gnhf-rrr

ჭაბუკთა ნაკრები განთესილთა შორისაა

ვენაში, ავსტრია, გაიმართა პლაჟის ხელბურთში თექვსმეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან პორტუგალია, საბერძნეთი და სლოვაკეთი. შეჯიბრება 8-10 ივლისს პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში გაიმართება.

4 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გადის, ხოლო მეოთხედფინალში გამარჯვება უკვე ნიშნავს 2017 წლის ჩვიდმეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის სამეულში მოხვედრა სხვა ტურნირის საგზურს იძლევა – 2018 წლის მსოფლიო ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისა არგენტინაში, სადაც პირველად არის წარდგენილი არა კლასიკური, არამედ ქვიშის ხელბურთი.

ევროპის ჩემპიონატზე ასაკობრივი კატეგორია იქნება 2000 წელსა და შემდეგ დაბადებული. სხვათა შორის, წილიწყრის წინ საქართველოს ნაკრები განთესილ 8 გუნდს შორის იყო (1. რუსეთი 2. ხორვატია 3. ესპანეთი 4. უნგრეთი 5. პორტუგალია 6. შვეიცარია 7. საქართველო 8. რუმინეთი). ეს იმის გამო მოხდა, რომ 2015 წელს, ცხრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა ნაკრებმა მერვე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გახლავთ მამუკა მჟავანაძე. მან და ფედერაციის პლაჟის ხელბურთის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლევან გელაშვილმა, უკვე ჩაატარეს 2000 წელს და გვიან დაბადებულთა პირველი შერჩევა 2015 წლის სექტემბერში. ახლა კანდიდატები მაისის ბოლოს, პლაჟის ხელბურთის სეზონის დადგომის შემდეგ შეიკრიბებიან. მამუკა მჟავანაძის აზრით, ჯგუფიდან მეოთხედფინალში გასვლა სრულიად რეალურია.

პლაჟის ხელბურთი. ევროპის 16 წ ჩემპიონატი. ნაზარე, პორტუგალია. 8-10 ივლისი, 2016

A ჯგუფი:პორტუგალია, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი

B ჯგუფი:შვეიცარია, რუსეთი, ჰოლანდია, ბულგარეთი

C ჯგუფი:ესპანეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უკრაინა

D ჯგუფი:უნგრეთი, ხორვატია, გერმანია, იტალია

Leave a Reply