19/04/15 ფინალური ოთხეული გამოვლინდა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში გამოვლინდა ფინალური ოთხეული: ბარსელონა, კელცე, ვესპრემი და კილი. წილისყრა გაიმართება 21 აპრილს, ოთხთა ფინალი – 30-31 მაისს, კიოლნში, 22-ათასიან ლანქსნეს არენაზე.

ოთხივე კლუბი წლევანდელი გათამაშების ჯგუფური ტურნირების გამარჯვებულია და პლეიოფში განთესილი იყო. სამი მათგანი – კილი, ბარსელონა და ვესპრემი შარშანდელი ოთხთა ფინალის მონაწილეცაა. მხოლოდ შარშანდელი ჩემპიონი, ფლენზბურგი შეცვალა კელცემ.

მეოთხედფინალის საპასუხო მატჩებში ბარსელონამ გაანადგურა ზაგრები -43-21. კილმა უპრობლემოდ გააბათილა ორბურთიანი მარცხი სეგედში – 31-23. ვესპრემი, პარიზში ნათამაშები ფრის შემდეგ შინ უკვე პირველივე ტაიმში დაწინაურდა 4 ბურთით, მეორეშიც მუდმივად წინ იყო და 34-28 მოიგო. პარი სენ-ჟერმენის 28 გოლიდან 15 გაიტანა ერთმა კაცმა, მიქელ ჰანსენმა რაც იმის გარანტია იყო, რომ გუნდი განწირული გახლდათ. ვესპრემში საუკეთესო იყო ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, სერბი მარცხენა შუამარბი მომირ ილიჩი.

ყველაზე დაძაბული თამაში პოლონეთში გაიმართა. კელცეს 2 ბურთით ჰქონდა მოგებული სკოპიეში, მაგრამ მეორე მატჩის მეორე ტაიმში ვარდარმა რამდენჯერმე გაათანაბრა ანგარიში და წინ გასასვლელადაც უტევდა. ახალგაზრდა ალექს დუიშებაევმა 9 გოლი გაუტანა მამის, ტალანტ დუიშებაევის გუნდს, მაგრამ შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგა სწორედ მისი შეცდომა, როდესაც სლავომირ შმალთან პირისპირ გასულმა ბურთის დაბზრიალება მოინდომა და მეკარეს მოარტყა, რომ გაეტანა, ვარდარი პირველად გადიოდა წინ ერთი ბურთით. დასრულებამდე 3 წუთით ადრე ანგარიში ისევ თანაბარი, 30-30 იყო, მაგრამ კელცემ კიდევ ორი გოლი გაიტანა – 32-30.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2014-15.

მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები, 18-19 აპრილი

ბარსელონა (ესპ) – ზაგრები (ხორ) 43-21 (25-23)

ლაზაროვი 9, კარაბატიჩი 7, ტომასი 6 – ობრანოვიჩი 4

კელცე (პოლ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 33-31 (22-20)

ბელეცკი 6, მ. იურეცკი 6, ზორმანი 5 – დუიშებაევი 9, კარაჯიჩი 7

ვესპრემი (უნგ) – პსჟ (საფ) 34-28 (24-24)

ილიჩი 7, სულიჩი 5, ნადი, უგალდე, ჩემა როდრიგესი 4 – ჰანსენი 15

კილი (გერ) – სეგედი (უნგ) 31-23 (29-31)

იჰა 8, ვუინი 7 – კალმანი 5

 

Leave a Reply