08/06/14 ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატის 9 საგზურისთვის
გაიმართა 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ევროპის ზონაში. პლეიოფის სტადიაზე 18 გუნდი დაწყვილდა და 9 საგზურისთვის იბრძვის. ამ უქმეებზე პირველი მატჩები იყო.
ლიტვის ნაკრები, რომლის კვალადაც პირველ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა, პერმში დამარცხდა რუსეთთან – 22:30. ლიტველებს დაემატათ ესპანეთის ლიგაში მოთამაშე აიდენას მალაშინსკასი, რომელსაც პირველ ეტაპზე არ უთამაშია. გუნდის ლიდერმა 6 გოლი გაიტანა, მაგრამ თავისიანებს ვერ უშველა.
პირველი შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული 5 გუნდიდან მოიგო მხოლოდ ბოსნიის გუნდმა, რომელმაც შინ 33:32 დაამრცხა ისლანდია. წააგეს რუმინეთმა, საბერძნეთმა და სლოვენიამ.
პლეიოფში ყველაზე ძლიერი წყვილი პოლონეთ-გერმანიაა. პირველი მატჩში, გდანსკში, პოლონელებმა 10 000 მაყურებლის თვალწინ 9:12 წააგეს პირველი ტაიმი, მაგრამ დასრულებამდე 5 წამით ადრე მარიუშ იურკევიჩმა 25:24 მოაგებინა მასპინძლებს.
14 და 15 ივნისს საპასუხო მატჩებია, რის შემდეგაც მსოფლიო ჩემპიონატის 9 მონაწილე გამოვლინდება. ევროპიდან საგზური უკვე მოიპოვეს 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ესპანეთმა, ასევე 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის დანარჩენმა სამმა ნახევარფინალისტმა – საფრანგეთმა, დანიამ და ხორვატიამ. მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში გაიმართება ყატარში.
სეზონს სანაკრებო მატჩებით ასრულებენ ქალებიც – ისინი იბრძვიან 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურებისთვის. სულ 7 ჯგუფია, ფინალში 2-2 გუნდი გადის. ამ მომენტისთვის საგზურები უკვე გაინაღდეს დანიამ, საფრანგეთმა, მონტენეგრომ, შვედეთმა და რუსეთმა. კვალიფიკაცია 15 ივნისს დასრულდება, ფინალი დეკემბერში გაიმართება უნგრეთსა და ხორვატიაში.
ფოტო: პოლონეთი – გერმანია
მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები. შესარჩევი ტურნირი
ევროპა. პლეიოფი. პირველი წრე. 7-8 ივნისი
რუსეთი – ლიტვა 30:22
პოლონეთი – გერმანია 25:24
რუმინეთი – შვედეთი 24:25
საბერძნეთი – მაკედონია 25:27
ავსტრია – ნორვეგია 28:26
ბოსნია – ისლანდია 33:32
სერბეთი – ჩეხეთი 23:15
უნგრეთი – სლოვენია 25:22
მონტენეგრო – ბელარუსი 28:27
საპასუხო მატჩები 14-15 ივნისს