04/12/13 თათია გადელია: იურისტობას ხელბურთის მერეც მოვასწრებ

უკრაინაში ახლახან დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს გოგონათა ნაკრებში საუკეთესო იყო თათია გადელია, რისთვისაც სპეციალური პრიზიც მიიღო. მან ქალაქ ბროვარიში, 3 ოფიციალურ და 2 ამხანაგურ მატჩში 31 გოლი გაიტანა.

 

თათია გადელია ფოთელია, 15 წლისაა. 11 წლისამ დაიწყო ხელბურთში ვარჯიში დარეჯან გეფერიძესთან, მაგრამ, ერთი ხანობა მძლეოსნობაზე გადავიდა.

– დროებით გადამიყვანეს. დარეჯან გეფერიძემ მირჩია მძლეოსნობაშ ვარჯიში ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად. ამის გამო მომიხდა თბილისში, ბებიასთან გადმოსვლა. ბებიაჩემი, მანანა ალანია ძველი ხელბურთელია, მეკარე, და მისი ხათრით ავირჩიე ხელბურთი. კალათბურთის ჯგუფიც არის ფოთში, მაგრამ კალათბურთი არ მიყვარს. შარშან, მთელი 6 თვე მარტო მძლეოსნობაში ვვარჯიშობდი და დეკემბერში პირდაპირ საქართველოს ჩემპიონატზე ვითამაშე. თავდაპირველად შუბის ტყორცნაში დამიპირეს ვარჯიში, რათა ტყორცნის ძალა მომმატებოდა, მაგრამ მერე სირბილზე გადავედი. შედეგად ძალიან მოვუმატე სისწრაფეს და ნახტომს.

– უკრაინაში პირველი საერთაშორისო ტურნირი გქონდათ…

– ტურნირი კი. შარშან ბაქოში ვიყავით ამხანაგური მატჩების სათამაშოდ. ჩვენს ტოლებს სამივე მატჩი მოვუგეთ, ორი წლით უფროსებთან დავმარცხდით. უკრაინაში წასვლის წინ ცოტათი გვეშინოდა, არ ვიცოდით ჩვენი ნამდვილი ძალა, მაგრამ მივდიოდით საბრძოლველად. ჩვენს თანატოლებს, ბროვარის გუნდს ორივე თამაში მოვუგეთ, წავაგეთ ბელარუსებთან და ცოტათი უფროს უკრაინელებთან. აღმოჩნდა, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში და მოგებაც, თუ მოვუმატებთ.

– აპირებ, რომ ხელბურთს ბოლომდე მიყვე?

– აუცილებლად. თავიდან გოგონები ისე, გასართობად დავდიოდით ხელბურთზე. მერე, უკვე ნაკრებში რომ მოვხვდით, მოტივაცია და მეტი ინტერესი გაგვიჩნდა. თუმცა, სკოლის დამთავრების შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზეც მინდა ჩაბარება.

– მაგ დროისთვის უკვე ბევრი გექნება ნათამაშევი. 2015 წლიდან ყოველწლიურად მოგიწევთ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში გამოსვლა. დავუშვათ, უცხოეთის რომელიმე კლუბიდან მიიღე მიწვევა, იურისტობას რას უზამ?

-სწავლას და იურისტობას და მერეც მოვახერხებ. რა თქმა უნდა, დავთანხმდები. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგაც შეიძლება ყველაფრის მოსწრება. ხელბურთის თამაში ძალიან მინდა. ცალკე ნაკრები და ფოთის გუნდშიც მინდა წარმატების მიღწევა. პირველ წრეში თბილისის მამულთან 2 ბურთით წავაგეთ, მაგრამ აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის.

 

Leave a Reply