26/05/14 ევროპა ოთხთა ფინალის მოლოდინშია

გაირკვა კიდევ ერთი სახელბურთო ევროთასის მფლობელი. ჩელენჯ კაპი მოიგო შვედეთის სევეჰოფმა, ვინც საკუთარ მოედანზე 37:26 დაამარცხა სერბეთის მეტალოპლასტიკა.

ამ გუნდების პირველი თამაში 18 მაისს, სერბეთის წყალდიდობის გამო ჩაიშალა და გადაწყდა, რომ გამარჯვებული ერთი მატჩით გამოვლინდებოდა. სევეჰოფმა პირველი ევროპული ჯილდო მოიპოვა, ხოლო ჯორჯე რაშიჩის მშობლიური კლუბი, რიმელშიც საქართველოს ნაკრების მწვრთნელს 1985 და 86 წლებში ორჯერ მოუგია ჩემპიონთა თასი, უტიტულოდ დარჩა.

ევროპა ახლა ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის მოლოდინშია. 31 მაისს კიოლნში ნახევარფინალში ითამასებენ ბარსელონა-ფლენზბურგი, კილი-ვესპრემი, ხოლო 1 ივნისს ფინალია.

იქამდე კი ყველა შეჯიბრება დასრულდა. გერმანიის ჩემპიონატი ყველაზე დრამატული იყო. აქ 18 გუნდი 2 წრედ თამაშობს. დასრულებამდე 6 ტურით ადრე ლიოვენის რაინ-ნეკარმა მოუგო კილს, ქულებით დაეწია და უკეთესი ბურთების სხვაობით ლიდერი გახდა. ასე გაგრძელდა ბოლო ტურამდე, რომელშიც ლიოვენმა 40:35 დაამარცხა გუმერსბახი, კილმა კი 37:24 მოუგო ფუხსე ბერლინს და ჩემპიონი მეცხრამეტედ გახდა – მხოლოდ იმის წყალობით, რომ 34 მატჩის ჯამში ბურთების სხვაობა +236 ჰქონდა, ხოლო ლიოვენს +234. ლიოვენმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბარსელონასთან სტუმრად გატანილი ნაკლები გოლის წყალობით დამარცხდა, კიდევ ერთი მარცხი გერმანიის თასის ფინალში იგემა – ფლენზბურგთან 26:30 წააგო. გერმანიიდან ჩემპიონთა ლიგაზე იგივე ოთხეული გავიდა – კილი, ლიოვენი, ფლენზბურგი და ჰამბურგი.

ესპანეთის ჩემპიონატში ოცდაათივე მატჩი მოიგო ბარსელონამ, ხოლო თასის ფინალში გრანოლერი დაამარცხა – 42:32. ლიგაში კატალონიელთა გარდა გავიდნენ ლოგრონიო ლა რიოხა და გრანოლერსი.

საფრანგეთის ჩემპიონი გახდა დიუნკერკი, ვინც 3 ქულით აჯობა პარი სენ ჟერმენს, რომელმაც, თავის მხრივ, თასი მოიგო. მესამე ადგილზე გასული მონპელიე მხოლოდ ფედერაციის თასზე ითამაშებს.

Leave a Reply