03/04/15 ოდორჰეი სამი ტიტულისთვის იბრძვის  

ევროპის სახელბურთო ჩემპიონატებში გადამწყვეტი დრო დგება. ქართველი ხელბურთელების რამდენიმე კლუბი საჩემპიონო პლეიოფსა და ეროვნული თასების ოთხთა ფინალებში იბრძოლებს, ხოლო რუმინეთის ოდორჰეის, ამასთან ერთად, ევროთასების ნახევარფინალიც აქვს სათამაშო.

შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბი ამ შაბათ-კვირას რუმინეთის თასისთვის ბრძოლებს ქალაქ ბაია მარეში. ოდორჰეი ნახევარფინალში ხვდება ტარგუ ჟიუს, ხოლო ბაია მარე – კონსტანცას. რუმინეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა და ოდორჰეი პირველ-მეორე ადგილებს იყოფს შარშანდელ ჩემპიონ კონსტანცასთან ერთად, 48 ქულით. 22-ე ტურში ოდორჰეი სტუმრად დამარცხდა კელერაშისთან 25-29, შემდეგ კი შინ მოუგო ბაია მარეს – 31-27. ამ ორ მატჩში რუსიამ 5 და 6 გოლი გაიტანა. კლუბი რეგულარულ სეზონს 8 აპრილს დახურავს პოტაისა ტურდასთან მატჩით, ხოლო 12 აპრილს ჩელენჯ კაპის პირველი ნახევარფინალი აქვს ლისაბონში, ბენფიკასთან.

ირალი ჩიქოვანის პოლიტექნიკა ტიმიშოარა ბრძოლას უმაღლს ლიგაში დასარჩენად გააგრძელებს. ტიმიშოარამ სტუმრად წააგო შტიინცა ბაკეუსთან 21-25, შინ – CSM ბუქარესტთან 23-30 და 23 მატჩიდან 22 ქულით მეათე ადგილზეა. ჩიქოვანის ანგარიშზე ამ მატჩებში 5 და 4 გოლი იყო.

მაკედონიის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი 18-დან 18 მოგებით დაასრულა ზომიმაკ სტრუმიცამ. რევაზ ჭანტურიას კლუბმა ბოლო ტურში მოუგო ტექსტილეცს 40-18, ქართველმა გარემარბმა 6 გოლი გაიტანა და ორწრიანი ტურნირი 88 გოლით დაასრულა. ახლა მაკედონიაში იწყება ფინალური ტურნირი ჩემპიონობისთვის, სადაც რეგულარული სეზონის 4 გამარჯვებულს, სტრუმიცას, პროლეტს, რადოვიშსა პრილეპს დაემატება სკოპიეს ორი კლუბი, ვარდარი და მეტალურგი. შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი სტრუმიცა პირველ მატჩს 4 აპრილს გამართავს პროლეტთან.

ანალოგიური სიტუაციაა სერბეთში. სერგო დათუკაშვილის კლუბი, ვოივოდინა, რადნიჩკი, მეტალოპლასტიკა, პარტიზანი, სპარტაკი და იუგოვიცი 8 აპრილიდან ფინალურ ტურნირს გამართავენ სერბეთის ჩეპიონობისთვის, ხოლო ვოივოდინა, რადნიჩკი, სპარტაკი და ჟელეზნიჩარი სერბეთის თასს გაითამაშებენ.

თურქეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ტრაბზონსფორმა 30-27 დაამარცხა ანკარასფორი და 27 ქულით მეოთხე ადგილს ინარჩუნებს. ქართველი მეკარის, გიგა ტორონჯაძის კლუბი პლეიოფში უკვე გასულია. ამ ქვეყნის პირველ ლიგაში რეგულარული სეზონი დამთავრდა. ლექსო წითელიშვილის, ზურაბ სიმონიასა და ირაკლი ხიდეშელის კლუბმა აქჩაბათ თუთუნსფორმა ბოლო ტურში შინ 33-32 დაამარცხა ადანოლუ გენჩლიკი და შეჯიბრება 28 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა. წინ 4 საუკეთესო გუნდის დასკვნითი ტურნირია უმაღლესი ლიგის 2 საგზურისთვის.

დაბოლოს, ირანის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის, აკაკი ტალახაძის კლუბი, თავრიზი.

ფოტო: ირაკლი ჩიქოვანის (8) კლუბი პლეიოფში ვერ გავიდა

 

Leave a Reply