22/12/14 2 მოგება, 2 ფრე – რევანში აზერბაიჯანთან
ხელბურთელ გოგონათა ოლიმპიურმა ნაკრებმა დაასრულა ოთხმატჩიანი სერია აზერბაიჯანის თვრამეტწლამდელთა ნაკრებთან. სამი დაძაბული ბრძოლის შემდეგ (ორი ფრე, 1 მოგება) მეოთხე შეხვედრაში ქართველებმა შედარებით იოლად გაიმარჯვეს – 31-27.
აზერბაიჯანს ტრავმის გამო დააკლდა ძირითადი მეკარე მუსაევა. ამავე მიზეზით რონალდ ერაძემ ვერ ათამაშა ჩოგოვაძე და კუნელაშვილი, ხოლო ქიტესაშვილი მატჩის დასაწყისშივე დაშავდა, მაგრამ ამჯერად ქართველები თავიდან ბოლომდე ლიდერობდნენ. მეტოქემ ვერ შეაჩერა ჩვენი მარცხენა შუამარბი თათია გადელია, რომელმაც გაიტანა არც მეტი, არც ნაკლები – 17 გოლი. მეორე ტაიმის დასაყისშივე საქართველოს ნაკრები 21-11 დაწინაურდა თამაშის ბოლოს მეტოქემ სხვაობა შეამცირა 31-17.
ნაკრები ახლა 5 იანვრამდე საშობაო არდადაგებზე გავა, შემდეგ კი განაგრძობს მზადებას ორი ტურნირისთვის, რომელიც საქართველოში გაიმართება. წლის მთავარი შეჯიბრებაა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი, სადაც მასპინძელთა გარდა ევროპის 7 უძლიერესი გუნდი გამოვა, ხოლო იქამდე, 20-22 მარტს – ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაციას ნორვეგიის, ჰოლანდიისა და ლიტვის წინააღმდეგ.
რონალდ ერაძე, მთავარი მწვრთნელი: – შეიძლება ითქვას, რომ ამ ოთხი თამაშით კმაყოფილი ვარ. ცხადად დავინახეთ იმ შრომის შედეგი, რაც თითქმის სამი თვის განმავლობაში გავწიეთ, თუმცა, წინა გაცილებით მეტი სამუშაო გვქავს. გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებდა, მაგრამ ოფიციალურ ტურნირებზე ეს საკმარისი არ იქნება. უფრო სწრაფი ტემპით უნდა მოვუმატოთ.
ელისო ჟურულიშვილი, მწვრთნელი: – აზერბაიჯანის ამ ნაკრებთან ჩვენ გაზაფხულზე სამჯერ წავაგეთ ბაქოში (19-27, 24-30, 16-24) და ერთხელ თბილისში, ჯემალ ცერცვაძის თასზე (12-23). ისინი ჩვენზე 2 წლით უფროსები არიან. მართალია, ახლა აღარ ჰყავდათ ლიდერი, ფოლადოვა, რომელსაც თამაშისთვის თავი გაუნებებია, მაგრამ ჩვენ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა – მეკარე, გამთამაშებელი, ორი ცაცია… მომავალი სამი მეტოქიდან ერთთან გვითამაშია. მაისში, ბელარუსის ტურნირზე შევხვდით ლიტვას. მაშინ არ გაგვიმართლა და ერთ დღეს მოგვიწია 2 მატჩი ბელარუსისა და ლიტვის ნაკრებებთან, ორსაათიანი შუალედით. ლიტვასთან წავაგეთ 10 ბურთით. ძლიერი გუნდია. ჩვენზე ბევრად მაღალი მოთამაშეები ჰყავთ, მათ მეტი რესურსი აქვთ საერთოდ ქალთა ხელბურთში და მეტი არჩევანი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ლიტვას მარტში ბრძოლას გავუმართავთ.
საქართველო (16წ) – აზერბაიჯანი (18წ) 31-27
22 დეკემბერი, გლდანი (მეოთხე მატჩი. 18-18, 27-27, 20-19)
საქ: ჩაჩუა, ყაველაშვილი – გადელია 17, ღვალაძე 4, გაბისონია 4, გიორგაძე 3, მორჩაძე 1, თეთრაშვილი 1, ბერიძე 1, ჩოხელი, ქიტესაშვილი
აზ: სალამოვა – გ. გულიევა 9, სმაგინა 6, კალმიკოვა 5, რასულოვა 2, ბაგიროვა 1, ნაგიევა 1, გაჰრამანოვა 1, მამადოვა 1, ბაირამოვა 1, ალიევა, ნ. გულიევა
მსაჯები: ი. ჭკუასელი, ზ. ცინცაძე
ფოტო: თათია გადელია (9)