წილისყრა ვენეცკისა და ჩოხელისთვის

ევროპის ხელბურთის ფედერაციაში გაიმართა ქალთა ევროპის თასის მეთექვსმეტედფინალის წილისყრა.  

ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ორი ხელბურთელი მონაწილეობს. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვების შემდეგ ქეთევან ვენეცკის კლუბი, კოსოვოს ისტოგუ შეხვდება ბელარუსის ვიქტორია ბერესტიეს. 

პირდაპირ მეთექვსმეტედფინალში იყო დაშვებული მედეა ჩოხელის მაკედონიური კლუბი, კუმანოვო. მისი მეტოქე იქნება უკრაინული გუნდი, ლვოვის გალიჩანკა.

პირველი წრის თამაშები გაიმართება 14 ან 15 ნოემბერს, საპასუხო მატჩები – ერთ კვირაში, 21-22 ნოემბერს.

32 გუნდი გაყოფილი იყო ორ ჯგუფად: პირობითად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპად და  წილისწყრის დროს დაწყვილება ჯგუფებს შორის ხდებოდა. მიზეზი პანდემიაა – EHF ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას უსაფრთხოება და აარიდოს გუნდები ხანგრძლივ და შორეულ მგზავრობას.

ევროტურნირების რეფორმის შედეგად, ევროპის თასი წლეულს პირველად იმართება. ყველაზე დიდი წარმომადგენლობა, 5 კლუბი, ესპანეთს ჰყავს. შეჯიბრება მაისის პირველ დეკადაში უნდა დასრულდეს.

2020-21 სეზონის ევროტურნირებზე საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი ჰყავს. გიორგი ცხოვრებაძის მონპელიე ევროპის ლიგაში თამაშობს. ფრანგულ კლუბს გუშინ უნდა ჰქონოდა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი რუსეთის ცსკა-სთან, მაგრამ მატჩი პანდემიის გამო გადაიდო.

ხელბურთი. ევროპის თასი 2020-21, ქალები

მეთექვსმეტედფინალი, 14-15, 21-22 ნოემბერი

გალიჩანკა ლვივ (უკრ) – კუმანოვო (მკდ)

ვიქტორია ბერესტიე (ბლრ) – ისტოგუ (კოს)

იაგოდინა (სრბ) – ბელოვარი (ხორ)

მურატფაშა (თურ) – ფერიზაი (კოს)

გრუდე (ბოს) –  რუდარი (მნტ)

ნაისა ნიში (სრბ) – აზერიოლი (აზე)

იალიკავაკი (თურ) – იზმირი (თურ)

კავალიერი (მლტ) – პაოკი (საბ)

მესტრინო (იტა) – ლოკომოტივა ზაგრები (ხორ)

მალაგა (ესპ) – ვინერ ნოიშტადტი (ავს)

ატლეტიკო გვარდესი (ესპ) – ცუგი (შვც)

ელჩე (ესპ) – გრანოლერსი (ესპ)

უნირეკი (ჰოლ) – იგლზი (შვც)

სალერნო (იტა) – პორი (ისლ)

გრან კანარია (ესპ) – გაია (პორ)

სლავია (ჩეხ)- კერიენგი (ლუქ)

მერვედფინალი: 9-10, 16-17 იანვარი

მეოთხედფინალი: 13-14 თებერვალი, 20-21 მარტი

ნახევარფინალი: 27-28 მარტი – 3-4 აპრილი

ფინალი: 1-2, 8-9 მაისი

Leave a Reply