06/03/15 ოლიმპიური ნაკრები სლოვენიაში მიემგზავრება
8 მარტს სლოვენიაში მიემგზავრება საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა, ოლიმპიური ნაკრები. ხუთშაბათს გუნდმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა გამართა ორი წლით უფროს, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებთან. თამაში უფროსებმა მოიგეს, 33-27.
ოლიმპიურ ნაკრებს ბოლო 4 საკონტროლო მატჩი მოგებული ჰქონდა, მათ შორის ცხრამეტწლამდელებთანაც (30-24. ამის გარდა, ქართველმა ჭაბუკებმა სამჯერ დაამარცხეს აზერბაიჯანის ნაკრები – 31-26, 36-32, 32-27).
ორი ნაკრების მეორე მატჩიც უმცროსების უპირატესობით დაიწყო – 10-4, მაგრამ ცხრამეტწლამდელებმა, რომლებსაც რამდენიმე მოთამაშე აკლდათ, შესვენებამდე ჩამორჩენა შეამცირეს (11-14), ხოლო დასრულებამდე 19 წუთით ადრე პირველად გავიდნენ წინ – 20-19 და თამაშის ბოლომდე უპირატესობა უფრო გაზარდეს.
ოლიმპიური ნაკრების მთავარი მიზანი წლეულს ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალია. ნაკრები ახლა მზადების მნიშვნელოვან ეტაპზეა. 8 მარტს გუნდი მიემგზავრება სლოვენიაში, სადაც 4 ან 5 ამხანაგურ თამაშს გამართავს, მათ შორის, სლოვენიის ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებთან. ეს გუნდიც თბილისი 2015-ის მონაწილეა, შესაბამისად, მათთან თამაში სამომავლოდ რეალური ორიენტირი იქნება. ტურნეს მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული დელეგაციის ოფიციალურ პირთა შემადგენლობაც სოლიდურია – ხელბურთელებთან ერთად სლოვენიაში გაემგზავრება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი, ემზარ ზენაიშვილი.
გარი თურქია, ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელი: – ჩვენ კარგა ხანია, დასახული გეგმის მიხედვით ვემზადებით. ვფიქრობ, რომ სერიოზულად წავიწიეთ წინ, მაგრამ სლოვენიის ტურნე ვაჩვენებს, თუ სად ვიმყოფებით ამჟამად. აქამდე ასეთი მნიშვნელოვანი თამაშები ჩვენს გუნდს არ ჰქონია. გუნდი ფიზიკურად კარგადაა მზად, სათამაშო კომპონენტებშიც პროგრესი გვაქვს, თუმცა, რათქმაუნდა, გვაქვს შედარებით სუსტი წერტილებიც, რაზეც ბევრი სამუშაო მოგვიწევს. სამწუხაროდ, ამ ტერნესთვის დანაკარგს ვერ გადავურჩით – საქართველოს ჩემპიონატის თამაშზე თითი მოიტეხა დამწყები შვიდეულის მოთამაშემ, გიგი ფერაძემ და ტურნეში ვერ წამოგვყვება. ეს უკანა ხაზში გარკვეულ პრობლემებს შეგვიქმნის, მაგრამ ტრავმები ხელბურთის შემადგენელი ნაწილია, ამას უნდა შევეგუოთ და გადავეწყოთ. და ვიბრძოლოთ.
ოლიმპიური ნაკრები სლოვენიაში 8 მარტს, დილით გაფრინდება და შინ 14 მარტს დაბრუნდება. ამ პერიოდში თბილისში შეკრებაზე იქნება ამავე ასაკის გოგონათა გუნდი, 14 მარტს კი გაემგზავრება თურქეთში, ამ ქვეყნის თანატოლთა ნაკრებთან სამ საწვრთნელ მატჩს გამართავს და ტრაბზონიდან პირდაპირ გამოემართება ქუთაისში, სადაც 20 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი იწყება.
ხელბურთი. გლდანი, 5 მარტი
საქართველო (19) – საქართველო (17) 33-27
(19): ცინცაძე – დიხამინჯია 10, კოხრეიძე 7, ცხვარაშვილი 6, ხაჟომია 5, ზურაბიანი 2, ბაძაღუა 2, გიორგაძე 1, პეტრიაშვილი – მწვ. ტ. კალანდაძე, გ. სახვაძე
(17): ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – რუსტამოვი 9, არსენაშვილი 5, ზარნაძე 5, ბულბულაშვილი 2, გაწერელია 2, კბილაშვილი 1, იობაშვილი 1, მერკვილაძე 1, მამულაშვილი 1, მაისურაძე, ტიელიძე, ზაალიშვილი – მწვ. გ. თურქია, გ. ქობელაშვილი
მსაჯები: გ. გვაზავა, ზ. ფერაძე
ოლიმპიური ნაკრები სლოვენიაში. 8-13 მარტი, 2015
მეკარეები: სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (იმედი)
უკანა ხაზი: ზეზვა იობაშვილი (იმედი), ირაკლი კბილაშვილი (ქუთაისი), გიგა ზარნაძე (პეგასი), ლუკა ბულბულაშვილი (ქარიშხალა), გიორგი ტიელიძე (გორი)
გარემარბები: ხაზეინ რუსტამოვი (იმედი), გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი), ლევან მამულაშვილი (ქარიშხალა), ლუკა გაწერელია (პეგასი), ზაალ ზაალიშვილი (შევარდენი)
პივოტები: ერეკლე არსენაშვილი (ქარიშხალა), ნოდარ მაისურაძე (პეგასი)
მთავარი მწვრთნელი: გარი თურქია, მწვრთნელი გიორგი ქობელაშვილი, ექიმი ანა ხუბულური
ოფიციალური პირები: ზურაბ კაკაბაძე, იმედო ფხაკაძე, ვახტანგ მეიფარიანი, ემზარ ზენაიშვილი