ხელბურთის ელიტა აგვისტოში თბილისში იკრიბება

2017 წლის 8-20 აგვისტოს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ხელბურთში 19-წლამდელ ჭაბუკთა შორის. ამასთან დაკავშირებით, 12-13 აპრილს თბილისში იმყოფებოდა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაცია. ვიზიტის მვლელობისას გაირკვა, რომ 18-20 აგვისტოს, ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩების დროს, თბილისში გაიმართება IHF საბჭოს სხდომაც.

თბილისში ჩამოვა მსოფლიო ხელბურთის მთელი მმართველი ელიტა – პრეზიდენტი, დოქტორი ჰასან მუსტაფა, ვიცე-პრეზიდენტები, აღმასკომის წევრები, ხუთივე კონტინენტური კონფედერაციის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება 12-13 აპრილის სამუშაო შეხვედრას, მსოფლიო ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ  IHF საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე და დანიის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პერ ბერტელსენი, მარეკ გურალჩიკი (პოლონეთი) და მარკო ტოზი ბრანდი (იტალია).  მათი პირველი ვიზიტი ნოემბერში გაიმართა და სამივე თბილისის მსოფლიო ჩემპიონატზეც იმუშავებს, როგორც IHF ოფიციალური წარმომადგენელი.

მთელი ტურნირი, 92 მატჩი გაიმართება  თბილისის ოლიმპიური სასახლის ორ დარბაზში. 12-13 აპრილის ორდღიანი, ინტენსიური სამუშაო შეხვედრის შემდეგ საბოლოოდ დადგინდა სავარჯიშო დარბაზები და ოფიციალური სასტუმროები. 24 გუნდი ივარჯიშებს სპორტკომპლექს არენას 2 დარბაზში, ფრენბურთის ოლიმპიური არენის ორ კორტზე, სპორტის სამინისტროს დარბაზში და დინამოს საკალათბურთო ბაზაზე.

მსოფლიო ჩემიონატის ორიციალური სასტუმრო იქნება რედისონ ბლუ, სადაც იცხოვრებს ასამდე მსაჯი, დელეგატი და ყველა ოფიციალური პირი. ხუთასზე მეტ სპორტსმენსა და მწვრთნელს მიიღებენ სასტუმრო ჰუალინგი (12 გუნდი), ბომონდ გარდენი (4), გოლდენ პალასი (4) და კრუიზი (4).

IHF დელეგაციას შეხვდნენ და ყოველგვარი მხარდაჭერა აღუთქვეს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სმინისტროს ხელმძღვანელებმა. 13 აპრილს, რედისონში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი) : „ხელბურთში მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის მასპინძლობა რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირს ღირსეულად ვუმასპინძლებთ. ხელბურთი ძალზე პოპულარულია ახალგაზრდებში და აღნიშული ჩემპიონატი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას. ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენ სკოლებში დავიწყეთ ხელბურთის გაკვეთილების ჩატარება და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დავაინტერესეთ. მჯერამ რომ მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება საქართველოში ხელბურთს ახალ სიმაღლეზე აიყვანს როგორც სამომავლო განვითარების, ასევე სხვდასახვა საერთაშორისო ტურნირის გამართვის კუთხით. ფედერაციასთან ერთად ყველანაირი რესურსი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ჩემპიონატმა უმაღლეს დონეზე ჩაიაროს.”

ზურაბ კაკაბაძე (საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): „შეიძლება ითქვას, რომ მზადების ბოლო ეტაპზე გადავდივართ. შეთანხმებულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის სათამაშო დარბაზები, სასტუმროები. ამ ეტაპზე უკვე ვიწყებთ სხვა დეტალების განხილვას, როგორც საორგანიზაციო ნაწილში, ასევე პიარის მიმართულებით. ჯამში 24 გუნდის დელეგაციის წევრებს უნდა ვუმასპინძლოთ, თამაშები 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ამასთან ერთად, ჩემპიონატის ფარგლებში ასევე თბილისში ჩატარდება ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთაშორისო ფედერაციის ინტერესს ქართული ხელბურთის მიმართ.”

პერ ბერტელსენი (IHF საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე): „ჩვენ მართლაც უმაღლესი დონის საერთშორისო ტურნირის ჩასატარებლად ვემზადებით ამ ასაკობრივ კატეგორიაში. საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ნამდვილად  მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიაროს. ასევე მნიშვნელოვანია სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა. როგორც სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე ხელბურთის ფედერაციას ძალიან კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ხელბურთის სამომავლო განვითარებისათვის საქართველოში.”

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=f5olfdnhAlE

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა 2013 წელს, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) კონგრესზე, დოჰაში. შეჯიბრება ორ წელიწადში ერთხელ ეწყობა და ფორმატით ზუსტად ემთხვევა მსოფლიოს ჩემპიონატს ქალთა და კაცთა გუნდებს შორის.

24 მონაწილიდან უკვე ცნობილია 19: საქართველო (მასპინძელი), საფრანგეთი (მსოფლიო ჩემპიონი), ხორვატია, გერმანია, სლოვენია, დანია, ესპანეთი, ისლანდია, სერბეთი, შვედეთი, პორტუგალია, რუსეთი, ნორვეგია (ევროპა), ბაჰრეინი, იაპონია, კორეა (აზია), ტუნისი, ეგვიპტე, ალჟირი (აფრიკა).  ანალოგიური ტურნირი უფროს, ახალგაზრდულ კატეგორიაში, 21-წლამდელთა შორის, ივლისში იმართება ალჟირში.

5 ფინალისტს გამოავლენს ამერიკის შესარჩევი ტურნირი, რომელიც ამ დღეებში იმართება. წილისყრა გაიმართება 10-12 მაისის ინტერვალში, ბაზელში, IHF ოფისში. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები განთესილი იქნება მესამე კალათში, რომელსაც ბოლოს უყრიან წილს და მასპინძელ ფედერაციას ჯგუფის არჩევის საშუალება ექნება.

IHF მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებში (19წ). 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე

8-14 აგვისტო – ჯგუფური ტურნირი (4 ჯგუფი 6-6 გუნდით)

15 აგვისტო – დასვენების დღე

16, 17 აგვისტო – მერვედფინალი, მეოთხედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის

18 აგვისტო: დასვენების დღე

19 აგვისტო: ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები

20 აგვისტო, ფინალები 1, 3, 5, 7 ადგილებისთვის

წილისყრა: 10-12 მაისს ბაზელში, შვეიცარია

1 კალათი: საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია

2 კალათი: დანია, ესპანეთი, ისლანდია, ამერიკა 1

3 კალათი: საქართველო, სერბეთი, ამერიკა 2, შვედეთი

4 კალათი: პორტუგალია, რუსეთი, ბაჰრეინი, ტუნირი

5 კალათი: ეგვიპტე, იაპონია, კორეა, ამერიკა 3

6 კალათი: ამერიკა 4, ალჟირი, ამერიკა 5, ნორვეგია

ამერიკის შესარჩევი ტურნირი, 15-22 აპრილი, სანტიაგო დე ჩილე

A ჯგ:  არგენტინა, ვენესუელა, ურუგვაი, პუერტო რიკო, კანადა

B ჯგ: ბრაზილია, ჩილე, პარაგვაი, მექსიკა, კოსტა რიკა, აშშ

Leave a Reply