09/05/14 საქართველოს ნაკრები ტურნირის ლიდერია

უკრაინის ქალაქ ბროვარიში, ოლეგ ველიკის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 6 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს. მეოთხე მატჩში ჩვენმა თექვსმეტწლამდელებმა ზედიზედ მეორედ აჯობეს კიევის გუნდს – 25:24.

წინადღით ქართველებმა 34:25 მოიგეს, დღეს კი კიეველებმა დიდი ბრძოლა გამართეს, ძალიან კონტაქტური და დროდადრო უხეშიც კი. მასპინძლები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ 1-2 ბურთით, მაგრამ გიორგი ქობელაშვილისა და გია გვაზავას ხელბურთელებმა ბოლოში მაინც აჯობეს მეტოქეს – 25:24.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ქობელაშვილმა კიდევ ერთხელ გამოჰყო ნაკრების მეკარის, სანდრო ხანდოლიშვილის კარგი თამაში, შეტევაში კი საუკეთესო იყო გიგი ფერაძე, რომელიც მისთვის უჩვეულო, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე იდგა და თამაშიდან გატანილ 4 გოლს 3 შვიდმეტრიანიც მიაყოლა.

ტურნირის დასრულებამდე 2 დღე დარჩა. შაბათს საქართველოს ნაკრები ეთამაშება ზაპოროჟიეს, ვინც პირველ წრეში 41:31 დაამარცხა, ხოლო ბოლო დღეს – ბროვარის, ვისთანაც ერთადერთი მარცხი იწვნია პირველ ტურში – 24:30.

ფოტო: სანდრო ხანდოლიშვილი

 

Leave a Reply