22/12/13 ხელბურთის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა

21 დეკემბერს გაიმართა ხელბურთის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა, სადაც შეჯამდა 2013 წელს გაწეული საქმიანობა.

ყრილობას ანგარიში ჩააბარეს ეროვნული გუნდის მწვრთნელებმა ჯორჯე რასიჩმა და ირაკლი კეკელიძემ, 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ, 2015 წლის ოლიმპიური გუნდების ხელმძღვანელებმა ელისო ჟურულიშვილმა და დიმიტრი აბესაძემ. პლაჟის ხელბურთის კომისიის მუშაობაზე ისაუბრა ლევან გელაშვილმა, ხოლო შინაური ჩემპიონატების მიმდინარეობა მიმოიხილა ვახტანგ ბერიაშვილმა. ყრილობის მუშაობაში მონაწილეობდა სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე.

საუბარი იყო 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს, ასევე 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისზე. განიხილეს ეროვნული ნაკრების მზადების საკითხი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის, რომლებიც 2014 წლის 2-11 იანვარს გაიმართება.

ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ბავშვთა და სასკოლო ხელბურთის განვითარება, ასევე მწვრთნელთა და სპორტის მასწავლებელთა მომზადების საკითხები, რაშიც ფედერაციას აქტიურად ეხმარებიან ხელბურთის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

დაისვა საკითხი გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელბურთო სკოლაში შექნილი არასახარბიელო მდგომარეობის შესახებ, რაც გამოწვეულია ინვესტორის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობით.

საბოლოო ჯამში, ყრილობამ 2013 წელს გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასა.

2014 წელს ორი გამოჩენილი ქართველი ხელბურთელის იუბილეა – 75 წლისა სრულდება ჯემალ ცერცვაძე, ხოლო 60 წლის გახდება ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი. ყრილობამ დაავალა ფედერაციის პრეზიდიუმს ამ თარიღებისადმი მიძღვნილი ტურნირების გამართვა.

 

Leave a Reply