ცხოვრებაძის ორი ინდივიდუალური ჯილდო

ხელბურთის ჩვიდმეტწლამდელ ჭაბუკთა ნაკრებმა შვედეთში, ევროპის ღია პირველობაზე მე-14 ადგილი დაიკავა, გუნდის ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ კი ორი ინდივიდუალური პრიზი მიიღო: დასახელდა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მარჯვენა შუამარბის პოზიციაზე და 7 მატჩში გატანილი 73 გოლით საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. 

ბომბარდირთა სიაში 54 გოლით მეოთხე იყო ხაზის მოთამაშე გიორგი ლაპიაშვილი, 20 გოლი გაიტანა გიორგი ხელაძემ. გუნდს აკლდა ძირითადი გამთამაშებელი ნიკოლოზ კალანდაძე, რომელმაც მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ამ ტურნირზე მხოლოდ შვიდმეტრიანებს ურტყამდა.

ამ ნაკრებისთვის ეს პირველი უცხოური ტურნირი იყო. ევროპის ღია პირველობა გახლავთ მსოფლიოში უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის ნაწილი. შვედეთის ქალაქ გოტენბურგში ყოველწლიურად ათასზე მეტი გუნდი იკრიბება და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ეჯიბრება ერთმანეთს. აქედან ერთადერთი ტურნირია ნაკრებების დონეზე – წლეულს ეს იყო 17-წლამდელ ჭაბუკთა შეჯიბრება, რომელსაც ევროპის ღია პირველობა ეწოდება და ევროპის არაოფიციალური ჩემპიონატია ამ ასაკობრივ კატეგორიაში. საქართველოს ამ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაში უკვე გაისად მოუწევს 18-წლამდელთა შორის. ტურნირი საქართველოში გაიმართება 2018 წლის აგვისტოში. ამ გუნდის ორი ლიდერი, ცხოვრებაძე და ლაპიაშვილი თბილისში ჩამოსვლისთანავე შეუერთდება 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც აგვისტოში მსოფლიო ჩემპიონატი აქვს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში.

გოტენბურგში, პირველ ეტაპზე, ჩვენი გუნდი მძიმე ჯგუფში მოხვდა, რაც საბოლოო შედეგებმაც დაადასტურა – ჩვენი ოთხეულიდან ორმა გუნდმა გააღწია ნახევარფინალში, საბოლოოდ კი ავსტრიამ მეორე ადგილი დაიკავა, ნორვეგიამ – მეოთხე. ამ ორი გუნდის გარდა წავაგეთ რუმინეთთან, მეორე ეტაპზე დავამარცხეთ ფინეთი, ფრედ ვეთამაშეთ სლოვაკეთს და წავაგეთ ჰოლანდიასთან. მე-14 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები დამარცხდა ლუქსემბურგთან – 28-32.

ხელბურთი. ევროპის ღია პირველობა, კაცები, 17წ3-7 ივლისი, 2017, გოტენბურგიშვედეთი

7 ივლისი – ფინალები

15-16 ადგილები. ფინეთი-ფარერები 27-25

13-14 ადგილები. ლუქსემბურგი-საქართველო 32-28

ლუქ: ჩოვ ვინი, ჰადროვიჩი – მიტრეა 8, ვერდელი 7, იაკობი 6, გუდენი 5, ეტუტე 2, კაისენი 1, რასტოდერი 1, შნაიდერი 1, შუსტერი 1,  ფერეირა, ჰოძიჩი, კრაკი, მაიერუში, მიულერი

საქ: დიხამინჯია, სილაგაძე – ცხოვრებაძე 11, ლაპიაშვილი 8, ხელაძე 3, ნიაზაშვილი 3, კაჭკაჭაშვილი 1, ქათამაძე 1, კუხალაშვილი 1, კახოშვილი, კალანდაძე, გავაშელიშვილი, გველესიანი, ჟვანია

მსაჯები: ძოლიჩი, სარაცი (ხოს)

11-12 ადგილები.  რუმინეთი-სლოვაკეთი 40-26

9-10 ადგილები. ბელარუსი-ჰოლანდია 23-22

7-8  ადგილები. პოლონეთი-ჩეხეთი  25-24

5-6 ადგილები. ესტონეთი-ისრაელი 35-31

3-4 ადგილები. ისლანდია-ნორვეგია 31-25

1-2 ადგილები. შვედეთი-ავსტრია 34-22

ბომბარდირები: ცხოვრებაძე, საქ 73 – ლუმბროსო, ისრ 62 – ვერსტაინენი, ჰოლ 56 – ლაპიაშვილი, საქ 54 – ჰალბეკი, შვდ 49 – 49. ხელაძე, საქ 20

საუკეთესო მოთამაშეები: GK ბერგსჰოლმი, ნორ – LW  ტობარი, ისლ – LB ჰუტეჩეკი, ავს – CB  ჰალბეკი, შვდ – P კოუ, ჰოლ – RB ცხოვრებაძე, საქ – RW მიზერა, ჩეხ – ბომბარდირი ცხოვრებაძე, საქ 73 – დამცველი პალმი, შვდ – MVP ლუმბროსო, ისრ

საქართველოს 17წ ნაკრები

მეკარეები: 16. იური სილაგაძე (წყალტუბო) 12. ირაკლი დიხამინჯია (პეგასი)- მოთამაშეები: 11. გიორგი ცხოვრებაძე 3. გიორგი ლაპიაშვილი 19. გიორგი კუხალაშვილი 9. გიორგი ქათამაძე, 25. ლუკა კახოშვილი 33. გიორგი კაჭკაჭაშვილი 10. ნიკოლოზ კალანდაძე (პეგასი) 7. გიორგი ხელაძე 15. მიხეილ გველესიანი (წყალტუბო) 23. დავით ნიაზაშვილი (გორი) 24. მირიან გავაშელიშვილი (რუსთავი)  13. ნიკოლოზ ჟვანია (ფოთი) – მწვრთნელები: ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე, ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი

Leave a Reply