gnhf-rrr

ხელბურთის საერთაშორისო კვირეული  

ხელბურთის მსოფლიო ფედერაცია 12-18 ივლისს აწყობს ხელბურთის საერთაშორისო კვირეულს, რომლის დასაწყისიც ფედერაციის დაარსების დღეს ემთხვევა –  IHF 1946 წლის 12 ივლისს დაფუძნდა.  

კვირეული პირველად იმართება და მოიცავს მრავალ სახელბურთო აქტივობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მიზანია სპორტის ამ სახეობის კიდევ ერთხელ წარმოჩენა მთელი მსოფლიოსთვის.

კვირეულის ფარგლებში ჰოლანდიის ფედერაცია აგრძელებს თავის პროგრამას „ზაფხული 2020“, რომელიც მოიცავს 150 ღონისძიებას მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონის, ამ ქვეყნის ქალთა ნაკრების წევრთა მონაწილეობით; ავსტრიაში გაიმართება ვირტუალური ღონისძიებები – ონლაინ-პუბლიკაციების გამოქვეყნება კლასიკური, ქვიშის, სასკოლო და პარალიმპიური ხელბურთის შესახებ;  ბაჰრეინისა და პორტუგალიის ფედერაციები აწყობენ პროგრამას მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის; საინტერესო პროგრამები ააქვთ იმ ქვეყნებსაც, სადაც ხელბურთი ჯერაც ეგზოტიკური სპორტია – ნეპალსა და პაკისტანს; საინტერესო კვირეული აქვს დაგეგმილი ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის კონფედერაციას…

საქართველოს ხელბურთის ფედერაციაში მიმდინარეობს მწვრნელთა სემინარი, მომავალ კვირაში კი დაგეგმილია ქუჩის აქტივობები მინი-ხელბურთში…

12 ივლისს საკუთარი მიმართვა გამოაქვეყმა IHF პრეზიდენტმა, დოქტორმა ჰასან მუსტაფამ, რომელმაც აღნიშნა, რომ აქამდე ხელბურთს არ ჰქონია სპეციალური სადღესასწაულო დღე: „ჩვენ გვინდოდა ხელბურთის საერთაშორისო დღე შემოგვეღო, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ 24 საათი ამისათვის საკმარისი არ იქნებოდა და ხელბურთის კვირეული დავთქვით. 16 ივლისს მე პირადად მივესალმები IHF წევრ ყველა 209 ფედერაციას სპეციალურ ონლაინ-შეხვედრაზე, რომელიც ხელბურთის საერთაშორისო კვირეულს მიეძღვნება“.

კვირეულის ყველა აქტივობა შეგიძლიათ მოძებნოთ სოციალურ მედიაში ჰეშთეგით: #handballweek. ამავე ჰეშტეგით შეგიძლიათ გაგვაცნოთ საკუთარი სახელბურთო ღონისძიებებიც.

Leave a Reply