01/06/15 თამაზ ანთაძის იუბილე თელავში
გამოჩენილი ქართველი ხელბურთელისა და სპორტის მოღვაწის, თამაზ ანთაძის ხსოვნის დღე გაიმართა თელავში, სპორტთამაშების დარბაზში. 1 ივნისს თამაზ ანთაძის დაბადებიდან 80 წელი შესრულდა.
თბილისის ქარიშხალას პირველი კაპიტნის ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ თელავთანაა დაკავშირებული. ანთაძის ინიციატივით აშენდა აქ სპორტთამაშების დარბაზი და საჩოგბურთო კორტები, დაფუძნდა ხელბურთის მძლავრი კერა და კლუბი, რომელმაც არაერთი ხელბურთელი გაუზარდა საქართველოს ნაკრებს.
თელავში მთელი სახელბურთო თემი ცხოვრობს. პირველი თაობის ხალხმა უკვე ორმოცდაათს გადააბიჯა, ყველაზე პატარები ახლა იწყებენ. თაობათა წყვეტა თითქმის არ ყოფილა და სწორედ რამდენიმე თაობისგან შემდგარი, ჭარმაგი მამაკაცებისა და შედარებით ახალგაზრდების ნაკრები დაუპირისპირდა თბილისელ ხელბურთის ვეტერანებს „ფარჩოს“ საპატივცმულოდ გამართულ ამხანაგურ მატჩში. აქვე მოხდა საქართველოს ოლიმპიური ნაკრებების პრეზენტაცია, გაიმართა მათი საჩვენებელი მატჩები, ბავშვთა ხელბურთის ფესტივალი, ფოტოგამოფენა, ძველი კინოქრონიკის ჩვენება და ანთაძის საპატივცემულოდ ჩამოსხმული ღვინის დეგუსტაციაც.
ხელბურთელები მთელი საქართველოდან, დიდიან-პატარიანა შეიკრიბნენ. მათ შორის უხუცესები იყვნენ საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი თამაზ ჩხარტიშვილი, რომელმაც იმსაჯა კიდეც და „ფარჩოს“ ძველი თანამებრძოლი, იმედო ფხაკაძე. თამაზ ანთაძე და მისი ღვაწლი ღვაწლი გაიხსენეს, მისმა მოწაფეებმა, თანაგუნდელებმა, მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. აქვე იყვნენ კალათბურთელები, ჩოგბურთელები – ლეგენდარული ალექსანდრე მეტრეველიც.
თელავის გამგებელმა პლატონ კალმახელიძემ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა თელავის სახელბურთო კლუბი მომავალი სეზონიდან ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდეს.