14/11/13 შეხვედრა ჯემალ ცერცვაძესთან
ქართველ ხელბურთელებს საერთაშორისო თუ საკავშირო სარბიელზე მრავალი მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიუღწევიათ. თამაზ ანთაძის, ჯემალ აბაიშვილის, იმედო ფხაკაძის, ანზორ ექსეულიძის, ალექსანდრე ანპილოგოვის, ამბერკი ტაბიძის სახელი სპეციალისტთა და გულშემატკივართა შორის დღემდე მეტად პოპულარულია, თუმცა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თანამემამულე ხელბურთელთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი “სახელბურთო სპექტაკლები” ჯემალ ცერცვაძემ შექმნა. გამჭრიახობით, ფენომენალური ტექნიკით, თავბრუდამხვევი ფინტებითა და მოწინააღმდეგეთა მცველებისა თუ მეკარეებისთვის ამოუცნობი ტყორცნებით მან წარუშლელი კვალი დატოვა ხელბურთის შემდგომი განვითარების საქმეში, სპორტის ქომაგთა შორის განუსაზღვრელი პოპულარობით დღემდე სარგებლობს, ხოლო 1967 წლის შვედეთის მსოფლიოს პირველობაზე ნაჩვენები დიდოსტატური, არაორდინალური თამაშის შემდეგ ჯემალ ცერცვაძე “ხელბურთის პელედ” მონათლეს. ბატონი ჯემალი 1963 და 1967 წლების პლანეტის ჩემპიონატების ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ დაასახელეს, სკანდინავიაში ჩატარებული მსოფლიო პირველობის შემდეგ კი ჩეხურ გამოცემა “ჰაზენაში” (რაც ქართულად ხელბურთს ნიშნავს) გამოქვეყნდა პლანეტის 6 უძლიერესი მოთამაშის ფოტო, მათ ზემოთ კი ჯემალ ცერცვაძის სურათი იყო წარწერით: “მსოფლიოს საუკეთესო ხელბურთელთა შორის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი”. თბილისის “ბურევესტნიკის” ლიდერი ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ოთხჯერ საკავშირო ჩემპიონატების ვერცხლის, ორჯერაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და ზედიზედ 10 პირველობის (1962-71) ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა.
მეტად კარგ ტრადიციას დაუდო სათავე ყაზბეგის 12ა–ში მდებარე ტოტალიზატორმა “ლიდერბეთმა”. ეს ორგანიზაცია ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენთა საღამოებს ატარებს და ამჯერად ჯემალ ცერცვაძეს უმასპინძლა. შეხვედრაზე მისულ სტუმრებს ბატონი ჯემალის დიდოსტატური ასპარეზობის ჩანაწერების კიდევ ერთხელ ხილვის საშუალება მიეცა. საღამო წარსულში ხელბურთელსა და სადღეისოდ ცნობილ ტელეწამყვან ლევან სალუქვაძეს მიჰყავდა. გამომსვლელებმა, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ, ჟურნალ “ათიანის” რედაქტორმა, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის თავკაცმა გიორგი გორგოძემ, გაზეთ “ლელოს” მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ, სპორტულმა კომენტატორმა ჯამლეთ ხუხაშვილმა, სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძემ, ვეტერანმა ხელბურთელებმა იმედო ფხაკაძემ, ამბერკი ტაბიძემ, გივი შარანგიამ ბევრი საინტერესო და საგულისხმო გაიხსენეს ბატონი ჯემალის ბიოგრაფიიდან და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ცერცვაძის ფენომენალურ თამაშს.
შეხვედრის მიწურულს გამოითქვა თვალსაზრისი, რომ თბილისის სპორტის სასახლესთან სპორტსმენთა ვარსკვლავები გაიხსნას და პირველი პატივი წილად ჯემალ ცერცვაძეს ხვდეს. ბატონი ჯემალი ამას ნამდვილად იმსახურებს, რიგითობას რაც შეეხება, 1961 წელს სპორტის სასახლე სწორედ ხელბურთელებმა გახსნეს (საქართველოს ნაკრებმა უნგრეთისას მოუგო) და ამიტომაც ბატონი ჯემალის ვარსკვლავის პირველობა სავსებით მისაღები და მისასალმებელია.
გოჩა კაჭარავა, მსოფლიო სპორტი
ლაშა კუპრაშვილის ფოტო
მეტი ფოტო:
http://worldsport.ge/ge/page/liderbetshi-xelburtis-peles-shexvdnen