20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო

პრიშტინაში (კოსოვო) სტარტი აიღო 20-წლამდელ ხელბურთელ ვაჟთა EHF-ის ჩემპიონატმა (Men’s 20 EHF Championship), სადაც მონტენეგროს, იტალიის, ესტონეთის, ნიდერლანდებისა და მასპინძელი კოსოვოს გარდა, საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობს.

ჩვენმა გუნდმა ტურნირი მონტენეგროსთან მატჩით გახსნა. ქართველებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს, ანგარიში გახსნეს და პირველი ტაიმის ნახევრამდე იგებდნენ კიდეც, თუმცა შემდგომ სადავეები მეტოქემ აიღო ხელში და საბოლოოდ, 33:24 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებიდან 6 ბურთით საუკეთესო მაჩვენებელი გიორგი კაპანაძეს ჰქონდა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშეთ დასახელდა, ასევე 6 ბურთია ნიკოლოზ მამულაშვილის ანგარიშზე.

ტურნირის წინასწარი ეტაპი წრიული სისტემით მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ექვსივე მონაწილე ერთმანეთს თითოჯერ დაუპირისპირდება. ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ჩემპიონობისთვის ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს; მესამე-მეოთხე ადგილოსნები ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ, ხოლო მეხუთე და მეექვსე პოზიციებზე გასული ნაკრებები მე-5 ადგილს გაითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ EHF-ის ჩემპიონატის პარალელურად, ტურდაში (რუმინეთი) 20-წლამდელ ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატიც მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 13 ივლისს, მასპინძელი კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს რომელიც თავის მხრივ, ნიდერლანდებთან 20:29 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები: საბა დიასამიძე, თორნიკე გაგუა, გიორგი კენჭაძე; საბა შუბაშიშვილი (1), ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე, გიორგი მაზანიშვილი (2), ვახტანგ ხარებაშვილი (1), ალექსანდრე შიოშვილი (2), დემეტრე თორია, ნიკოლოზ მამულაშვილი (6), ვანო გურგენიძე (3), ნიკოლოზ ბიბლაია (1), ანდრია ბურჯალიანი, გიორგი კაპანაძე (6), ნიკოლოზ ნარიმანიძე (2)

მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე

მწვრთნელი: გიორგი კობელაშვილი, ალექსანდრე ჯღამაძე

Leave a Reply