08/12/14 მასპინძელი და ფავორიტი ფრეს დასჯერდა

ევროპის ქალთა ჩემპიონატის პირველ ტურში თანამასპინძელმა უნგრეთმა პირველი მატჩი ფრედ, 29-29 ითამაშა რუსეთის ნაკრებთან.

რუსეთი უმეტესი დროის განმავლობაში იგებდა, პირველ ტაიმში – 5 ბურთითაც, მაგრამ შესვენებამდე წინა პირველობის ბრინჯაოს პრიზიორმა სხვაობა შეამცირა – 14-15.

უნგრელთა ლიდერი ანიტა გორბიცი თამაშს ტრიბუნიდან უცქერდა. 31 წლის ვარსკვლავმა ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გამოაცხადა, რომ ორსულადაა და სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს. გამთამაშებელ კრისტინა ტრიშჩუკის (6 გოლი), გარემარბ ანიკო კოვაჩიჩის (5) და მეკარე ევა კიშის წყალობით უნგრეთმა მეორე ნახევარში გაათანაბრა თამაში, ორჯერ 2 ბურთითაც დაწინაურდა და 2 ბურთით იგებდა დასრულებამდე წუთნახევრით ადრეც, მაგრამ გაეპარა ანა სენის (5 გოლი) სწრაფი გარღვევა, დასრულებამდე 10 წამით ადრე კი გარემარბმა იანა უსკოვამ ანგარიში გაათანაბრა 29-29. რუსეთის ნაკრებში საუკეთესო მოთამაშის პრიზი 19 წლის გამთამაშებელმა, დარია დმიტრიევამ მიიღო – 7 გოლი (78 პროცენტი თამაშიდან).

პოლონეთი შარშანდელ მსოფლიო ჩემიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდა და, შესაძლოა, ფავორიტიც ყოფილიყო ესპანეთთან, რომ არა ტრავმირებული კინგა ბიზდრა. მის გამოჯანმრთელებას ბოლო მომენტამდე ელოდნენ, მაგრამ გუნდმა ტურნირი ულიდეროდ დაიწყო და პირველ მატჩში 22-29 წააგო ესპანეთთან. წაგებულთაგან საუკეთესო იყო კაროლინა კუდლაჩი (6), ხოლო ესპანელთა გარემარბმა კარმენ მარტინმა 9 გოლი გაიტანა.

B ჯგუფში ნორვეგიამ 27-19 დაამარცხა რუმინეთი და მეორე ტაიმის დასაწყისში 13 ბურთსაც უგებდა.  ნორვეგიას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია – სამიდან ხუთ გოლამდე შვიდმა მოთამაშემ გაიტანა, ხოლო ორმა მეკარემ, გრიმსბომ და სოლბერგმა დარტყმების თითქმის ნახევარი, 47 პროცენტი მოიგერია. რუმინეთი ერთი ლიდერის, ქრისტინა ნიაგუს გუნდია – მან კი 17 ცდიდან მხოლოდ შვიდჯერ გაიტანა.

დანიამ ასევე უპრობლემოდ მოუგო უკრაინას – 32-23. დანიელთაგან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს გამთამაშებელი კრისტინა კრისტიანსენი (6 გოლი, 6 პასი), ხოლო უკრაინაში – მარცხენა გარემარბი ბორშჩენკო (7).

დღეს შეჯიბრებაში დანარჩენი ორი ჯგუფის 8 გუნდი ჩაებმება.

ფოტო: უნგრეთი – რუსეთი

ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები. 7-21 დეკემბერი. უნგრეთი-ხორვატია

7 დეკემბერი

A ჯგუფი

ესპანეთი – პოლონეთი 29-22

უნგრეთი – რუსეთი 29-29

9 დეკემბერი

21:15 რუსეთი – ესპანეთი, 23:30 პოლონეთი – უნგრეთი

B ჯგუფი

ნორვეგია – რუმინეთი 27-19

დანია – უკრაინა 32-23

9 დეკემბერი

21:15 რუმინეთი – დანია, 23:30 უკრაინა – ნორვეგია

8 დეკემბერი

C ჯგუფი

21:00 გერმანია – ჰოლანდია, 23:15 შვედეთი – ხორვატია

D ჯგუფი

21:00 საფრანგეთი – სლოვაკეთი, 23:15 მონტენეგრო – სერბეთი

Leave a Reply