ცხოვრებაძის პირველი ჯილდო მონპელიეში

საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა, გიორგი ცხოვრებაძემ საფრანგეთის მონპელიეში პირველი ჯილდო მოიგო – გუნდმა გაიმარჯვა სეზონისწინა ტურნირზე, სტრასბურში. ფინალში მონპელიემ 27-25 მოუგო უნგრეთის სეგედს, ხოლო ნახევარფინალში, ბენფიკასთან (32-25) ერთი გოლი 18 წლის ქართველის ანგარიშზეა.

ცხოვრებაძემ მონპელიესთან კონტრაქტს 2017 წლის შემოდგომაზე, 16 წლისამ მოაწერა ხელი და ორი სეზონი სარეზერვო გუნდში, საფრანგეთის ნაციონალ ლიგაში გაატარა. ახალი სეზონის მთელი მოსამზადებელი პერიოდი გიორგი ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და საფრანგეთის ჩეპიონატის დაწყების წინ რეგულარულად ხვდება 16-კაციან შემადგენლობაში.

ასე იყო ბარსელონასთან წაგებულ (30-37) და ჩეხოვსკიე მედვედისთან მოგებულ (35-27) საკონტროლო მატჩებში, თუმცა მწვრთნელ პატრის კანაიეს 18 წლის დებიუტანტი მოედანზე არ გაუყვანია.

შაბათ კვირას სტრასბურში გაიმართა ოთხთა ტურნირი. ნახევარფინალში, ლისაბონის ბენფიკას წინააღმდეგ ცხოვრებაძემ 2 დარტყმიდან 1 გოლი გაიტანა მარჯვენა ინსაიდის პოზიციიდან, ხოლო ფინალში ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის გამარჯვებულმა 27-25 დაამარცხა ლიგის მუდმივი მონაწილე, უნგრეთის სეგედი.

მონპელიე, ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის გამარჯვებული, საფრანგეთის შარშანდელ ჩემპიონატში მხოლოდ პარი სენ-ჟერმენს ჩამორჩა და ლიგის საგზური კვლავ მოიპოვა. ახალი სეზონის გათამაშებას კლუბი 14 სექტემბერს იწყებს მოქმედ ჩემპიონთან, სკოპიეს ვარდართან საშინაო მატჩით. საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონი, „ლიდლ სტარლიგა“ 4 სექტემბერს იხსნება. პირველ ტურში მონპელიე კრეტეის მასპინძლობს.

ხელბურთი. ოთხთა ტურნირი სტრასბურში, 24-25 აგვისტო

ნახევარფინალი. მონპელიე – ბენფიკა 32-25

მნპ: სეგო 6/16, პორტნერი 4/19 – დესკა 7/7, რიშარსონი 5/4, ვილმინო 6/3, გრები 4/3, აფგური 3/3, სუსი 4/3, ბოსი 4/3, დუარტე 6/2, სიმონეტი 2/1, პეტერსონი 2/1, ცხოვრებაძე 2/1, ლენი 2/1, პორტი, ტრუხანოვიჩუსი

ფინალი. მონპელიე – სეგედი 27-25

მნპ: სეგო 9/34, პორტნერი – აფგური 5/5, დესკა 6/5, პორტი 9/4, რიშარსონი 7/3, სუსი 6/3, ლენი 5/2, დუარტე 5/1, ვილმინო 2/1, სიმონეტი 2/1, გრები 2/1, პეტერსონი 1/1, ცხოვრებაძე, ბოსი, ტრუხანოვიჩუსი

Leave a Reply