29/08/14 ჭაბუკების პირველი სპარინგი ერაყთან
გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის დარბაზში საერთაშორისო მატჩი გაიმართა – თბილისში შეკრებაზე მყოფმა ერაყის ეროვნულმა გუნდმა საქართველოს ოლიმპიურ, თექვსმეტწლამდელთა ნაკრებს 30:28 მოუგო.
ერაყელთა გუნდი 1991-94 წლებში დაბადებული ახალგაზრდებითა დაკომპლექტებული, მაგრამ, როგორც თავად გვითხრეს, ამათზე უფროსი არავინ ჰყავთ და ნამდვილად ეროვნული ნაკრები არიან. გუნდს თან ახლავან ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები.
ჩვენი ჭაბუკთა ნაკრები თითქმის ერთი თვეაა, გლდანში ატარებს ვარჯიშებს, მაგრამ თამაშის წინ პრობლემები გაჩნდა – ტრავმების გამო გუნდს აკლდნენ ძირითადი ხაზის მოთამაშე და ორივე მთავარი შუამარბი (არსენაშვილი, კბილაშვილი, ბულბულაშვილი), ხოლო ზურაბ გოგავა გერმანიაში გაემგზავრა სასწავლებლად.
ამან შეთამაშების პრობლემა შექმნა, თუმცა, ქართველებმა მაინც იბრძოლეს. პირველი ტაიმი ერაყმა 12:11 მოიგო. შესვენების შემდეგ ანგარიში გათანაბრდა და ორჯერ დაწინაურდნენ მასპინძლები. მე-40 წუთისთვის ანგარიში 22:22 იყო და აქ სტუმრებმა მოაწყვეს ოთხბურთიანი გაქცევა – 22:26, თან, ამ პერიოდში იყო ერთწუთიანი მონაკვეთი, როცა ერაყის ნაკრებს ორი მოთამაშე ჰყავდა გაძევებული.
ქართველმა ჭაბუკებმა მაინც იბრძოლეს და მატჩის ბოლოს ისევ შეამცირეს სხვაობა ერთ ბურთამდე, მაგრამ გასათანაბრებლად დრო არ ეყოთ – 28:30. მასპინძელთა გუნდში გამოსარჩევია ორივე მეკარის, ხანდოლიშვილისა და ხარაიშვილის თამაში.
ეს ორი გუნდი მეორე მატჩს ორშაბათს, 1 სექტემბერს გამართავს იმავე დარბაზში.
დღესვე გლდანის აკადემიაში გოგონათა ოლიმპიურ ნაკრებთან პირველი ვარჯიში გამართა საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებების ყოფილმა მეკარემ, როლანდ ერაძემ, რომელიც, გიორგი თურქიასთან ერთად, საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ მოიწვია მასტერკლასების ჩასატარებლად.
ამხანაგური მატჩი
საქართველო (16წ) – ერაყი 28:30
29 აგვისტო, გლდანი, ცერცვაძის აკადემია
საქართველო: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი, ვათიაშვილი – რუსტამოვი 7, ზარნაძე 4, იობაშვილი 4, დოლმაზაშვილი 3, ბიბილეიშვილი 3,ზაალიშვილი 2, ფერაძე 2, ტიელიძე 1, ლ. მამულაშვილი 1, გაწერელია 1
მსაჯები: ზაზა სამადაშვილი, ზურაბ სიმონია