარცხენა გარემარბები

31. ილია გოგალაძე (1986 – სტუ – 190)

7. უჩა გამზარდია (1990 – ბათუმი – 172)

მარჯვენა გარემარბები

23. რევაზ ჭანტურია (1982 – სტრუმიცა, მკდ – 177)

19. რობერტ ბეჟანიშვილი (1992 – იმედი – 177)

პივოტები

5. გია გვაზავა (1978 – სტუ – 198)

20. შოთა გრიშიკაშვილი (1984  – სტუ – 198)

მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე

მწვრთნელი ბექარ ორჯონიკიძე

ექიმი ლევან ლინნიკი

ოფიციალური პირები: დიმიტრი აბესაძე, როლანდ ერაძე

თამაშების განრიგი

29 ოქტომბერი, 22:00. ესტონეთი-საქართველო

2 ნოემბერი, 18:00.  საქართველო – ესტონეთი

29 ან 30 აპრილი, 2015. საქართველო – ლუქსემბურგი

3 მაისი, 2015. ლუქსემბურგი – საქართველო

10 ივნისი, 2015. ლუქსემბურგი – ესტონეთი

13 ან 14 ივნისი, 2015. ესტონეთი – ლუქსემბურგი

 

ფოტო: ესტონელთა ლიდერი, მაიტ პატრაილი ტრავმირებულია

Leave a Reply