01/09/14 ჭაბუკები ერაყის ეროვნულ გუნდთან ისევ დამარცხდნენ
თბილისში შეკრებაზე მყოფმა ერაყის ეროვნულმა გუნდმა საქართველოს ოლიმპიურ, თექვსმეტწლამდელთა ნაკრებთან მეორე საკონტროლო მატჩი გამართა და ამჯერად 33:22 გაიმარჯვა. პირველი შეხვედრა, 29 აგვისტოს, სტუმრებმა 30:28 მოიგეს. გუნდები ამ დღეებში კიდევ ერთხელ ითამაშებენ.
ქართველ ჭაბუკთა შემადგენლობაში ცვლილებები იყო – გუნდს დაემატა რამდენიმე გამოჯანმრთელებული ხელბურთელი. თამაშს ხელმძღვანელობდა საქართველოს ნაკრების ვეტერანი გიორგი თურქია, რომელიც ხელბურთის ფედერაციის მოწვევით იმყოფება საქართველოში. თურქია ექსპერიმენტებს მიმართავდა და ხშირად უცვლიდა მოთამაშეებს პოზიციებს. მასპინძლები თავიდან ლიდერობდნენ, მაგრამ ტაიმი 10:17 წააგეს და ვერც შესვენების შემდეგ გარდატეხეს მატჩი თავისზე უფროს მეტოქესთან.
ამხანაგური მატჩი
საქართველო (16წ) – ერაყი 22:33
1 სექტემბერი, გლდანი, ცერცვაძის აკადემია
საქართველო: ხარაიშვილი, დ. მამულაშვილი – ბულბულაშვილი 6, იობაშვილი 4, რუსტამოვი 3, დოლმაზაშვილი 3, ბიბილეიშვილი 2,ზაალიშვილი 1, დანელიშვილი 1, ფერაძე 1, გაწერელია 1, ზარნაძე, ტიელიძე, არსენაშვილი, ტარუაშვილი, გოგუა