20/03/15 დამარცხება სადებიუტო თამაშში

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი ლიტვასთან მარცხით დაიწყო – 20-39. ნორვეგიამ დაამარცხა ჰოლანდია, 33-32. ჯგუფიდან ფინალში ორი გუნდი გადის, ტურნირი ქუთაისის სპორტის სასახლეში შაბათ-კვირას გაგრძელდება.

ლიტვის ამავე ნაკრებთან ჩვენი გოგონები ერთი წლის წინ, ბელარუსში 17-27 დამარცხდნენ. უეჭველია, რომ გუნდი საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაშს უჩვევია და ერთგვარი კომპლექსი სჭირს, რადგანაც ზუსტად ასე იყო შარშან, ჯემალ ცერცვაძის თასზე. ეგეც რომ არ იყოს, 25 წლის განმავლობაში საქართველოს გოგონათა ასაკობრივი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად გამოდის, ტრადიციის გარეშე კი მოგებით დაწყება შეუძლებელია. სპორტში ყველაფერი თანდათანობით მოდის.

მაგრამ, შეუძლებელია არ აღინიშნოს უამრავი ტექნიკური შეცდომა და ამის გამო დაკარგული საკუთარი შეტევა, ზედმეტად ხისტი თამაში დაცვაში, რის გამოც სამოციდან 16 წუთი რიცხობრივ უმცირესობაში გავატარეთ, პრობლემები დაცვაში დაბრუნებისას. ლიტვა ზუსტად მაშინ დაწინაურდა, როდესაც ქართველების პირველი ორი გაძევებისას 4 გოლი გატანა, ანგარიში 10-6 გახადა და შემდეგ უპირატესობის ზრდა დაიწყო.

ჩვენი ნაკრებიდან აღსანიშნავია მეკარე ქრისტინე ჯავახიას ძალიან კარგი თამაში – 16 მოგერიებული ბურთი.

უკიდეურესად დრამატული და ძალიან სანახაობრივი იყო ნორვეგია-ჰოლანდიის მატჩჩჩი. მეორე ტაიმის დასაწყისში ნორვეგია 5 ბურთით დაწინაურდა, ჰოლანდიამ გაათანაბრაა, დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი ისევ ნორვეგია იყო წინ, მაგრამ ბოლო წუთზე ანგარიში 32-32 გახდა. ნორვეგიამ მაინც მოიგო – ზედ ბოლო წამზე ჰოლანდიელთა კარში შვიდმეტრიანი დაინიშნა და თამაში 33-32 მორჩა.

შაბათს თამაშობენ ნორვეგია-ლიტვა და საქართველო-ჰოლანდია.

ევროპის გოგონათა (17წ) ჩემპიონატის კვალიფიკაცია.

ქუთაისის სპორტის სასახლე, 20-22 მარტი

20 მარტი. ნორვეგია-ჰოლანდია 33-32

ნორ: გორა ალვერნი, ფაგერჰაიმი – ფინსტადი 7, სტრენგენელსი 7, ელერშტენი 6, ბოე 5, ოლსენი 3, ნიგარდი 3, გაბრიელსენი 2, ალბერგი, ფუსჰაიმი, ჰოვლამი, ჰიუსე, ნესტაკერი, ქრისტენსენი, კლაიბერგი

ჰოლ: ფან დე პოლდერი, ტენ პოლტე – ბეუხოლსი 12, მულდერი 5, სტეიხერსი 4, ფონ ვეიტერინი 3, ფრირიკსი 2, ჰაუსჰირი 2, ფან დერ ლინდენი 2, კორპელი 1, ოსტფეინი 1, ჰილბრანდსი, კლუმპი, ნოითმიერი, ტენ კატე, ზელდენფიესი

მსაჯები: ბოლიჩი, ჰურიხი (ავს) / 800 მაყურებელი

ლიტვა-საქართველო 39-20

ლიტ: ბოჩკუტე, იანუშაუსკაიტე, შლიუპაიტე – ბ. ივანაუსკაიტე 11, რინკიავიჩუტე 7, რ. ივანაუსკაიტე 6, აგლინსკაიტე 5, ლაპინსკაიტე 3, დრულიტე 2, გაიდიტე 2, პოჩიუტე 1, პოშკუტე 1, ზენკოვაიტე 1, აბრუტიტე, ლუკოშიავიჩუტე, სპარნაუსკაიტე

საქ: ჯავახია, ვარდიშვილი (ყაველაშვილი) – ჩოხელი 4, გადელია 4, გაბისონია 4, ვენეცკი 3, ბერიძე 2, ყველაშვილი 2, ღვალაძე 1, კუნელაშვილი, ჩოგოვაძე, მიხელიძე, ქიტესაშვილი, მორჩაძე, თეთრაშვილი

მსაჯები: შილჰა, შილჰა (გერ) / 1200 მაყურებელი

21 მარტი

16:00 ნორვეგია-ლიტვა

18:00ჰოლანდია-საქართველო

22 მარტი

14:00 ჰოლანდია-ლიტვა

16:00 საქართველო-ნორვეგია

ბადრი კეთილაძის ფოტო

Leave a Reply