09/01/14 ჭაბუკთა ნაკრები ხორვატიაში გაემგზავრა

ხუთშაბათ დილას ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე გაემგზავრა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები.

გუნდს 10, 11 და 12 იანვარს თამაშები აქვს ჰოლანდელ, ხორვატ და მაკედონიელ თანატოლებთან, რის შემდეგადაც გაირკვევა ფინალლურ ტურნირზე გასული ორი გუნდი.

ჭაბუკები კარგად მომზადებულები მიდიან სათამაშოდ. გუნდი ზაფხულში იყო ბელარუსში, ნოემბერში მოიგო სომხეთის პრემიერ-მინისტრის თასი, სადაც გადამწყვეტ მატჩში 33:28 რუსეთის ნაკრები დაამარცხა და საკუთარი ძალების ირწმუნა. ახალ წელს ქართველი ჭაბუკები დუშეთში შეხვდნენ, სადაც საწვრთნელი შეკრება ჰქონდათ და სპარინგ-მატჩებიც ითამაშეს სომეხ თანატოლებთან, 8 იანვარს ეროვნულ ნაკრებს უქომაგეს ლიტვასთან და აეროპორტს მიაშურეს.

ბოლო შეკრებაზე მყოფთაგან მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ 18-დან 14 ხელბურთელი შეარჩია. ყველა მათგანი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს და რაკიღა ამ ასაკის მოთამაშეთა დიდი ნაწილი პეგასის წევრია, ნაკრებშიც ისინი წარმოადგენენ უმრავლესობას. პეგასში მუშაობს მთავარი მწვრთნელიც. ტიტეს თანაშემწე გიორგი გვაზავა ეროვნულ ნაკრებშია დაკავებული როგორც მოთამაშე, ამიტომაც დუშეთში ასისტენტობას გიორგი სახვაძე სწევდა, ხოლო ხორვატიაში ამ ფუნქციას დელეგაციის უფროსი, ქართული ხელბურთის ერთ-ერთი ბერმუხა, ვახტანგ ბერიაშვილი შეითავსებს.

ნაკრების ლიდერია შუამარბი თემურ ორჯონიკიძე, ვინც სომხეთში ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და უკვე ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. მასთან წყვილში თამაშობს ცაცია ინსაიდი ალექსანდრე ცხვარაშვილი, ამავე პოზიციაზე იქნებიან გივი გიორგაძე და მიხეილ ნაზღაიძე. გამთამაშებლები არიან ამირან აბჟანდაძე და ვლადიმერ ბაძაღუა, რომელიც მარცხენა გარემარბადაც თამაშობს.

ერევანში საუკეთესო მეკარე გახდა ზურაბ ცინცაძე, მასთან ერთდ ხორვატიაში გაემგზავრა ასევე პეგასის გოლკიპერი დემეტრე ნარსია.

ძლიერია ხაზის მოთამაშეების რგოლი. შეტევაში ძირითადი პივოტია სამტრედიელი ჯაბა ხაჟომია, ხოლო დაცვაში ამ პოზიციაზე გიგა კოხრეიძე და გაგა დემეტრაშვილი დგანან, თუმცა, კალანდაძე შეტევაში ორმაგი ცენტრის ტაქტიკასაც ხშირად იყენებს.

და ბოლოს – კუთხის მოთამაშეები. აქ ორი ცაციაა – ირაკლი გოგოლაძე და გიორგი დიხამინჯია, ხოლო მარცხნივ ყვარლელი გიორგი დოლმაზაშვილი იქნება.

პირველი თამაში 10 იანვარს გვაქვს ჰოლანდიასთან. ტიტე კალანდაძის თქმით, ამ ქვეყანამ ხელბურთში ბოლო დროს საგრძნობლად მოუმატა, თუმცა, ფინალში გასასვლელად, მწვრთნელის აზრით, მთავარი კონკურენტი იქნება მაკედონია, სადაც კალანდაძეს რამდენიმე წელი უთამაშია და იქაურ ხელბურთს ძალიან კარგად იცნობს.

ბოლო ცნობები მეტოქეთა ბანაკიდან ასეთია: 4 იანვარს უმაგში, სადაც შესარჩევი ტურნირი გაიმართება, ხორვატიამ ვერ მოუგო გაბონს 26-26. 29 დეკემბერს, ლიმბურგში, ჰოლანდიამ ფრედ ითამაშა ფლანდრიის ნაკრებთან 26-26. მაკედონიამ ნოემბერში ორჯერ მოუგო ჩერნოგორიას 26:23 და 25:19, ხოლო ბოლო ტესტში, 24 დეკემბერს, სკოპიეს მეტალურგის იუნიორებს აჯობა 31:29.

ევროპის 18წ ჩემპიონატი 2014, კაცები. კვალიფიკაცია.

6 ჯგუფი. უმაგი, ხორვატია

10 იანვარი

19:00 საქართველო – ჰოლანდია, 21:00 ხორვატია – მაკედონია

11 იანვარი

19:00 საქართველო – ხორვატია, 21:00 მაკედონია – ჰოლანდია

12 იანვარი

16:00 ხორვატია – ჰოლანდია, 18:00 საქართველო – მაკედონია

ფინალურ ეტაპზე გადის 2 გუნდი

ფინალი (16 გუნდი): 14-24 აგვისტო, პოლონეთში

საქართველოს ნაკრები

მეკარეები

12 ზურაბ ცინცაძე——————პეგასი—03.10.1996—178/75

16 დემეტრე ნარსია—————–პეგასი—22.10.1997—188/83

ხაზი

09 ჯაბა ხაჟომია—————სამტრედია—03.08.1996—182/86

11 გიგა კოხრეიძე——————-პეგასი—16.12.1996—187/83

18 გაგა დემეტრაშვილი————პეგასი—31.05.1996—187/85

გამთამაშებლები

15 ამირან აბჟანდაძე—————-პეგასი—06.01.1996—185/80

10 ვლადიმერ ბაძაღუა————-პეგასი—30.12.1996—173/66

შუამარბები

14 თემურ ორჯონიკიძე————–სტუ—07.02.1996—195/90

19 ალექსანდრე ცხვარაშვილი—-პეგასი—06.11.1996—180/78

03 გივი გიორგაძე——————-იმედი—21.01.1996—190/78

17 მიხეილ ნაზღაიძე—————პეგასი—03.01.1998—182/69

გარემარბები

05 ირაკლი გოგოლაძე—————-სტუ—05.11.1996—177/75

08 გიორგი დოლმაზაშვილი—ყვარელი—22.02.1998—179/73

13 გიორგი დიხამინჯია———–პეგასი—21.06.1997—178/70

მწვრთნელი ტიტე კალანდაძე—10.10.1972

ოფიციალური პირი ვახტანგ ბერიაშვილი—24.02.1953

ფოტოზე: 10. ბაძაღუა 5. გოგოლაძე 12. ცინცაძე 9. ხაჟომია 16. ნარსია 13. დიხამინჯია 8. დოლმაზაშვილი – 19 ცხვარაშვილი 17. ნაზღაიძე 18. დემეტრაშვილი 3. გიორგაძე 14. ორჯონიკიძე 11. კოხრეიძე 15. აბჟანდაძე, ტიტე კალანდაძე

Leave a Reply